ვერ დავიჩემებთ, რომ აღნიშნული ჯახი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, ვერც იმას ვიტყვით, რომ დღეს ბევრი რამე გადაწყდება, მაგრამ ერთი ცხადია: წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველის.
"მილანი" სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს, თუმცა "იუვენტუსს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად სწორედ ტუირინული გრანდია პირველ პოზიციაზე. ანუ, ერთმანერთის პირისპირ ლიდერები წარსდგებიან, ეს კი ისედაც საინტერესო შეხვედრას კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდები
3 ქულა შესაძლოა სულაც არ იყოს გადამწყვეტი, გინდ იქით, გინდ აქეთ, მაგრამ უშუალო კონკურენტის ბეჭებზე დადება ორივე გუნდისთვის უდიდესი სტიმული და პირველ რიგში, ფსიქოლოგიური გამარჯვება იქნება.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება იტალიის ნაკრების მთავარმას მწვრთნელმა - მოვუსმინოთ ჩეზარე პრანდელის:
"სეზონის მეორე ნახევარი ახალი დაწყებულია და ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება ერთმა თამაშმა ბევრი რამე გადაწყვიტოს. "მილანი"-"იუვენტუსის" დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც მოახლოებული პაექრობაა, თუმცა არა გადამწყვეტი... ისე კი, ფავორიტის დასახელება ურთულესი საქმეა, რადგან ჩემი პირადი აზრით, თანაბარი თამაში იქნება. "მილანი" ბურთის კონტროლზე ჩამოვა ფსონს და შეეცდება, რომ ტემპი დააგდოს, "იუვე" კი აქცენტს სისწრაფეზე გააკეთებს. ვნახოთ, წინ დიდი ჯახი გველის".
"მილანს" რომ ლაზარეთი სავსე აქვს, ეს უკვე ტრადიციაა და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ტრავმირებულ ფრეხბურთელთა ჩამონათვალს გადახედოთ. თუმცა, არის ერთი კარგი ამბავიც: ალეშანდრე პატო გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, "იუვენტუსის" წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს. პატოს მისივე თანამემამულე, რობინიო შეუწყვილდება, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავად ათამაშდა და გოლს გოლზე იტანს. გამთამაშებლის პოზიციაზე ურბი ემანუელსონი გაირჯება, რომელმაც წინა ტურში თავისი პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.
ძირითადში მოიაზრება სალი მუნტარი, რომლისთვისაც სადებიუტო მატჩი ახალი გუნდის შემადგენლობაში ძალიან წარმატებული გამოდგა. მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსთან" ჯახს დიდი ენთუზიაზმით ელოდება:
"ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ნუ შემეკითხებით, რადგან წუწუნი არ მჩვევია - უკვე შევეგიე იმას, რომ თითოეულ შეხვედრაში 8-9 ფეხბურთელის გარეშე გვიწევს ფონს გასვლა და გამონაკლისი არც "იუვესთან" პაექრობა იქნება. ტურინელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ეს დაპირისპირება. სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ სკუდეტოს შენარჩუნებას ვიმსახურებთ. ამასთან, კარგად მესმის, რომ მეტოქე იოლად არაფერს დათმობს".
ტურინელებმა თითქოს პირი შეკრეს, ყველამ სათითაოდ განაცხადა, რომ მოახლოებულ პაექრობაში ფავორიტი "მილანია" და ეს მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამადობით, გუნდს უამრავი ფეხბურთელი აკლია. ეს თქვა ანდრეა ბარცალიმ, ჯორჯო კიელინიმ, ანდრეა პირლომ... პირლო ცალკე სალაპარაკო თემაა და მას კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანტონიო კონტე 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ფაბიო კვალიარელასა და მირკო ვუჩინიჩის ტანდემს გაამწესებს. ფლანგებიან შტეფან ლიხტშტაინერი და სიმონე პეპე გაირჯებიან, საყრდენ ხაზს კი კლაუდიო მარკიზიო, არტურო ვიდალი და ანდრეა პირლო გაამაგრებენ. თადარიგში დარჩება ალესანდრო მატრი, ისევე როგორც მისი სეხნია დელ პიერო. საყოველთაო ვარაუდით, კონტე ფლანგიდან შეტევებზე გააკეთებს აქცენტს, რადგან თითქოს "მილანს" ყველაზე მეტად სწორედ ფრთებზე უჭირს; უჭირს კი? - არც მთლად მასე უნდა იყოს საქმე...
რაც შეეხება პირლოს, ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან "სან სიროზე" "მილანის" წინააღმდეგ უწევს თამაში. ანდრეამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "როსონერის" მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია:
"მილანი" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. თუმცა, დღეს "იუვეს" ღირსებას ვიცავ, თავს ბედნიერად ვგრძნობ და მსურს, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. "როსონერის" ტიფოზებთან შესახვედრად მზად ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ისინი არ დამისტვენენ. ამის გამო, მათი აქედანვე მადლიერი ვარ. წინ ურთულესი ბრძოლა გველის და მთავარია, საკუთარი ძალების ვირწმუნოთ".
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, მუნტარი - ემანუელსონი - რობინიო, პატო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პეპე - კვალიარელა, ვიჩინიჩი.
* * *
XXV ტური კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მატჩს გვთავაზობს, რომელიც ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართება. "ნაპოლი" "ინტერს" მიიღებს და აი აქ უკვე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაჩაღდება ბრძოლა. თანაც, სასკუდეტო ორთაბრძოლისგან განსხვავებით, აქ მართლაც ბევრ კითხვას შეიძლება გაეცეს პასუხი.
კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში, "ინტერი" ძალიან დაშორდება ლიდერთა სამეულს და პრინციპში, იგივეს თქმა შეიძლება ნეაპოლურ გუნდზეც.
სამხრეთელებს მარეკ ჰამშიკი ჰყავთ დისკვალიფიცირებული და მის ადგილს გორან პანდევი დაიკავებს, რომელიც შემტევ ტრიოს ესეკილ ლავეცისა და ედინსონ კავანისთან შექმნის ლომბარდიელები ჯამპაოლო პაცინისა და დიეგო მილიტოს ტანდემით შეუტევენ. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება...
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, გარგანო, ინლერი, ცუნიგა - პანდევი, ლავეცი - კავანი.
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - ნაგატომო, ლუსიო, სამუელი, კივუ - ძანეტი, პოლი, კამბიასო - სნეიდერი - მილიტო, პაცინი.
სერია A. XXV ტური
დღეს:
ჯენოა-პარმა 21:00
დისკვალიფიკაცია: სკული, ბიონდინი (ჯენოა).
ტრავმა: ანტონელი, ბოვო, ჯილარდინო - პალეტა, პალადინო, ბრანდაო.
მილანი-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (მილანი).
ტრავმა: მაქსი ლოპესი, ბოატენგი, კასანო, გატუზო, მერკელი, შტრასერი, ზეედორფი, აკვილანი - მარონე.
ხვალ:
ატალანტა-რომა 18:00
დისკვალიფიკაცია: ტოტი (რომა).
ტრავმა: კარმონა, კაპელი - ბურდისო.
კალიარი-ლეჩე 18:00
დისკვალიფიკაცია: ობოდო, ბლაზი (ლეჩე).
ტრავმა: კოსუ, ნენე, ელ ქაბირი, სამპაიო, ერიკსონი - გროსმიულერი.
კატანია-ნოვარა 18:00
დისკვალიფიკაცია: პეშე (ნოვარა).
ტრავმა: კამპანიოლო, კაპუანო, სუაზო, პოტენცა, ბარიენტოსი - ლუდი, მარიანინი, მორიმოტო, იენსენი.
კიევო-ჩეზენა 18:00
დისკვალიფიკაცია: დრამე, ბრედლი, თერეუ (კიევო).
ტრავმა: სამარკო - ჯოკოვიჩი, მორასი, ფონ ბერგენი.
სიენა-პალერმო 18:00
დისკვალიფიკაცია: კალაიო (სიენა).
ტრავმა: ბრკიჩი, ანჯელო, დაგოსტინო - ერნანდესი, ბაჩინოვიჩი.
ბოლონია-უდინეზე 23:45
დისკვალიფიკაცია: დიამანტი (ბოლონია).
ტრავმა: ლორია - პინცი, დი ნატალე, ბადუ, ისლა.
ლაციო-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: დიასი, მათუზალემი - ოლივერა, კასანი, გამბერინი.
ტრავმა: როკი, ბროკი, ცანა - კროლდრუპი, ხარჯა.
ნაპოლი-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: ჰამშიკი - კასტაინოსი.
ტრავმა: მაიკონი, გუარინი, ალვარესი, ფარაონი, რანოკია (ინტერი).
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 24 15 5 4 48-21 50
2. იუვენტუსი 23 13 10 0 36-14 49
3. უდინეზე 24 12 6 6 34-22 42
4. ლაციო 24 12 6 6 38-29 42
5. რომა 24 11 5 8 37-27 38
6. ნაპოლი 24 9 10 5 41-24 37
7. ინტერი 24 11 3 10 34-33 36
8. პალერმო 24 10 4 10 38-35 34
9. კალიარი 24 7 10 7 22-23 31
10. კატანია 23 7 9 7 29-32 30
11. კიევო 23 7 6 10 18-29 30
12. ჯენოა 24 9 3 12 31-46 30
13. ატალანტა 24 8 10 6 26-27 28
14. ფიორენტინა 23 7 7 9 23-24 28
15. ბოლონია 23 7 7 9 23-26 28
16. პარმა 23 7 7 9 27-35 28
17. სიენა 24 5 8 11 23-27 23
18. ლეჩე 24 5 6 13 26-39 21
19. ნოვარა 23 3 8 12 19-40 17
20. ჩეზენა 23 4 4 15 16-37 16
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
17 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), კავანი (ნაპოლი); 12 - დენისი (ატალანტა), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"