ჩეზარე პრანდელი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი

AutoSharing Option
იტალიელ ჟურნალისტებთან ურთიერთობა იოლი საქმე არ არის, მაგრამ ჩეზარე პრანდელის ეს საქმე ყოველთვის კარგად გამოსდიოდა.

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხშირად ურთიერთობს მედიასთან და არც ინტერვიუების დარიგებაზე ამბობს უარს.

ამჯერად, პრანდელი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ გამოცემას, Seccolo XIX-ს ესაუბრა და არაერთ აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება - იქიდან 3 ყველაზე საინტერესო თემაზე ქვემოთ თავად პრანდელი მოგითხრობთ...

კასანო-როსი
შეიძლება ვინმემ გამოუსწორებელ ოპტიმისტად ჩამთვალოს, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ანტონიო კასანო და ჯუზეპე როსი ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებენ. ეს არის ტანდემი, რომლის ხილვაც უკრაინა-პოლონეთის
მოედნებზე მსურს და იმედია, ეს ასეც იქნება.

ექიმებს ველაპარაკე და მათგან დაიმედებული ვარ - როსი აპრილის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს მოედანს, კასანო კი შესაძლოა მაისში სრულიად ჯანმრთელი იყოს.

გასაგებია, რომ იმ დროს სეზონის ფინიში იქნება, მაგრამ როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებზე გვაქვს საუბარი, საკითხს ცოტა ირაციონალურად უნდა მივუდგეთ. ვნახოთ, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ანტონიო კასანო და ჯუზეპე როსი ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ თუ ამის საშუალება მომეცა, არც ერთს არ დავტოვებ განაცხადს მიღმა.

ევროპის ჩემპიონატი
ჩემი პირადი აზრით, წინ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველოდება, რომელიც გულშემატკივარს დიდხანს დაამახსოვრდება. ამაში მაშინვე დავრწმუნდი, როდესაც ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდებს კიდევ ერთხელ, უფრო დაკვირვებით გადავხედე.

ევროპირველობას ორი ფავორიტი ჰყავს: ერთი ესპანეთია, მეორე კი გერმანია. პირენეელები უკვე წლებია სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობენ და ვფიქრობ, პოზიციებს კიდევ დიდხანს არ დათმობენ. ესპანელთა წარმატების მთავარი ფორმულა იმაში მდგომარეობს, რომ ამ გუნდის თამაში თითქოს ქვეყნის კულტურის, გენეტიკის ამოძახილია. ამას დავუმატოთ უნიჭიერესი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეს სახით და ნათელია, რომ ესპანეთი კვლავაც ფავორიტი იქნება.

რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, ეს გუნდი ყველაზე სწრაფ, მობილურ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს, რასაც ჯერ კიდევ იურგენ კლისმანის დროს ჩაეყარა საფუძველი. იოახიმ ლიოვი შესანიშნავი სპეციალისტია, მან კიდევ უფრო გააახალგაზრდავა გუნდი და შესაბამისად, კიდევ უფრო აასწრაფა.

ესპანელებთან ერთად, გერმანიაც ფავორიტია და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გუნდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ევროპის ჩემპიონატი საფეხბურთო ფილოსოფიების ჭიდილი იქნება, ეს კი ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

ფაბიო კაპელო
კაპელომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა და რადგან ასე მოიქცა, ე.ი. ჰქონდა ამის საბაბი. უმეტესობა ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. რას ვგულისხმობ? - როდესაც წელიწადნახევარზე მეტი გუნდს ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებ და ტურნირის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე თანამდებობას ტოვებ, იქ მხოლოდ კაპიტნის სამკლაურში არ უნდა იყოს საქმე.

ვფიქრობ, კაპელოსა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას შორის ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები იყო და ფაბიოს ალბიონზე აღარ დაედგომებოდა. ვფიქრობ, ამ ყველაფრით ინგლისი უფრო დაზარალდება, რადგან კაპელო თანამედროვეობის უდიდესი სპეციალისტია. დიდი იმედი მაქვს, რომ ფაბიო იტალიაში გააგრძელებს მუშაობას და სერია A-ს რომელიმე გუნდს ჩაუდგება სათავეში - კალჩოს ეს ძალიან წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული