"ჯალოროსი" ახალ ეტაპზე

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი "რომაა", რომელსაც იტალიაში უკვე შეარქვეს "გუნდი გამოცანა".

ეს ალბათ დროებითი ამბავია და ნელნელა ყველაფერი დალაგდება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ სეზონში "ჯალოროსის" თამაშების პროგნოზირება ყველაზე რთული საქმეა.

იყო შეხვედრები, რომლებიც ლუის ენრიკეს გუნდმა საოცრად ჩაატარა - თითქოს ნათლად დავინახეთ, რომ გუნდი სწორად ვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ მაშინ აქვს "რომას" ჩავარდნები, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდებით. თუნდაც XX ტური ავიღოთ, როდესაც "ჯალოროსიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, მეტოქეს ქულა დაუთმო. სწორედ ამ საკითხზე
ესაუბრა "გაძეტა დელო სპორტის" ლუის ენრიკეს, რომელმაც ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ იტალიაში მუშაობა ასეთი რთული იქნებოდა. აბსოლუტურად ყველა გუნდი ტაქტიკურად იდეალურად არის განსწავლული და თუ ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ, აუცილებლად დაისჯები.

ახალ გუნდს ვაკეთებთ, ამ პროცესს კი ბევრი ექსპერიმენტი ახლავს თან - მაგალითად, ესპანეთში ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ბევრად უმტკივნეულო იქნებოდა, იტალიაში კი თითოეული ირაციონალური გადაწყვეტილება შეიძლება მარცხის ფასად დაგიჯდეს.

ამიტომ, "რომა" ხშირად იწვევს გულშემატკივართა გაკვირვებას და პროგნოზებს ნაკლებად ექვემდებარება. თუმცა, ისიც უნდა განვაცხადო, რომ ექსპერიმენტების ეტაპი პრაქტიკულად უკან მოვიტოვეთ და დადგა ის დრო, როდესაც გუნდი შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

შესაბამისი ცვლილებები მოხდა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში და სეზონის მეორე ეტაპზე, განსხვავებულ "რომას" იხილავთ. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ შემტევ ფეხბურთზე უარს ვიტყვით - არამც და არამც, ისევ შევუტევთ და ჩვენი თამაშისგან გულშემატკივარი ისევ მიიღებს სიამოვნებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული