რობერტო მანჩინი: "ინტერი" დაბრუნდება

AutoSharing Option
"ინტერი" რომ კრიზისშია, ეს "ნოვარასთან" განცდილმა მარცხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დღეს უკვე ბევრს აღარ სჯერა იმის, რომ "ინტერი" სამეულში შეაბიჯებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

მილანელთა მდგომარეობა მართლაც ურთულესია: 23 ტურის შემდეგ ლომბარდიელები მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერთა სამეულს გვარიანად ჩამორჩებიან. და მაინც, შეძლებს "ნერაძური" ლიგის საგზურის მოპოვებას? - ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტი" "ინტერის" ყოფილ და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის დაეკითხა და შემდეგი მოისმინა:

"გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი ტროფეი მოიგო, ასე იოლად არაფერს დათმობს. დარწმუნებული
ვარ, მილანელები ძალებს მოიკრებენ და სამეულში შეაბიჯებენ. თუმცა, ამისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა და მეტოქე გუნდების სათანადოდ შეფასებაა საჭირო. არაერთხელ ვუყურე "ინტერის" მატჩს და რამდენჯერმე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მილანელები კლასის ხარჯზე აპირებდნენ სამი ქულის მოპოვებას. სერია A ურთულესი ტურნირია, სადაც გამარჯვება მხოლოდ მაქსიმალური დახარჯვით მოდის. ვნახოთ, წინ საინტერესო ბატალიები გველის".

ამასობაში, პრესასთან საუბარი "ინტერის" ახლადგამოჯანმრთელებულმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა მოისურვა და შემდეგი განაცხადა: "გულშემატკივრები ჩვენგან სულ სხვა შედეგებს ელოდებიან და კარგად მესმის მათი გაწბილება.

განსაკუთრებით გულდაწყვეტილი "ნოვარასთან" მატჩის შემდეგ ვიყავი, რადგან მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, მაგრამ გოლი არა და არ გავიდა. მთავარია, ძალები მოვიკრიბოთ, მობილიზება გავაკეთოთ და თითოეულ შეხვედრაში უდიდესი მოტივაციით გავიდეთ მოედანზე. მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული