იტალიის თასი. 1/2 ფინალი: “მილანი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ

AutoSharing Option
იტალიის თასი. 1/2 ფინალი
დღეს:
მილანი-იუვენტუსი 23.45

ხვალ:
სიენა-ნაპოლი 23.45

“მილანი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ - ეს იტალიური ფეხბურთის კლასიკაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვდებიან, სერია A-ში თუ ნაკლებად პრესტიჟულ იტალიის თასზე…

თუმცა, აშკარად გადავამეტეთ - ლიგის ფინალი რა თქმა უნდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ არც დღეს დაგეგმილი შეხვედრა უნდა იყოს უინტერესო. მით უმეტეს, აპენინური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

“მილანის” ლაზარეთი რომ სავსეა და
მასიმილიანო ალეგრის ბევრი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე უწევს ფონს გასვლა, ეს დიდი ხნის ამბავია. საერია A-ს მომდევნო სამ ტურში “როსონერის” თავკაცი ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც მოისაკლისებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალეგრის შეუძლია შვედი ფორვარდი სწორედ სათასო პაექრობაში დატვირთოს და სულაც არ ინერვიულოს იმაზე, რომ წამყვანი მოთამაშე შეიძლება გადაეღალოს.

იბრას ალბათ რობინიო შეუწყვილდება, ფორვარდთა უკან კი სტეფან ელ შაარავი გაირჯება. დიდია შანსი, მოედანზე გასვლის საშუალება ფილიპო ინძაგისაც მიეცეს, რომელსაც სათასო პაექრობებში უფრო უწევს ასპარეზობა.

რაც შეეხება “იუვენტუსს”, აქედანვე ცნობილია, რომ ალესანდრო დელ პიერო ძირითად შემადგენლობაში იქნება - ეს თვით ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ. იქვე დასძინა, სხვას ვერაფერს გეტყვით და ჯობია თამაშს დაველოდოთო.

იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, ალექსს შეტევაში მარკო ბორიელოსთან და მარსელო ესტიგარიბიასთან ერთად მოუწევს ასპარეზობა - ანუ, ალესანდრო მატრის დასვენების საშუალება მიეცემა.

ვნახოთ, კონტეს გადაწყვეტილებები ხშირად არ ექვემდებარება პროგნოზებს და დიდად არც ღირს მარჩიელობა - წინ კი მართლაც დიდი მატჩია და მერე რა, რომ “მილანი” და “იუვენტუსის” ერთმანეთს მხოლოდ იტალიის თასს ეცილებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული