სერია A: თოვლიანი თრილერის გამოძახილი

AutoSharing Option
XXI ტურის გამართული შეხვედრებიდან ორი უხვგოლიანი გამოვიდა: სარდინიაზე "კალიარიმ" "რომა" დაიბრიყვა და მეტოქის ორ გოლს ოთხით უპასუხა, მილანში კი "ჯუზეპე მეაცაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა რვა გატანილი გოლი იხილეს, ოთხი "პალერმოს", ოთხიც "ინტერის" კარში.

თანაც, მილანური მატჩი თოვლში გაიმართა, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, რამაც ფეხბურთელთა ფეერიულ გარჯას მეტი ფასი დაადო.

ნამატჩევს, კლაუდიო რანიერი ემოციებში იყო და თითქოს დაკარგულ ქულებზე დიდად არც ნერვიულობდა:

"დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ისეთი მატჩი ვნახე, სიმართლე გითხრათ, ამ წუთამდე ეიფორიაში ვარ. ეს იყო სპეკტაკლი, რომელიც ორი ძალიან კარგი
გუნდის მონაწილეობით ვიხილეთ. დიეგო მილიტოზე დამწყდა გული, იშვიათად ხდება მოთამაშემ პოკერი შეასრულოს და ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდეს. დაცვაში ვერ ვივარგეთ და ამაზე სამუშაო გვაქვს, თუმცა დღეს ნუ დავწვრილმანდებით, ყველამ ერთად ფანტასტიკური თამაში ვიხილეთ".

დიეგო მილიტოსთან ერთად, შეხვედრის გმირი უდავოდ ფაბრიციო მიკოლი გახლდათ - ალბათ უფრო მაგარი გმირიც, რადგან ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, შედეგით სწორედაც რომ სიცილიელებმა გაიხარეს. მოვუსმინოთ მიკოლის:

"ისეთი მატჩი იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი დადეს მოედანზე და მომცეს საშუალება, რომ ჰეთთრიკი შემესრულებინა. ბოლო დროს, "პალერმო" აღმავლობის გზას დაადგა და ეს მატჩი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ".

ორიოდე სიტყვა "რომას" სარდინიულ ფიასკოზეც უნდა ვთქვათ - ლუის ენრიკეს გუნდი "კალიარის" ესტუმრა და ყველა კომპონენტში დაიჩაგრა. ბოლოს, სწორედ ესპანელ სპეციალისტს მოვუსმინოთ, რომელმაც შეგირდები მკაცრად გააკრიტიკა: "როდესაც ბოლომდე არ იხარჯები, არ უნდა გიკვირდეს, რომ მეტოქე ასე იოლად გამარცხებს.

დიახ, ჩვენ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ "კალიარის" და სრულიად დამსახურებულად დავმარცხდით. სათქმელი არაფერი მაქვს, ჩვენ მხოლოდ 20 წუთი ვითათამაშეთ ფეხბურთი, დარჩენილი დროის განმავლობაში კი საცოდავად გამოვიყურებოდით. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ფეხბურთელებთან სერიოზულად მმართებს დალაპარაკება. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული