იტალიური ტრანსფერები

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რამდენიმე საინტერესო გარიგება შედგა, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

თუმცა, იქამდე კიდევ ერთხელ ვთქვათ კარლოს ტევესის "მილანში" არშემდგარ ტრანსფერზე, რომელზეც აპენინური სპორტული პრესა მთელი თვის განმავლობაში საუბრობდა.

ეს ხმები მას შემდეგაც არ შემწყდარა, რაც "როსონერიში" 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი გადაბარგდა. თუმცა, გუშინ საბოლოოდ გაცხადდა, რომ ტევესი ამ ეტაპზე შავ-წითელ მაისურს ვერ მოირგებს. სამაგიეროდ, "მილანს" სხვა ფეხბურთელი დაემატა და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ...

მუნტარი მილანში
აი ამას კი ცოტა თუ წარმოიდგენდა - "ინტერის" საყრდენი ნახევარმცველი
სალი მუნტარი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "მილანის" ღირსებას დაიცავს.

განელი რომ კლაუდიო რანიერის გეგმებში არ ჯდება, კარგა ხნის ამბავია და დიდი ხანი მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ სხვა გუნდში უნდა გადაბარგებულიყო. თუმცა, პრესაში არც ერთხელ არ გავრცელებულა ცნობა მისი "როსონერიში" შესაძლო გადასვლის თაობაზე. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ხელშეკრულება საიჯარო იქნება - როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, გამოსყიდვის პერსპექტივით.

ინძაგი სიენაში
გუშინ გვიანობამდე წყდებოდა ფილიპო ინძაგის "სიენაში" გადაბარგების ამბავი - სულ ბოლო ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და 38 წლის ფორვარდი სწორედ ტოსკანური კლუბის ღირსებას დაიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

თუმცა, თუ იგივე "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, იტალიური და ევროპული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა "სიენასთან" მხოლოდ ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რათა საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს და შემდეგ, ისეთ გუნდში გადაბარგდეს, რომელიც მომდევნო სეზონში ევროტურნირზე იასპარეზებს.

პაციენცა უდინეზეში
გასულ ზაფხულს, "იუვენტუსის" მესვეურებმა მიკელე პაციენცა "ნაპოლიდან" დიდი ზარზეიმით გადაიბირეს, გუშინ კი იჯარის წესით "უდინეზეში" გაუშვეს. ფრიულელებს ნახევარდაცვის გაძლიერება სურდათ და რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებდნენ მოლაპარეაკებებს, თუმცა თუ ასეთ მსუყე ლუკმას გამოკრავდნენ ხელს, ნაკლებად სავარაუდო იყო. პაციენცა "ნაპოლიში" შესანიშნავად ასპარეზობდა და თუ "უდინეზეშიც" ბოლომდე გაიხსნა, მაშინ უდინეური გუნდის ისედაც მძლავრი შუა ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდება.

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, პაციენცა ტურინელებმა იჯარის წესით გაუშვეს და ზაფხულში მას "იუვენტუსში" მოუწევს დაბრუნება. ანუ, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მოიჯარე გუნდი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას იტოვებს. ვნახოთ, ზაფხულამდე დიდი დროა და შესაძლოა, ტურინელებმა დაუტოვონ კიდეც მიკელე ფრიულელებს.

პადოინი იუვეში
ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები მთელი თვის განმავლობაში ცდილობდნენ "კალიარიდან" რაჯა ნაინგოლანის გადაბირებას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. არადა, რა აღარ სცადეს "იუვეს" მესვეურებმა, 15 მილიონ ევროსაც კი სთავაზობდნენ სარდინიელებს, მაგრამ მათი ყველა წინადადება უარით გაისტუმრეს.

როგორც ჩანს, ტურინელებს ძალიან უნდოდათ ნახევარმცველის დამატება და ბოლოს, სიმონე პადოინი გადაიბირეს. 27 წლის შუახაზელი ბერგამოს "ატალანტას" ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. მასში ტურინელებმა 5 მილიონი ევრო გადაიხადეს და ამდენივე-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. ვნახოთ, მიეცემა თუ არა პადოინს ახალი გუნდის შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული