ატალანტა-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 მარილუნგო (79).
პარმა-იუვენტუსი 0:0
ოთხშაბათი „მილანისთვის“ ყოველმხრივ წარმატებული დღე იყო - ლომბარდიულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ”არსენალი” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, ტურინის ”იუვენტუსმა” კი სერია A-ს გადადებულ შეხვედრაში ”პარმას” ბევრი ვერაფერი დააკლო და 0:0-ს დასჯერდა.
მოკლედ, ”მილანი” კვლავაც პირველ ადგილზეა სატურნირო ცხრილში და თუ ტურინელებმა ასე გააგრძელეს ქულების ფლანგვა, ვითარება არც შეიცვლება.
ანტონიო კონტემ ”პარმას” ტრადიციული 4-3-3 დაუპირისპირა
თუმცა, ის, რომ ”იუვე” საგოლე მომენტებს უმოწყალოდ ანიავებს, არახალია და შესაბამისად, უიღბლობაზე ლაპარაკი გაგვიჭირდება. ფაქტია, რომ რეალიზაციის მხრივ, ტურინელებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ამ კომპონენტზე კონტეს აშკარად სამუშაო აქვს.
მომენტი ბევრი შეიქმნა და მათი აღწერით აღარ შეგაწყენთ თავს, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ტურინელები სამჯერ ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანს და აქედან მინიმუმ ორჯერ არცთუ უსაფუძვლოდ. არბიტრმა მასპინძლები არ გაწირა და საბოლოოდ ფრე, 0:0.
მატჩის შემდეგ, კონტე იმედგაცრუებული გახლდათ:
”უკვე მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ უამრავი საგოლე მომენტი გავატანეთ ქარს. ფაქტია, რომ მარტო ფორტუნა არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიფრთხილე და სიზუსტე გვმართებს.
არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რიგ ეპიზოდებში აშკარად დავიჩაგრეთ. საერთოდ, მგონია, რომ მიმდინარე სეზონში არბიტრები ერიდებიან ჩვენ სასარგებლოდ სადავო ეპიზოდების გადაწყვეტას - მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი გვაქვს დარტყმული, რაც ჩემი სიტყვების სისწორეზე ნათლად მეტყველებს”.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბერგამოში, სადაც ”ატალანტამ” ”ჯენოას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 1:0. ერთადერთი გოლი მარილუნგოს ანგარიშზეა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ”ჯენოა” მიმდინარე სეზონში სახლის გუნდია.
ასე სანახევროდ ქულების გროვება კი საკმარისი ნამდვილად არ არის ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. დიახ, გენუელებს სწორედ აღნიშნული საგზური სურთ, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ მიზანს მიაღწიონ.
18 თებერვალს
ინტერი-ბოლონია 23:45
ფიორენტინა-ნაპოლი 23:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 23 14 5 4 45-20 47
2. იუვენტუსი 22 12 10 0 33-13 46
3. ლაციო 23 12 6 5 37-24 42
4. უდინეზე 23 12 5 6 34-22 41
5. ინტერი 23 11 3 9 34-30 36
6. რომა 23 10 5 8 36-27 35
7. ნაპოლი 23 8 10 5 38-24 34
8. პალერმო 23 9 4 10 33-34 31
9. კალიარი 23 7 9 7 22-23 30
10. ჯენოა 23 9 3 11 31-45 30
11. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28
12. პარმა 22 7 7 8 27-34 28
13. კატანია 21 6 9 6 27-29 27
14. ატალანტა 23 8 9 6 26-27 27
15. კიევო 22 6 6 10 17-29 27
16. სიენა 22 5 8 9 22-22 23
17. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22
18. ლეჩე 23 4 6 13 22-38 18
19. ჩეზენა 22 4 4 14 15-34 16
20. ნოვარა 22 3 7 12 19-40 16
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
17 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 13 - კავანი (ნაპოლი); 12 - დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"