სერია A. XXV ტურის შეჯამება: არჩათვლილი გოლის ამბავი

AutoSharing Option
ქვემოთ, სერია A-ს მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებზე და ფაქტებზე გვექნება საუბარი. ბუნებრივია, რომ მთავარ მოვლენასაც შევეხებით და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ "მილანი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში არჩათვლილ გოლს...

აქვე ვთქვათ იტალიის ეროვნული ნაკრების შესახებაც, რომელსაც დღეს აშშ-ს უმთავრეს გუნდთან უწევს დაპირისპირება - უფრო სწორად, სათქმელი ბევრი არაფერია, დღეს "სკუადრა აძურას" ახალ ფორმას შევავლოთ თვალი, რომლითაც აპენინელები გასვლით პაექრობებს ჩაატარებენ, დანარჩენზე კი უშუალოდ ამერიკასთან მატჩის შემდეგ ვისაუბროთ. ქვემოთ კი როგორც დაგპირდით, XXV ტური დეტალებში...

ტურის სიმბოლური ნაკრები
მარკეტი (ლაციო) - კიელინი (იუვენტუსი), სტენდარდო
(ატალანტა), როსეტინი (სიენა) - ბასტა (უდინეზე), ჯემაილი (ნაპოლი), ლოდი (კატანია), ბრიენცა (სიენა) - პალასიო (ჯენოა), დენისი (ატალანტა), ლავეცი (ნაპოლი).

ტურის სიმბოლური ნაკრები არც თუ ვარსკვლავური გამოვიდა და ვერ დავიჩემებთ, რომ ასეთ შემადგენლობაზე ყველა მწვრთნელი ოცნებობს. ყველაზე გამორჩეული მოთამაშე უდავოდ ესეკილ ლავეცია, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, "ინტერს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა და "ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

როდრიგო პალასიო პრაქტიკულად მარტო ებრძოდა "პარმას" და რომ არა მისი თავგამოდება, გენუელები მორიგ, მიჯრით მეოთხე შეხვედრას წააგებდნენ - როდრიგომ დუბლი შეასრულა და "ჯენოას" ქულა გადაურჩინა. რაც შეეხება ხერმან დენისს, მან "რომას" შეუსრულა ჰეთთრიკი და ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი... საგულისხმოა, რომ სამივე ფორვარდი არგენტინელია.

ნახევარმცველებს შორის ბლერიმ ჯემაილი უნდა გამოვყოთ, რომელსაც ვალტერ მაცარიმ ახალი ამპლუა მოუძებნა და მარეკ ჰამშიკის ადგილზე გაამწესა - საგოლე პასი ლავეცის სწორედ შვეიცარიელმა გაუკეთა და მთლიანობაში, შესანიშნავად წარმოჩინდა. დაცვაში რჩეულთა შორის რჩეული ჯორჯო კიელინია, რომელმაც "მილანთან" პაექრობაში კოლოსალური სამუშაო გასწია და შესაძლოა, საუკეთესოც კი იყო მოედანზე. კარში ფედერიკო მარკეტი დგას, "ლაციო" სწორედ მას უნდა უმადლოდეს, რომ "ფიორენტინასთან" საშინაო შეხვედრაში ქულები არ დაკარგა.

ტურის გმირი
თუ არბიტრ პაოლო ტალიავენტოს არ ჩავთვლით, ტურის ცენტრალურ შეხვედრას გმირი არ ჰყოლია და ამიტომ, საუკეთესო მოთამაშე სხვაგან უნდა ვეძებოთ... თუმცა, რა ძებნა უნდა, როდესაც ხერმან დენისმა ჰეთთრიკი შეასრულა და ფაქტობრივად მარტომ მოუგო "რომას". "ატალანტამ" ლუის ენრიკეს გუნდი მიწასთან გაასწორა და ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი სწორედ არგენტინელი ფორვარდი გახლდათ.

ნამატჩევს, დენისი ბედნიერი იყო:

"ბოლო პერიოდში, თითქოს დათარსული ვიყავი და გოლების გატანა მიჭირდა, ამიტომ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი... დღეს კი ყველაფერი გამომივიდა, დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან და მჯერა, რომ ცუდი დროება უკან მოვიტოვე. შესანიშნავი თამაში გამოვიდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება".

ტურის მოვლენა
ტურის მოვლენა რა თქმა უნდა სალი მუნტარის არჩათვლილი გოლი გახლავთ, რომელზეც ძალიან ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა. მატჩის მთავარმა არბიტრმა და ალბათ, უფრო ლაინსმენმა ვერ დაინახეს, რომ ბურთმა ნახევარი მეტრით გადაკვეთა კარის ხაზი და 'მილანს" "იუვენტუსთან" შეხვედრაში 100%-იანი გოლი წაართვეს.

ამ ეპიზოდს გარჩევა აღარ სჭირდება: გოლი იყო, რომელიც არ ჩაითვალა... თუმცა, ბუნებრივია, რომ ვნებები არ ცხრება და იტალიაში ამ ამბავს კიდევ დიდ ხანს არ დაივეწყებენ.

დიდი რეზონანსი გამოიწვია ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებმა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მისთვის გუნდის ინტერესები სიმართლეზე მაღლა
დგას. ამ ფრაზით "იუვენტუსის" კიპერმა ბევრი განარისხა, მათ შორის, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი - აი რას ამბობს ფრანგული ფეხბურთისა და იგივე "იუვენტუსის" ცოცხალი ლეგენდა:

"ჯიჯიმ აშკარად გადაამეტა, რადგან მისი სიტყვები ვერავითარ ჩარჩოში ვერ ჯდება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ფრაზა ცხელ გულზე თქვა, რადგან მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ შესანიშნავი პიროვნებაა. ფეხბურთს ბავშვები უყურებენ და არ შეიძლება მათ ტყუილის თქმისკენ ვუბიძგოთ - პირიქით, ჯიჯის კალიბრის ვარსკვლავები პატარებისთვის მისაბაძი მაგალითები უნდა იყვნენ".

პლატინიმ ჩვეული დიპლომატია გამოიყენა, იტალიელ მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი კი ბევრად უფრო ხისტი გახლდათ - მოვუსმინოთ მარჩელო ნიკის: "ბუფონი ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანია და ძალიან მწყინს, რომ მისგან ასეთი რამ მოვისმინე. მსაჯებს ფეხბურთელები უნდა ეხმარებოდნენ და არა პირიქით, როგორც ამას ჯანლუიჯი აცხადებს. სიმართლე გითხრათ, ბუფონზე სხვა წარმოდგენის ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი რამის თქმა შეეძლო".

ტურის ფრაზები
ტიაგო სილვა (მილანის მცველი იუვენტუსთან თამაშის შემდეგ): "როდესაც მუნტარიმ თავით დაარტყა, მოედნის ცენტრში ვიდექი და იქიდან დავინახე, რომ ბურთმა აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი. ტალიავენტო საკმაოდ ახლოს იდგა მოქმედების ადგილთან, ლაინსმენს კი სულაც იდეალური პოზიცია ეჭირა – ვერ ვხვდები რა მოხდა, ასე როგორ დაბრმავდნენ".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსის მეკარე მილანთან თამაშის შემდეგ): "ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის ინტერესებია და დანარჩენი უკვე მეორე პლანზე დგას. დიახ, სიმართლეზე წინ სწორედ ჩემი გუნდი დავაყენე, რადგან ეს სპორტია და აქ ყველანი მოთამაშეები ვართ. ისევ რომ დამაბრუნოთ იმ ეპიზოდში, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII), კიევო-ლაციო 0:3 (XX).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური), ინტერი-პალერმო 4:4 (XXI).

სერიები
მოგება: ნაპოლი - 3 თამაში
წაგება: ჯენოა, ინტერი - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 24
მოუგებლად: ჩეზენა, ინტერი - 6

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 49 გოლი - მილანი; 42 - ნაპოლი; 39 – ლაციო, პალერმო.
საუკეთესო დაცვა: 15 გაშვებული - იუვენტუსი; 22 – მილანი; 23 – უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 16 გოლი - ჩეზენა; 21 – კიევო, ნოვარა.
უარესი დაცვა: 46 გაშვებული - ჯენოა, 45 - ნოვარა; 40 – ლეჩე.
ზუსტი გადაცემები: 13699 - მილანი; 13493 - რომა; 12902 - იუვენტუსი.
კარის მიმართულებით დარტყმები: 439 - იუვენტუსი; 400 - რომა; 383 - ინტერი.
კარში დარტმები: 155 - იუვენტუსი; 135 - მილანი; 127 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
18 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ედინსონ კავანი (ნაპოლი), ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 12 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), დიეგო მილიტო (ინტერი).

ასისტენტები:
12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
1868 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1628 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1532 – ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1436 - ტიაგო სილვა (მილანი); 1426 - მირალემ პიანიჩი (რომა); 1425 - დანიელე დე როსი (რომა); 1194 - ლუკა ჩიგარინი; 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა).

კარის მიმართულებით დარტყმები
106 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 92 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 81 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 75 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 74 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

კარში დარტყმები
47 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 34 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 33 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), ხერმან დენისი (ატალანტა); 32 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ჯარიმები
60 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 59 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 57 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 55 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 54 - ლუკა მორონე (პარმა); 52 - ხერმან დენისი (ატალანტა), მატია დესტრო (სიენა).

ციფრები და ფაქტები
- "მილანმა" მხოლოდ 1 ქულა აიღო ბოლო 3 საშინაო თამაშში "იუვენტუსთან";

- "იუვენტუსთან" შეხვედრამდე, "მილანმა" ხუთივე თამაში მოიგო, რომელშიც ანტონიო ნოჩერინომ გოლი გაიტანა;

- "იუვენტუსს" ბოლო 28 ოფიციალური შეხვედრა არ წაუგია;

- სერია A-ს ისტორიაში "ინტერმა" პირველად წააგო სეზონში 11 მატჩი;

- მორგან დე სანკტისმა მე-100 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში "ნაპოლის" ამუნიციით;

- "ინტერმა" მიჯრით მეხუთე შეხვედრა წააგო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური პაექრობის ჩათვლით, ასეთი რამ ბოლოს 1994 წლის აპრილში მოხდა;

- "ინტერს" 4 თამაშია გოლი არ გაუტანია, ასეთი რამ ბოლოს 1987 წლის სექტემბერში მოხდა;

- სერია A-ში, "ინტერმა" "სტადიო სან პაოლოზე" ბოლოს 1997 წელს გაიმარჯვა;

- "ატალანტას" ბოლო 4 ტურია არ წაუგია;

- ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში "რომამ" მხოლოდ 1 ქულა აიღო;

- "ფიორენტინამ" მიჯრით სამი შეხვედრა წააგო, ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2010 წლის მაისში ჰქონდა;

- "ჯენოამ" 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა;

- "ლეჩეს" "კალიარისთან" გასვლითი მატჩი 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ მოუგია;

- პირველად მიმდინარე სეზონში, "კატანიამ" მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო;

- მიმდინარე სეზონში, "პალერმოს" არც ერთი თამაში არ მოუგია გასვლაზე;

- "უდინეზემ" "ბოლონიას" წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელმაც 7 მატჩი შეადგინა;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 25 15 6 4 49-22 51
2. იუვენტუსი 24 13 11 0 37-15 50
3. უდინეზე 25 13 6 6 37-23 45
4. ლაციო 25 13 6 6 39-29 45
5. ნაპოლი 25 10 10 5 42-24 40
6. რომა 25 11 5 9 38-31 38
7. ინტერი 25 11 3 11 34-34 36
8. პალერმო 25 10 4 11 39-39 34
9. კატანია 24 8 9 7 32-33 33
10. კიევო 24 8 6 10 19-29 33
11. ატალანტა 25 9 10 6 30-28 31
12. კალიარი 25 7 10 8 23-25 31
13. ჯენოა 25 9 4 12 33-48 31
14. პარმა 24 7 8 9 29-37 29
15. ფიორენტინა 24 7 7 10 23-25 28
16. ბოლონია 24 7 7 10 24-29 28
17. სიენა 25 6 8 11 27-28 26
18. ლეჩე 25 6 6 13 28-40 24
19. ნოვარა 24 3 8 13 20-43 17
20. ჩეზენა 24 4 4 16 16-38 16

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური

3 მარტი: პალერმო-მილანი, იუვენტუსი-კიევო; 4 მარტი: პარმა-ნაპოლი, უდინეზე-ატალანტა, სიენა-კალიარი, ფიორენტინა-ჩეზენა, ლეჩე-ჯენოა, რომა-ლაციო, ბოლონია-ნოვარა, ინტერი-კატანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული