"მილანი"-"იუვენტუსი" - ახალი ომის დასაწყისი

AutoSharing Option
"მილანი"-"იუვენტუსის" შეხვედრაზე ძალიან ბევრი დაიწერა და ალბათ, კიდევ უფრო მეტი დაიწერება. ეს იყო მატჩი, რომელმაც არა მარტო კონკრეტული ტურნირის სატურნირი ცხრილი, არამედ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში არსებული ვითარება შეცვალა. დიახ, ამ მატჩმა მილანსა და ტურინს შორის ომი გააჩაღა, ახალი ომი, რომელიც ასე დამახასიათებელია კალჩოსთვის...

სულ ახლო წარსულში, როდესაც "კალჩოპოლიმ" იფეთქა და ამის გამო "იუვენტუსი" და უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც, "მილანი" დაისაჯნენ, მოწინავე პოზიციებზე "ინტერი" აღმოჩნდა. "ნერაძურის" ჯერ "იუვეს" მოგებული სკუდეტო გადაეცა, შემდეგ მოედანზე გახდა ჩემპიონი და რამდენიმე წელი პირველობა არავისთვის დაუთმია.

აი, იმ დროს "ინტერს" მტრობდა "იუვეც" და "ინტერს" მტრობდა "მილანიც"... მაშინ "იუვე" და "მილანი" თითქოს დამეგობრდნენ კიდეც და ამ გუნდების გულშემატკივრებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა... ეს ყველაფერი გაგრძელდა 2012 წლის 25 თებერვლამდე, იქამდე, სანამ სალი მუნტარის მატჩის არბიტრებმა 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს.

"მილანის" ულტრასების ერთ-ერთმა ლიდერმა "ინტერის" ქომაგებს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც იმის შესახებ იყო საუბარი, რომ მილანური დერბი ყოველთვის სამართლიან ბრძოლაში მიმდინარეობს და შაბათის თამაშის შემდეგ "მილანისტებმა" ეს განსაკუთრებულად დააფასეს, ისე, როგორც არასდროს. ეს დიდი ნაბიჯი იყო, რომელიც "როსონერის" ულტრასებმა თანაქალაქელებისკენ გადადგეს და პასუხმაც არ დააყოვნა - "ინტერის" ულტრასებმა "მილანისტებს" სოლიდარობა გამოუცხადეს და დასძინეს, რომ უსამართლო ბრძოლა "იუვეს" სისხლში აქვს გამჯდარი.

შაბათის შემდეგ მილანელებსა და ტურინელებს შორის სიტყვიერი ომია გაჩაღებული და არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი კამათის ჩარჩოებში ჯდებოდეს - იტალიური ფეხბურთის სახეები ყველაზე გამორჩეული და შესაძლოა, საპატივსაცემო პირები უშვერი სიტყვებით ილანძღებიან და ეს ყველაფერი მასმედიის სხვადასხვა საშუალებით ხდება.

მაგალითად, ანტონიო კონტემ ადრიანო გალიანი მაფიის ბოსად მოიხსენია და მას, არც მეტი, არც ნაკლები, გარეწარი უწოდა. კონტეს ამის გამო სილვიო ბერლუსკონის ტელეარხიდან აგინეს და ეს გინების კორიანტელი მქუხარე ტაშის ფონზე ისმოდა... მილანელებს არც ტურინელები ჩამორჩნენ და ეს ყველაფერი საყოველთაო ისტერიაში გადაიზარდა.

ცალკე სალაპარაკო თემაა ჯანლუიჯი ბუფონის განცხადება, რომელმაც ყველაფერ წმინდაზე მაღლა გუნდის ინტერესები დააყენა. ამის გამო ჯიჯი ნახევარმა იტალიამ უშვერი სიტყვებით გალანძღა... ბუფონს ეროვნული ნაკრებისთვის შეუფერებელი კაპიტნის იარლიყიც კი მიეწება, მაგრამ რადგან იტალიაში სამკლავური იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ინგლისში, მისი ჩამორთმევის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში..

ერთი სიტყვით, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ახალი ომია: მილანი VS ტურინი. ქვემოთ ამ თემის ირგვლივ ბოლო დღეებში გავრცელებულ ყველაზე საინტერესო კომენტარებს შემოგთავაზებთ...

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანის ფეხბურთელი): "ის, რაც "მილანი"-"იუვენტუსის" პაექრობაში მოხდა, იტალიური ფეხბურთის სირცხვილია.

ყველამ დავინახეთ, რომ ბურთმა გადაკვეთა ხაზი და ვერ დავიჯერებ, რომ ეს მხოლოდ არბიტრებმა ვერ შენიშნეს. რაღაცაშია საქმე და ვგონებ, ეს ეპიზოდი დეტალურ გამოძიებას საჭიროებს. შესაძლოა, ჩემი დისკვალიფიკაციაც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი იყოს".

სტეფან ელ შაარავი (მილანის ფეხბურთელი): "როდესაც მუნტარიმ დაარტყა და ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, სათადარიგოთა სკამიდან წამოვვარდი და თანაგუნდელებს გადავეხვიე... რას ვიფიქრებდი, რომ არბიტრი ასეთ შეცდომას დაუშვებდა. ეს იყო ყველაზე დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ოდესმე მოედანზე მინახავს. კიდევ კარგი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თორემ მაგის ამბავი რომ ვიცი, ნერვებს ვერ მოთოკავდა და ვიღაცას მწარედ მოხვდებოდა. ზლატანი მორიგ დისკვალიფიკაციას გადარჩა და ეს ერთადერთი პოზიტიური ამბავია შაბათის მატჩიდან".

ანტონიო ნოჩერინო (მილანის ფეხბურთელი): "ასეთი გაგიჟებული გალიანი არასდროს მინახავს. შესვენებაზე გასახდელში შემოვარდა და ალეგრის ლაპარაკს არ აცლიდა. ყვიროდა, 100%-იანი გოლი არ ჩაგვითვალეს და აბა თქვენ იცით, ამის გამო მკაცრად დასაჯეთო. მესმის გალიანის, რადგან იმ დღეს ყველანი აღშფოთებულნი ვიყავით. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ იყო კი ეს უნებლიე შეცდომა?"

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "კარგი, ნუ მაცინებთ - რომელ მაფიაზეა ლაპარაკი, როდესაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა თერთმეტმეტრიანი ჩვენ დავარტყით. სხვა შეხვედრებში არბიტრები სწორედ ჩვენს საწინააღმდეგოდ ცდებოდნენ და ეს რატომღაც აღარავის ახსენდება. "იუვე" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და როგორც ჩანს, ამას ბევრი ვერ ეგუება".

ტიციანო ფერი (მილანელი ჟურნალისტი): "ტურინის "იუვენტუსთან" ერთად სერია A-ში დიდი სიბინძურე და ნაგავი დაბრუნდა. ანტონიო კონტე კი მათხოვარია, რომელიც მაშინაც გიტევს, როდესაც იცის, რომ დამნაშავეა. იმ არჩათვლილი გოლის შემდეგ ტურინელებს ჩუმად უნდა დაეტოვებინათ მოედანი, მათ კი ცირკი გამართეს. ისინი კლოუნები არიან და არა ფეხბურთელები".

მარკო პინარდი (იუვენტუსის ფან კლუბის ერთ-ერთი ლიდერი): "თუ ისინი ამბობენ, რომ ეს არა შეცდომა, არამედ არბიტრთა განზრახ ქმედება გახლდათ, მაშინ ეს სიტყვები უნდა დაამტკიცონ. რეალურად, ისინი პროვოკატორები არიან და არაფრის დამტკიცების უნარი არ აქვთ. "მილანს" ჯოჯოხეთი ელოდება, წინ ხომ იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩია - თანაც ტურინში, ჩვენს სახლში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომავალ თამასში ბევრი წითელი ბარათი ამოვა
vaxo
15:24 01-03-2012
0
არადა იუვეს მერე იტალიაში მილანს ვბალეშიკობ. ფორცა იუვეეეეე
alex
16:11 01-03-2012
0

სიახლეები პოპულარული