ტურინის "იუვენტუსი" ახალ ისტორიას წერს

AutoSharing Option
ვერ ვიტყვით, რომ XX ტურის შემდეგ სერია A-ში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა და გამწვავდა... უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, სატურნირო ცხრილში, კერძოდ კი მის ზედა ნაწილში გარკვეული კონტურები გამოიკვეთა და რამდენიმე კითხვას გაეცა პასუხი. სანამ ტურის სტატისტიკურ შეჯამებაზე გადავალთ, იქამდე სწორედ ახალ რეალობაზე და მის კონტურებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ინტერი: მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგა
"ინტერმა" მიჯრით მოიგო შეხვედრები და ჯერ სატურნირო ცხრილის ფსკერიდან ამოძვრა, შემდეგ ზედა ნაწილში აინაცვლა და ბოლოს, თითქოს სკუდეტოსაც დაუმიზნა. დიახ, თითქოს, რადგან "ლეჩესთან" განცდილმა მარცხმა, მილანელთა ამბიციას უფრო
ილუზიური ხასიათი მისცა. კი ბატონო, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ მხოლოდ თეორიულად.

"ინტერს" წაგებათა გრაფაში უკვე 7 უწერია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილანურმა გრანდმა საბოლოოდ დაკარგა სკუდეტოს მოპოვების შანსი. დიახ, 7 მარცხით სერია A-ში პირველი ადგილის დაკავება წარმოუდგენელია, ბოლო წლებში ეს არ მომხდარა და ამ ტურნირის სპეციპიკიდან გამომდინარე, ალბათ კიდევ კაი ხანი არ მოხდება. მილანური გრანდის პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება და თუ ჩემპიონატის საწყის ტურებს გავიხსნებთ, კლაუდიო რანიერის გუნდისთვის ეს არც თუ ურიგო პერსპექტივაა.

ჩემპიონი: იუვენტუსი, ან მილანი
"ინტერი" "ლეჩესთან" დამარცხდა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრაქტიკულად გამოეთიშა სკუდეტოსთვის ბრძოლას. "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "უდინეზე" დაამარცხა და ამით, ფრიულელებიც გვარიანად ჩამორჩნენ ტურინულ და მილანურ გრანდებს. ასეც რომ არ იყოს, "უდინეზესთვის" მაინც ადრეა ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ვგონებთ, ამ გუნდს საამისო არც შემადგენლობა ჰყავს და შესაბამისად, არც პოტენციალი. ერთი სიტყვით, გამოდის, რომ დიდი ალბათობით, სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს: "იუვენტუსი" და "მილანი".

ბრძოლა რომ ძალიან საინტერესო იქნება, ეს ცხადზე ცხადია - "იუვენტუსს" უფრო იოლი კალენდარი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ყველა გრანდს, უფრო სწორად მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს, სახლში ხვდება; მაშინ, როდესაც "მილანს" ძლიერ გუნდებთან გასვლაზე უწევს დაპირისპირება.

სამაგიეროდ, უშუალოდ ამ ორ გუნდს შორის დაგეგმილი პაექრობა სწორედაც რომ "სან სიროზე" გაიმართება და ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც "ვეკია სენიორა" გრანდს გასვლაზე ეთამაშება, "მილანი" კი ძლიერ მეტოქეს სახლში მიიღებს. თუ ზემოთთქმულიდან აზრი ვერ გამოიტანეთ, არ ინერვიულოთ, რადგან ერთი და ყველაზე მთავარი მარტივად გასაგებია: სკუდეტოსთვის ბრძოლა ყველა პროგნოზით ძალიან საინტერესო იქნება.

ნაპოლი: აღარც სკუდეტო, აღარც ლიგა
"ნაპოლის" საქმეები კი ძალიან ცუდად მისდის - სამხრეთელებმა კიდევ ერთი მატჩი წააგეს და გვარიანად ჩამორჩნენ ლიდერთა კოჰორტას. ერთი ფეხის დაცდენა და ვალტერ მაძარის გუნდი შეიძლება ცხრილის ქვედა ნაწილშიც კი აღმოჩნდეს, რაც ამ კლუბის ამბიციური პრეზიდენტის გეგმებში რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ ჩაჯდება.

რა ხდება ნეაპოლელთა თავს? - როდესაც ჩემპიონთა ლიგაში ზამთრის შესვენება გამოცხადდა, მაძარიმ შვებით ამოისუნთქა და განაცხადა, დროა სერია A-ს მივხედოთ და მდგომარეობა გამოვასწოროთო. რეალურად კი მოხდა საპირისპირო: თუ კი ახალ წლამდე სამხრეთელები ასე თუ ისე ახერხებდნენ ჩემპიონთა ლიგის ზონის სიახლოვეს ყოფნას, დღეს კიდევ უფრო უკან არიან და რაც მთავარია, რეგრესს ბოლო არ უჩანს. "ნაპოლის" კრიზისის ანალიზი დღევანდელ ჩვენ თემას სცილდება - მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვთქვათ: მაძარის გუნდი არა თუ სკუდეტოსთვის, დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლასაც გამოეთიშა.

სატრანსფერო სიახლეები
აქვე, ორიოდე სიტყვით კალჩოს ბოლო სატრანსფერო სიახლეებზე ვთქვათ. მართალია, განსაკუთრებულად საინტერესო არაფერი მომხდარა, მაგრამ სათქმელი მაინც გვაქვს... მაგალითად ის, რომ ლუკა ტონიმ როგორც იქნა დატოვა ტურინის "იუვენტუსი" და კარიერას არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გააგრძელებს. 34 წლის ფორვარდი ქვეყნის ერთ-ერთი გრანდის, "ალ ნასრის" ღირსებას დაიცავს, რომელსაც მისი თანამემამულე ვალტერ ძენგა უდგას სათავეში.

ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება "ლაციოსთან" დაკავშირებით, რომლის მესვეურებსაც ფილიპო ინძაგის გადაბირება სურთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს - "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, რომაული კლუბის მესვეურები 38 წლის ფორვარდის სანაცვლოდ "მილანს" არაფერს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადნახევრიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არაფერს შეიძლება საკმაოდ დიდი ფასი დაედოს, რადგან მაქსი ლოპესის ტრანსფერის შემდეგ, ლომბარდიულ გრანდში პიპოს ყოფნა მხოლოდ ზარალია, რაც მის წლიურ გასამრჯელოში გამოიხატება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი, "მილანი" კი სავარაუდოდ ვეტერანს არ დააბრკოლებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით კი პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ინტერში" გააგრძელებს კარიერას "პორტუს" კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი. ხელშეკრულება საიჯარო იქნება, თუმცა თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ავტომატურად გახანგრძლივდება. საწყის ეტაპზე, "ინტერი" 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის და თუ კონტრაქტი გახანგრძლივდა, პორტუგალიური გრანდის ბიუჯეტი კიდევ 11 მილიონით გაიზრდება. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ახალ გუნდში ფრედი გუარინი.

სამწვრთნელო ცვლილება
როგორც მოსალოდნელი იყო, "ნოვარას" მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ატილიო ტესერი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, გუნდი ემილიანო მონდონიკოს ჩააბარეს. 64 წლის სპეციალისტი ბოლოს "ალბინოლეფეს" ედგა სათავეში და ეს გუნდი გასული წლის ზაფხულში დატოვა. იქამდე "ტრევიზოს", "კოზენცას", "კრემონეზეს", "კომოს", "ატალანტას", "ტორინოს", "ნაპოლის" და "ფიორენტინას" ედგა სათავეში. განსაკუთრებული წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ვნახოთ, იქნებ "ნოვარაში" გამოიდოს თავი და გუნდი სერია B-ში დაქვეითებისგან იხსნას.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ბენასი (ლეჩე) - კუადრადო (ლეჩე), ბარცალი (იუვენტუსი), ბიავა (ლაციო), მოდესტო (პარმა) - ლულიჩი (ლაციო), ბიონდინი (ჯენოა), ვან ბომელი (მილანი) - პალასიო (ჯენოა), მატრი (იუვენტუსი), ბუდანი (პალერმო).

ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი გამოკვეთილი ფორვარდია, რომელთა ანგარიშზე ერთობლოვად ექვსი გატანილი გოლია. როდრიგო პალასიომ "ნაპოლისთან" შეასრულა დუბლი და გენუურ გუნდს ასე ნანატრი გამარჯვება მოუტანა. დიახ, ნანატრი, რადგან "ჯენოამ" პირველ, გადადებულ ტურში "ნაპოლისთან" სასტიკი მარცხი იწვნია და სარევანშოდ ჰქონდა საქმე. იგორ ბუდანმა "ნოვარასთან" გაიბრწყინა და "პალერმოს" მიერ გატანილი ორივე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. რაც შეეხება ალესანდრო მატრის, ის სულაც ტურის გმირია და შესაბამისად, მასზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ნახევარმცველებსა და მცველებზე დიდხანს არ შევჩერდებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ანდრეა ბარცალიმ. "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი მთელ სეზონს ფანტასტიკურად ატარებს და ამიტომაა, რომ ხშირად ხვდება რჩეულთა შორის. კარში "ლეჩეს" კიპერი ბენასი დგას, რომელმაც "ინტერთან" პაექრობაში სასწაულები აკეთა.

ტურის გმირი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურის გმირი "იუვენტუსის" თავდამსხმელი ალესანდრო მატრი გახლავთ. გაიტანო ორი გოლი ცენტრალურ პაერობაში და ამით შენ გუნდს მოაგებინო, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საუკეთესოობაზე გქონდეს ამბიცია. ვერ გეტყვით, რა ამბიციები აქვს მატრის, მაგრამ ფაქტია, რომ XX ტურში ყველაზე მეტად სწორედ ის გამოირჩა. ნამატჩევს, ალესანდრომ გულშემატკივრებს გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა და დასძინა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე "იუვენტუსი" ამხელა წაუგებელ სერიას ვერ გამოაცხობდა - სერია კი მართლაც შთაბეჭდავია, საუკეთესო გუნდის უმდიდრეს ისტორიაში (!!!)... თუმცა, ყველანაირ სტატისტიკაზე ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.

ტურის ფრაზა
კრისტიანო დონი (ატალანტას დისკვალიფიცირებული კაპიტანი): "ნამდვილი იდიოტი ვარ, მაგრამ არა გამყიდველი... როდესაც სერია B-დან გავვარდით, ნერვიულობით ღამეებს ვათენებდი. ერთადერთი მიზანი მქონდა, დავბრუნებულიყავით ელიტაში და ამიტომ, თუ რაიმე ამ მიზნის მიღწევას უწყობდა ხელს, ყველაფერზე ხელს ვაწერდი. შესაბამისად, წინააღმდეგი არ წავსულვარ, როდესაც მითხრეს, რომ ბერგამოში "პიაჩენცა" წასაგებად მოდიოდა. დიახ, მე ნამდვილი იდიოტი ვარ, მაგრამ არა გამყიდველი".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური, მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII ტური კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII), კიევო-ლაციო 0:3 (XX).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური).

სერიები
მოგება: იუვენტუსი, მილანი, პალერმო - 3 თამაში
წაგება: ნოვარა - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 20
მოუგებლად: ნოვარა - 8

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 43 გოლი - მილანი; 36 - ნაპოლი; 33 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 13 გაშვებული - იუვენტუსი; 16 - უდინეზე; 17 - ფიორენტინა, მილანი.
უარესი თავდასხმა: 13 გოლი - ჩეზენა; 16 - კიევო, კალიარი.
უარესი დაცვა: 40 გაშვებული - ნოვარა; 36 - ლეჩე, ჯენოა.
ზუსტი გადაცემები: 11180 - მილანი; 10604 - იუვენტუსი; 10435 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 355 - იუვენტუსი; 322 - რომა; 310 - ინტერი.
კარში დარტმები: 128 - იუვენტუსი; 112 - მილანი; 103 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 14 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 12 - ხერმან დენისი (ატალანტა), ედინსონ კავანი (ნაპოლი), მიროსლავ კლოზე (ლაციო); 11 - როდრიგო პალასიო (ჯენოა).

ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი), პაბლო არმერო (უდინეზე), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
1510 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1359 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1256 - დანიელე დე როსი (რომა); 1206 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1129 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 1122 - ტიაგო სილვა (მილანი); 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა).

კარის მიმართულებით დარტყმები
90 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 75 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 72 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 68 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 61 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 59 - ედინსონ კავანი (ნაპოლი).

კარში დარტყმები
37 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 30 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 27 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 26 - ხერმან დენისი (ატალანტა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 22 - ადრიან მუტუ (ჩეზენა), მიროსლავ კლოზე (ლაციო); 19 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 17 - მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
52 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 50 - ხერმან დენისი (ატალანტა); 49 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 48 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 47 - მაქსი ლოპესი (კატანია), ჯამპიერო პინცი (უდინეზე), სტეფანო მორონე (პარმა).

ციფრები და ფაქტები
- "ლეჩემ" პირველად მოიგო მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე და ამასთან, კარი მშრალად შეინახა;

- "ინტერმა" პირველად წააგო "ლეჩესთან" გასვლითი შეხვედრა 2004 წლის მაისის შემდეგ;

- "იუვენტუსმა" წაუგებელ მატჩთა სერია 20-მდე გაზარდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია "იუვენტუსის" ისტორიაში;

- მასიმო ამბროზინიმ პირველი გოლი გაიტანა სეზონში, რითაც 450-ე მატჩი აღნიშნა "მილანის" შემადგენლობაში;

- "სიენას" ჯერ კიდევ არ მოუგია არც ერთი გასვლითი შეხვედრა მიმდინარე სეზონში;

- "სიენას" თავდამსხმელმა ემანუელე კალაიომ პირადი რეკორდი გააუმჯობესა სეზონის მასშტაბით, გაიტანა რა მე-9 გოლი;

- "ჩეზენას" მეკარე ფრანჩესკო ანტონიოლიმ მე-400 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;

- "ჯენოამ" მიჯრით მესამე საშინაო მატჩი მოიგო;

- "ჯენოას" თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ პირადი რეკორდი გააუმჯობესა სეზონის მასშტაბით, გაიტანა რა მე-11 გოლი;

- "პალერმომ" პირველად მოიგო მიჯრით ორი შეხვედრა 2010 წლის მაისის შემდეგ;

- "ნოვარას" ჯერ არც ერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია მიმდინარე სეზონში;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 20 12 8 0 33-13 44
2. მილანი 20 13 4 3 43-17 43
3. უდინეზე 20 11 5 4 29-16 38
4. ლაციო 20 10 6 4 30-19 36
5. ინტერი 20 11 2 7 30-21 35
6. რომა 19 9 4 6 29-21 31
7. ნაპოლი 20 7 8 5 36-24 29
8. პალერმო 20 8 3 9 26-27 27
9. ჯენოა 20 8 3 9 28-36 27
10. ფიორენტინა 20 6 7 7 20-17 25
11. პარმა 20 6 6 8 25-33 24
12. კიევო 20 6 6 8 16-25 24
13. კალიარი 20 5 8 7 16-21 23
14. კატანია 19 5 8 6 22-28 23
15. ატალანტა 20 7 8 5 24-25 23
16. ბოლონია 20 5 6 9 18-26 21
17. სიენა 20 4 7 9 21-22 19
18. ლეჩე 20 4 4 12 21-36 16
19. ჩეზენა 20 4 3 13 13-31 15
20. ნოვარა 20 2 6 12 18-40 12

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური
31 იანვარი: პარმა-იუვენტუსი; 1 თებერვალი: ატალანტა-ჯენოა, სიენა-კატანია, ნაპოლი-ჩეზენა, ბოლონია-ფიორენტინა, უდინეზე-ლეჩე, ლაციო-მილანი, ინტერი-პალერმო, კალიარი-რომა; 2 თებერვალი: ნოვარა-კიევო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული