ახალი თაობის მწვრთნელებს შორის ის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და შედეგებიც შესაბამისი აქვს. მართალია, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ნეაპოლელები ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ ბოლო წლების მოვლენებს, სამხრეთელები გიგანტური ნაბიჯებით მიიწევენ წინ. იტალიურ პრესაში მაძარის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
- ამბობენ, რომ ცრუმორწმუნე ხართ, რაც ნეაპოლელებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. როგორც ჩანს, ნეაპოლელებმა ტოსკანელ მაძარიზე დიდი გავლენა მოახდინეს.
- მთავარია, რომ
- ცნობილია ისიც, რომ ხმამაღლა ფიქრი გახასიათებთ და ხშირად, საკუთარ თავს ელაპარაკებით. ამასთან, ისეთი ფრაზა შეიძლება წამოგცდეთ, რომლითაც ვინმეს გაანაწყენებთ.
- დიახ, ესეც მართალია... დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, მკითხველი გიჟად არ ჩამთვლის. ასეთი ვარ და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შევიცვალო. სწორედ ასე გამომდის ეფექტურად საქმის კეთება და შესაბამისად, თავს არ ვიზღუდავ. შეგირდებმაც კარგად იციან ეს ყველაფერი და თუ ფიქრში ვინმეზე ცუდი წამომცდა, ამას ყურადღებას არ აქცევენ. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და ვიცი, რომ მათთან სერიოზული პრობლემა არასდროს შემექმნება.
- "ნაპოლიში" 1998/1999 წლების სეზონში რენცო ულივიერის თანაშემწედ მუშაობდით, რა შეიცვალა მას შემდეგ კლუბში?
- მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და რა გასაკვირია, რომ პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა. მაშინ კლუბი კრიზისში იყო და სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა, დღეს კი წინ მივდივართ და დიდი გეგმები გვაქვს. საერთოდ, მას შემდეგ ფეხბურთიც კი ძალიან შეიცვალა, ბევრად უფრო სწრაფი გახდა და ჩემი აზრით, კიდევ უფრო საინტერესო.
- "ნაპოლი" მერვე გუნდია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში და ალბათ ყველაზე ძლიერი.
- რა თქმა უნდა, "ნაპოლი" ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც გამიწვრთნია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ შესაძლებლობები ჯერ სრულად არ გვიჩვენებია და პროგრესს განვაგრძობთ. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს არ მაშინებს, უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება.
- თქვენი საბაზო ტაქტიკა 3-4-3-ია, თითქოს შემტევი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "ნაპოლის" ყველაზე სახიფათო იარაღი კონტრშეტევაა. როგორ უთავსებთ ერთმანეთს შემტევ ტაქტიკას და კონტრიერიშებს?
- შემტევი, ან დაცვითი შეიძლება იყოს მხოლოდ სტრატეგია, აი ტაქტიკა კი რთული მექანიზმია და მასზე ასე ორი სიტყვით ვერაფერს ვიტყვით. 3-4-3 ეფექტური სქემაა იმისთვის, რომ მეტოქის იერიში ჩაშალო და მყისვე, შეტევაზე გადახვიდე, ამასთან, კონტრშეტევაში მთელი გუნდი ჩაერთოს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ინოვატორი ვარ და მხოლოდ ერთ სქემას, ერთ სტრატეგიას არ ვეყრდნობი. თითქმის ყველა თამაში ინდივუდუალურია აბსოლუტურად ყველა საკითხში.
- ესეკილ ლავეცი, მარეკ ჰამშიკი, ედინსონ კავანი, გორან პანდევი, ედუარდო ვარგასი; როგორ ახერხებთ, რომ ნაწყენი არც ერთი არ დატოვოთ?
- მაშინ ანტონიო კონტემ რა თქვას, რომელსაც განაცხადში კოლოსალური რაოდენობის თავდამსხმელი ჰყავს? - სინამდვილეში, სრულებით არ ვფიქრობ იმაზე ვინ დარჩება ნაწყენი და გამოვდივარ ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან. იყო გარკვეული პრობლემები გორან პანდევთან, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი დალაგდა. გორანი მიხვდა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ.
- რომელიმე გუნდზე თუ გაქვთ სწორება, მაგალითად "ბარსელონაზე?
- კარგად ვიცი თუ როგორი სათამაშო სტილი მიესადაგება ყველაზე მეტად "ნაპოლის" და ვცდილობ, რომ ამისგან მაქსიმუმი ამოვიღო. "ბარსელონას" მხოლოდ ერთ რამეში ვბაძავ და ეს გამარჯვებულის მენტალიტეტია. კატალონიური გრანდი დღეს ისტორიას წერს და ამ წარმატების მთავარი საწინდარი მაინც ძლიერი მენტალიტეტი მგონია. აი სწორედ ამას ვცდილობ, შეგირდებს საკუთარი თავის რწმენა გავუღვივო.
- რომელი გირჩევნიათ, ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსის" ბარიერი გადალახოთ თუ სერია A-ში მესამე პოზიცია დაიკავოთ?
- თუ მარტო "ჩელსის" ბარიერი უნდა გადავლახოთ და შემდეგ გამოვვარდეთ, მაშინ არჩევანს სამეულზე შევაჩერებდი. ისე კი, რა აზრი აქვს ლიგის საგზურის მოპოვებას, თუკი იქ წარმატებას შენთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, დღეს, როგორც მინიმუმ არანაკლებ მნიშვნელოვანია "ჩელსის" ბარიერის გადალახვა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი მაისში გამოჩნდება, დავსხდებით სეზონის ბოლოს და ყველაფერს გავაანალიზებთ.
- მარჩელო ლიპის თქმით, "ნაპოლი" ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს იტალიაში. რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, სანახაობრივი ფეხბურთი თუ შედეგი?
- მთავარია, დინამიური, ეფექტური ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც გულშემატკივრებს მოეწონებათ და შედეგი თავისთავად მოვა. საერთოდ, მგონია, ერთი მეორეს გარეშე უბრალოდ არ არსებობს. არ შეიძლება, რომ სანახაობრივი ფეხბურთი იყოს წამგებიანი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ლიპის მადლობას ვუხდი ამ სიტყვებისთვის, მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო და ფასეულია.
- როგორ ფიქრობთ, "ნაპოლი" უკვე გამოვიდა დიეგო მარადონას ჩრდილიდან?
- დიეგო მარადონამ "ნაპოლის" ისტორია დაწერა და ნეაპოლში ეს არასდროს დაავიწყდებათ. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ საფეხბურთო ქალაქმა მხოლოდ წარსული მოგონებებით არ იცხოვროს და ვგონებ, ეს ძალიან კარგად გამოგვდის. ნეაპოლში ის ემოცია დაბრუნდა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, ეს კი ყველაზე მეტად მახარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"