"აძურა" დაირაზმა

AutoSharing Option
29 თებერვალს, სანაკრებო შეხვედრების დღეა და ბუნებრივია, რომ სპარინგ-მატჩი იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც აქვს დაგეგმილი.

ჩეზარე პრანდელის სამწყსო გენუაში აშშ-ს უმთავრეს გუნდს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია მოახდინოს.

დიახ, აპენინელებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე და თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა იტალიელებმა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთნ დათმეს, თანაც საკუთარ მოედანზე, რომის ოლიმპიურ სტადიონზე. მოკლედ, "აძურა" გამარჯვებაზეა დაგეშილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური გახლავთ. ჯერ გადავხედოთ ჩეზარე პრანდელის მიერ გამოძახებულ შემადგენლობას და შემდეგ, რგოლების მიხედვით განვავრცოთ თემა...

მეკარეები:
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ემილიანო ვივიანო (პალერმო).
მცველები: ინაციო აბატე (მილანი), დავიდე ასტორი (კალიარი), ფედერიკო ბალცარეტი (პალერმო), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), სტეფან ოგბინა (ტორინო).
ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო ნოჩერინო (მილანი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი).
თავდამსხმელები: ფაბიო ბორინი (რომა), ალესანდრო მატრი (იუვენტუსი), ჯამპაოლო პაცინი (ინტერი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

დაცვა
დაცვაში ყველაზე მეტი, ცხრა ფეხბურთელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩეზარე პრანდელი ფრთხილობს და თავს მაქსიმალურად იზღვევს.

მარჯვენა ფრთაზე კრიატიან მაჯოსა და ინაციო აბატეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება - თუმცა, შესაძლოა ორივეს თითო ტაიმი დაუთმოს.

მარცხნივ დომენიკო კრიშიტოს და ფედერიკო ბალცარეტის კონკურენციას ვიხილავთ, ცენტრში კი "იუვენტუსის" ფეხბურთელები არიან უკონკურენციოდ... ჯორჯო კიელინი პრანდელის ერთ-ერთი ფავორიტია და ძირითად შემადგენლობაში იქნება, მის მეწყვილედ კი სავარაუდოდ ანდრეა ბარცალის ვიხილავთ. ლეონარდო ბონუჩი, დავიდე ასტორი და სტეფან ოგბინა ამ ეტაპზე ღრმა რეზერვისტებად მოიაზრებიან და დიდია შანსი, არც კი მოუწიოთ თამაშმა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში ანდრეა რანოკია, რომელიც "ინტერის" შემადგენლობაში არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება. არადა, იყო დრო, როდესაც პრანდელი რანოკიას უფრო წყალობდა, ვიდრე იგივე ბონუჩის. სიის მიღმა დარჩა მატია კასანი, არადა, სულ ახლო წარსულში მარჯვენა ფრთაზე სწორედ მასზე კეთდებოდა აქცენტი.

ნახევარდაცვა
გამომდინარე იქიდან, რომ პრანდელის სიაში მხოლოდ ოთხი ნომინალური ნახევარმცველია, ცხადია, რომ სენიორ ჩეზარე აშშ-ს ნაკრებს 4-4-2 ტაქტიკას დაუპირისპირებს. ერთის თქმა დიდი ალბათობით შეგვიძლია: ანდრეა პირლო ძირითად შემადგენლობაში იქნება და საყრდენი ნახევარმ,ცველის როლს შეასრულებს. ამასთან, შეეცდება, რომ სიღრმიდან წარმართოს "აძურას" იერიშები. აი დარჩენილი ნახევარმცველების გამოცნობა ერთობ რთული საქმეა, რადგან კონკურენცია საკმაოდ სერიოზულია...

დანიელე დე როსი დიდი ავტორიტეტის მქონე შუახაზელია და როგორც წესი, ძირითადში მოიაზრება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაიმეს გადაჭრით თქმა გაგვიჭირდება. ტიაგო მოტამ საკმაოდ მალე აუღო ალღო ფრანგულ ჩემპიონატს, შესანიშნავ ფორმაშია და საერთოდაც, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი პრანდელის ერთ-ერთი ფავორიტია.

ანტონიო ნოჩერინო და კლაუდიო მარკიზიო რომ ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, ესეც კარგად მოგეხსენებათ და შესაბამისად, მათაც აქვთ სასტარტოში მოხვედრის ამბიცია. აი რიკარდო მონტოლივოზე კი რა გითხრათ, მას უბრალოდ ძალიან გაუმართლა, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩეზარე პრანდელი უდგას სათავეში.

თავდასხმა
ბევრისთვის მოულოდნელად, პრანდელიმ მხოლოდ ოთხი ნომინალური თავდამსხმელი გამოიძახა, რომელთაგან ერთი დებიუტანტია. ფაბიო ბორინი მხოლოდ 20 წლის გახლავთ, "რომას" შესანიშნავად შეეწყო, მიმდინარე სეზონში უკვე შვიდ გოლს მოუყარა თავი და ეროვნულ ნაკრებშიც დაიმსახყრა ადგილი.

უფრო სწორად, ბორინის შანსი მიეცა და თუ გამოიყენა, ვინ იცის, იქნებ ევროპის ჩემპიონატზეც ვიხილოთ. მით უმეტეს, ფაბიო ტექნიკურია და შესაძლოა, თვით ანტონიო კასანოს ალტერნატივადაც კი მოვიაზროთ. თუმცა, ასეთი დასკვნების გაკეთება და თუნდაც ვარაუდი, ჯერ მაინც ადრეა.

სიაშია სებასტიან ჯოვინკო, რომელიც "პარმას" უდავო ლიდერია და დღეს ალბათ უფრო ის მოიაზრება კასანოს შემცვლელად. ალესანდრო მატრი შესანიშნავ ფირმაშია და მისი გამოძახება არ გაგვკვირვებია, აი ჯამპაოლო პაცინი კი ბოლო დროს მოიკოჭლებს და იყო ვარაუდი, რომ ამჯერად ნაკრებს მიღმა დარჩებოდა. პრანდელიმ სხვაგვარად გადაწყვიტა და პაცოს ნდობა რთულ მომენტში გამოუცხადა.

განაცხადს მიღმა დარჩა მარიო ბალოტელი, რომელზეც პრანდელიმ საგანგებო კომენტარი გააკეთა: "მარიო არ გამოვიძახე, რადგან ბოლო პერიოდში, მისი თამაშით არც თუ კმაყოფილი ვარ. ამასთან, მისი ქცევა უკეთესის სურვილს ტოვებს და იქნებ, ნაკრებს მიღმა დარჩენამ მაინც გამოაფხიზლოს. ძალიან სამწუხაროა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელი ასე უდიერად ეპყრობა ღვთისგან ბოძებულ ტალანტს".

ნაკრებს მიღმა დარჩა ანტონიო დი ნატალე, არადა, პრანდელი მას ამერიკასთან თამაშისთვის გამოძახებას ჰპირდებოდა. ტოტოს ტრავმა ჰქონდა და მწვრთნელმა ამით იმართლა თავი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვეტერანმა ფორვარდმა სერია A-ს უკანასკნელ ტურში იასპარეზა და გოლიც გაიტანა. მოკლედ, მომდევნო სანაკრებო მატჩში გამოჩნდება, მართლა ტრავმის გამო არ იხმო ტოტო პრანდელიმ, თუ უბრალოდ გადაიფიქრა.

განაცხადს მიღმა "აძურას" კიდევ არაერთი კანდიდატი დარჩა: მარკო ბორიელო, პაბლო ოსვალდო და თუნდაც სიმონე პეპე, რომელიც ასევე შემტევთა შორის უნდა მოვიაზროთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და დაველოდოთ იტალია-აშშ-ს მეტად საინტერესო პაექრობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული