სერია A. კვირის შეჯამება: უკვე ტრადიციული, არასრული ტური

AutoSharing Option
ქვემოთ, სერია A-ს კიდევ ერთი არასრული ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებზე და ფაქტებზე გვექნება საუბარი - იქამდე კი იტალიური ფეხბურთის ყველაზე აქტუალურ თემებს და ორშაბათს გამართულ ორ პაექრობას გადავავლოთ თვალი...

მორატი: ეტო'ო და მოტა თვითონ წავიდნენ

უკვე გაცნობეთ, რომ კლაუდიო რანიერიმ "ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და ამით, თვით მასიმო მორატის გაკრა კბილი. ეს ერთგვარ თავდაცვით ქმედებას ჰყავდა, რადგან ბოლო პერიოდში, რანიერის გათავისუფლებაზე პრესა ძალიან აქტიურად წერდა და წერს კიდეც.

აპენინელი ჟურნალისტები უმალ მორატის შეეხმიანენ და რანიერის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს -
აქვე, "ინტერის" პრეზიდენტის პასუხი:

"კლაუდიოს კარგად ვიცნობ და ვიცი, რატომაც გააკეთა ასეთი კომერნტარი. ამით, მას კლუბის ხელძღვანელობა არ გაუკრიტიკებია, უბრალოდ არსებული ვითარება შეაფასა. ვაღიარებ, რომ სატრანსფერო ბაზარზე მეტი აქტიურობა გვმართებდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ფატალური შეცდომები ნამდვილად არ დაგვიშვია. უბრალოდ, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, ეს კი ყოველთვის მტკივნეულია.

რაც შეეხება გაშვებულ მოთამაშეებს, აქ თავად ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს ყველაფერი. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, აზრს ვერ ვხედავ რომ დარჩენა აიძულო. ასე იყო სამუელ ეტოოსა და ტიაგო მოტას შემთხვევებში - მათ პირადად მითხრეს, რომ სხვა გუნდში გადაბარგება უნდოდათ და მეც გზა დავულოცე. მთავარია, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურებთ".

გირარდიმ დელ პიერო პარმაში მიიპატიჯა
დიდი ხნის წინ ითქვა და შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ალესანდრო დელ პიერო ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს. "ვეკია სენიორას" გულშემატკივრებს ამ ამბის დაჯერება დიდხანს არ სურდათ, მაგრამ როდესაც ამის შესახებ თვით ანდრეა ანიელიმ ისაუბრა, ყველაფერი გაცხადდა.

თუმცა, გავიდა ხანი და დღეს უკვე ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ არ არის გამორიცხული დელ პიერომ "იუვენტუსთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივოს - ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ალექსი კარგად თამაშობს მიმდინარე სეზონში და გუნდს რამდენიმე შეხვედრაში ძალიან გამოადგა.

ტურინული გრანდის მესვეურებს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ და სანამ არ დაადასტურებენ, ალექსისთვის ეს სეზონი ბოლო იქნება "იუვეს" შემადგენლობაში - სამაგიეროდ, პრესასთან კომენტარი "პარმას" პრეზიდენტმა ტომაზო გირარდიმ გააკეთა და დელ პიეროს თავის გუნდში უხმო:

"დიდი იმედი მაქვს, რომ ალესანდრო დელ პიერო არსად არ წავა და მომდევნო სეზონშიც იტალიურ ფეხბურთში დარჩება. თუ "იუვენტუსში" მისი ადგილი არ იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებთ "პარმაში". არ ვიცი რამდენად უნდა ალექსს კარიერის ემილიაში გაგრძელება, მაგრამ თუ ამის სურვილი ექნება, ჩვენი კარი მისთვის ღიაა".

ორშაბათის მატჩები
ნაპოლი-კიევო 2:0
გოლები: 1:0 ბრიტოსი (14), 2:0 კავანი (37-პენ.).

სიენა-რომა 1:0
გოლი: 1:0 კალაიო (51-პენ.).

სერია A-ს XXIII ტურის ორშაბათის შეხვედრების შესახებ აქამდე არაფერი გვითქვამს და ორიოდე სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხოთ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, "ნაპოლიმ" როგორც იქნა მოიგო თამაში და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა.

დიახ, ვალტერ მაძარის გუნდმა "კიევოს" სძლია და მთლიანობაში, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. სწორედ ამან აავსო ოპტიმიზმით სამხრეთული გუნდის მთავარი მწვრთნელი - მოვუსმინოთ მაძარის:

"მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ლიდერთა მარაქას მივუახლოვდით. სატურნირო მდგომარეობა გამოსასწორებელი გვაქვს და თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს. ჩემმა შეგირდებმა კარგად გაიაზრეს, რომ ყველა შეხვედრაში მაქსიმალური დახარჯვაა საჭირო - ეს გაკვეთილი ჩვენ "ჩეზენასთან" საშინაო შეხვედრაში მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ცუდი პერიოდი უკან მოვიტოვეთ".

"ნაპოლიმ" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე "კიევოს" - პირველი გოლი მცველმა ბრიტოსმა გაიტანა, რომელიც კუთხურზე ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით ვერონელთა კარის ბადე შეარხია. რაც შეეხება მეორე გოლს, ის ედინსონ კავანის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანით იხეირა. მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ, 2:0 ნეაპოლელთა სასარგებლოდ.

"სიენამ" საკუთარ მოედანზე "რომა" წააქცია, ერთადაერთი და გამარჯვების გოლი კი თერთმეტმეტრიანით კალაიომ გაიტანა. "ჯალოროსის" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში, მომენტებიც მეტი შექმნა, მაგრამ შედეგი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია.

ტოსკანელებმა იძალეს, რომაელთა მთავარი მწვრთნელი კი მატჩისშემდგომ თავს იმართლებდა - ბოლოს, სწორედ ლუის ენრიკეს მოვუსმინოთ:

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ არასტაბილურად ვასპარეზობთ და ეს გამოუცდელობის ბრალია. მიმდინარე სეზონში, გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, მოძლიერდეს და შემდეგ, ყველაფერი დალაგდება. დღეს, შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოვავლინეთ და მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. უნდა მოვიკრიბოთ ძალები და სეზონის დარჩენილი ნაწილი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ".

ტურის სიმბოლური ნაკრები
უიკანი (ნოვარა) - როსეტინი (სიენა), მანფრედინი (ატალანტა), ბრიტოსი (ნაპოლი) - ისლა (უდინეზე), ინლერი (ნაპოლი), ერნანესი (ლაციო), ბარიენტოსი (კატანია) - იაკვინტა (ჩეზენა), მაქსი ლოპესი (მილანი), პინილია (კალიარი).

შემადგენლობა იმდენად შემტევია, რომ ამ ფეხბურთელებით შეგვეძლო 4-1-5 ტაქტიკაც კი გამოგვეყვანა; თუმცა, 4-3-3 უფრო ახლოს არის რეალურ ფეხბურთთან და ამიტომ, ორი მკვეთრად გამოხატული შემტევი ნახევარდაცვაში დავწიეთ.

ერნანესმა "ჩეზენასთან" პაექრობაში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და გასაკვირი არ არის, რომ სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მას ბარიენტოსი, ინლერი და ისლა ამოვუყენეთ გვერდში - სამწუხაროდ, ეს უკანასნელი მძიმედ დაშავდა და სეზონის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდება მოედანს.

თავდასხმაში ვინჩენცო იაკვინტას ვხედავთ, რომელმაც "ჩეზენას" შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, გოლი გაიტანა და ადრიან მუტუს გაატანინა; თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ქულის მოსაპოვებლად. უკვე სარდინიელმა პინილიამ ყოფილ გუნდთან, "პალერმოსთან" გაიბრწყინა და სიცილიელთა ძლევაში ლომის წილი დაიდო, "მილანელმა" მაქსი ლოპესმა კი... ის ტურის გმირია და ქვემოთ გავაგრძელოთ...

ტურის გმირი
"უდინეზესთან" შეხვედრაში "მილანი" უშანსოდ აგებდა, როდესაც მოედანზე მაქსი ლოპესი შევიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. არგენტინელმა ფორვარდმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ სტეფან ელ შაარავის საგოლე პასი მისცა და "როსონერის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. თანაც, ეს ყველაფერი მატჩის ბოლო 15 წუთში მოხდა.

მატჩის შემდეგ, მაქსი ლოპესი ემოციებს ვერ მალავდა და განაცხადა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე მის კარიერაში. იქვე დასძინა, მთავარია გუნდმა სამი ქულა მოიპოვა და მხოლოდ ამის შემდეგ მახარებს პირადი წარმატებაო.

კვირის ფრაზა
ანდრეა კარაჩოლო (ნოვარას ფეხბურთელი ინტერთან მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა): "მე რომ მასიმო მორატი ვიყო, აუცილებლად ვიყიდდი ანდრეა კარაჩოლოს".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური, მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII), კიევო-ლაციო 0:3 (XX).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური), ინტერი-პალერმო 4:4 (XXI).

სერიები
მოგება: ფიორენტინა - 2 თამაში
წაგება: კიევო - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 21
მოუგებლად: ჩეზენა, ინტერი, კიევო - 4

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 45 გოლი - მილანი; 38 - ნაპოლი; 37 - ლაციო.
საუკეთესო დაცვა: 13 გაშვებული - იუვენტუსი; 19 – ფიორენტინა, მილანი; 20 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 15 გოლი - ჩეზენა; 18 - ბოლონია; 19 - კიევო.
უარესი დაცვა: 42 გაშვებული - ნოვარა, ჯენოა; 38 – ლეჩე; 34 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 12719 - მილანი; 12452 - რომა; 11330 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 377 - იუვენტუსი; 366 - რომა; 360 - მილანი.
კარში დარტმები: 136 - იუვენტუსი; 125 - მილანი; 118 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
17 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 13 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 12 - ხერმან დენისი (ატალანტა), მიროსლავ კლოზე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ასისტენტები:
9 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
1627 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1508 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1355 - დანიელე დე როსი (რომა); 1314 – ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1295 - მირალემ პიანიჩი; 1280 - ტიაგო სილვა (მილანი); 1194 - ლუკა ჩიგარინი; 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა).

კარის მიმართულებით დარტყმები
103 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 83 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 75 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 74 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 72 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 71 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 61 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).

კარში დარტყმები
46 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 33 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 31 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 29 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 27 - ხერმან დენისი (ატალანტა); 24 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 22 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 19 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 17 - მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
57 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 55 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 53 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 51 - ხერმან დენისი (ატალანტა); 49 - სტეფანო მორონე (პარმა), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 47 - მაქსი ლოპესი (მილანი), ჯამპიერო პინცი (უდინეზე).

* * *
ციფრები და ფაქტები
- "ინტერს" 23 ტურში 9 მარცხი ბოლოს 1957/1958 წლების სეზონში ჰქონდა;

- თუ ყველა ტურნირს გავითვალისწინებთ, ბოლო 5 თამაშში "ინტერმა" მხოლოდ 1 ქულა აიღო, რაც ყველაზე ცუდი შედეგია მას შემდეგ, რაც გუნდს კლაუდიო რანიერი ჩაუდგა სათავეში;

- "ნოვარას" მთავარმა მწვრთნელმა ემილიანო მონდონიკომ პირველად მოუგო "ინტერს" გასვლაზე სამწვრთნელო კარიერაში, არადა ეს მისი მე-14 მცდელობა იყო;

- "ნოვარამ" პირველი მატჩი მოიგო გასვლაზე მიმდინარე სეზონში;

- "უდინეზემ" პირველად წააგო საკუთარ მოედანზე 2011 წლის 23 აპრილის შემდეგ;

- ანტონიო დი ნატალემ 147-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და ომარ სივორის გაუთანაბრდა;

- "უდინეზეს" მცველმა მაურიციო დომიციმ მე-200 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;

- "მილანმა" "სტადიო ფრიულიზე" პირველად მოიგო 2008 წლის იანვრის შემდეგ;

- "ჩეზენას" თავდამსხმელმა ვინჩენცო იაკვინტამ მე-100 გოლი გაიტანა კარიერაში;

- ვინჩენცო იაკვინტა თავის მე-100 გოლს 2010 წლის ნოემბრის შემდეგ ელოდებოდა;

- "პალერმომ" გასვლითი შეხვედრა სერია A-ში ბოლოს 2011 წლის 15 მაისს მოიგო;

- "კატანიამ" პირველი მატჩი მოიგო სერია A-ში 2012 წელს;

- თუ ყველა ტურნირს გავითვალისწინებთ, "ჯენოამ" მიჯრით 5 გასვლითი მატჩი წააგო;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 23 14 5 4 45-20 47
2. იუვენტუსი 21 12 9 0 33-13 45
3. ლაციო 23 12 6 5 37-24 42
4. უდინეზე 23 12 5 6 34-22 41
5. ინტერი 23 11 3 9 34-30 36
6. რომა 23 10 5 8 36-27 35
7. ნაპოლი 23 8 10 5 38-24 34
8. პალერმო 23 9 4 10 33-34 31
9. ჯენოა 22 9 3 10 31-44 30
10. კალიარი 23 7 9 7 22-23 30
11. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28
12. კატანია 21 6 9 6 27-29 27
13. პარმა 21 7 6 8 27-34 27
14. კიევო 22 6 6 10 17-29 27
15. ატალანტა 22 7 9 6 25-27 24
16. სიენა 22 5 8 9 22-22 23
17. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22
18. ლეჩე 23 4 6 13 22-38 18
19. ჩეზენა 22 4 4 14 15-34 16
20. ნოვარა 22 3 7 12 19-40 16

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური:

17 თებერვალი: ფიორენტინა-ნაპოლი, ინტერი-ბოლონია; 18 თებერვალი: იუვენტუსი-კატანია; 19 თებერვალი: ჩეზენა-მილანი, ნოვარა-ატალანტა, პალერმო-ლაციო, ლეჩე-სიენა, ჯენოა-კიევო, რომა-პარმა, უდინეზე-კალიარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული