სერია A. XXVI ტურის შეჯამება: იბრაკადაბრა და 1000 პრობლემა

AutoSharing Option
სერია A. XXVI ტურის შეჯამება. ნაწილი I
პირველად მიმდინარე სეზონში, ტურის მიმოხილვა ორ ნაწილად უნდა გავყოთ... მიზეზი მარტივია - გასულ უქმეებზე იმდენი რამ მოხდა, რომ ამ ყველაფრის ერთ გვერდში ჩატევა, თანაც სტატისტიკასთან ერთად, ყოვლად წარმოუდგენელია.

ამიტომ ჯერ გასული შაბათ-კვირის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიმოვიხილავთ, მეორე ნაწილში კი, ტრადიციულად, დეტალურ სტატისტიკას გაგაცნობთ....

დერბის უცნაური გმირი
"მილანი"-"იუვენტუსის" მსგავსად, რომაული დერბის მთავარი გმირიც არბიტრი გახლდათ - თუ მაშინ პაოლო ტალიავენტომ და მისმა ასისტენტმა "ივაჟკაცეს", ამჯერად მაურო ბერგონციმ გამოიჩინა თავი და ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის სცენარში
უხეშად ჩაერია.

მერვე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მიროსლავ კლოზე მაარტენ სტეკელენბურგთან პირისპირ დარჩა, ჰოლანდიელი კიპერი ფეხებში ჩაუვარდა გერმანელ ფორვარდს და თერთმეტმეტრიანი "აიკიდა". ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ არბიტრმა მეკარე უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა. არადა, ბერგონციმ აშკარად გადაამეტა - ერთი, რომ მხოლოდ მერვე წუთი იყო და არ ღირდა გუნდის ასე გაწირვა; მეორე კი ის, რომ კლოზეს უკნიდან "რომას" მცველები მოჰყვებოდნენ და სულ რომ მოეტყუებინა სტეკელენბურგი, კაცმა არ იცის, გაიტანდა თუ არა გოლს...

მოკლედ, ეს არ იყო ცალსახად უკანასკნელი იმედის ჯარიმა და შესაბამისად, ეს არ იყო საწითლე ეპიზოდი. ბერგონციმ დერბი გააფუჭა და ამის შესახებ ნამატჩევს თვით "ლაციოს" ბანაკშიც საუბრობდნენ. მოვუსმინოთ ჯერ ედუარდო რეიას, შემდეგ კი ლუის ენრიკეს...

ედუარდო რეია (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "იშვიათი ამბავია, რომ პოსტის დატოვება სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი გუნდის მწვრთნელმა განიზრახოს, მაგრამ ფაქტია, რომ განცხადება დავწერე. დღეს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის მესვეურებს, რომლებმაც ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილეს და მუშაობის გაგრძელებისკენ მომიწოდეს.

ამაყი ვარ, რომ დერბიში ისევ გავიმარჯვეთ. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი თამაში. რაც შეეხება სტეკელენბურგის გაძევებას, სჯობდა, რომ მსაჯი ყვითელი ბარათით შემოფარგლულიყო. მაგრამ რაც მოხდა, მოხდა - დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ".

ლუის ენრიკე (რომას მთავარი მწვრთნელი): "კარგი იქნება, თუ ერთხელ მაინც დერბის თერთმეტი ფეხბურთელით ჩავამთავრებთ, რადგან საუკეთესო სამართლიან ბრძოლაში უნდა გამოვლინდეს. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს და იმ ეპიზოდზე არ შევჩერდები. მხოლოდ იმას დავძენ, რომ კაცნაკლულობის მიუხედავად, მეტოქემ ბევრი ვერაფრით გვაჯობა და უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა".

ლაციოს ულტრასები ჩვეულ სტიქიაში
"ლაციო" ბენიტო მუსოლინის საყვარელი გუნდი გახლდათ და იმ დროდან მოყოლებული, "ბიანკოჩელესტეს" ტიფოზები ცნობილნი არიან რასისტული და ნაცისტური გამოხდომებით.

გასულ უქმეებზე ულტრასებმა "რომას" ბრაზილიელ მცველს, ჟუანს შეუტიეს და მისი მისამართით მთელი შეხვედრის განმავლობაში არ იშურებდნენ რასისტულ შეძახილებს... აი, რა თქვა ნამატჩევს ფერადკანიანმა უკანახაზელმა:

"ათი წელია, იტალიაში ვთამაშობ და ასეთი რამ პირველად შემემთხვევა. არასდროს მიმიყენებია შეურაცხყოფა "ლაციოს" გულშემატკივრებისთვის და ვერ ვხვდები, რატომ მოიქცნენ ასე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან მათ ავადმყოფური მსოფლმხედველობა აქვთ. მიხარია, რომ გულშემატკივართა საქციელი "ლაციოს" ფეხბურთელებმა დაგმეს, გასახდელში არაერთმა მომიბოდიშა ქომაგთა მაგიერ და ამან ძალიან გამახარა".

"გაძეტა დელო სპორტის' ინფორმაციით, "ლაციოს" ტიფოზთა რასისტულ გამოხდომებს "ლეგა კალჩო" განიხილავს და არ არის გამორიცხული, კლუბს საჯარიმო სანქციები დაუწესონ. შესაძლოა, "ბიანკოჩელესტეს" ერთი ან ორი საშინაო თამაშის ჩატარება ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწიოს.

აქაც მსაჯი
"ნაპოლიმ" საბოლოოდ დასძლია კრიზისი და გასვლაზე "პარმა" დაამარცხა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სამხრეთელებმა გამარჯვება მსაჯების დახმარებით მოიპოვეს. მთავარი არბიტრი პაოლო ვალერი გახლდათ, რომელმაც ნეაპოლელებს საეჭვო თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა და ედინსონ კავანის ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა...

კიდევ უფრო დიდი შეცდომა ლაინსმენმა, მარკო ჯორდანომ დაუშვა, რომელმაც ესეკილ ლავეციზე დაახლოებით მეტრიანი თამაშგარე ვერ დაინახა და არგენტინელ ფორვარდს წესების დარღვევით გატანილი გოლი ჩაუთვალა.

ნამატჩევს თვით ვალტერ მაცარიმ თქვა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდა: "უნდა ვაღიარო, რომ მეტოქემ უკეთესად ითამაშა და მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა. მსაჯებმაც აშკარა შეცდომა დაუშვეს და ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. თუმცა ეს ფეხბურთია და ხშირად არბიტრები ჩვენს საწინააღმდეგოდაც ცდებიან.

მოკლედ, დღეს საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც უპირველესად მაინც გადაღლილობის ბრალია".

იუვეს მთავარი პრობლემა
"იუვენტუსმა" კიდევ ერთი ითამაშა ფრედ და უკვე მერამდენედ დაკარგა დაუგეგმავი ქულები... პრინციპში, ქულების დაკარგვას არც არავინ გეგმავს, მაგრამ როდესაც სკუდეტოსთვის მაძიებელი გუნდი "კიევოს" მსგავს მეტოქეს მასპინძლობს, აუცილებლად სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. "იუვეს" კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი და ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატიდან "მილანის" მდევრად "ჩამოლაბორანტდა". ეს ამბავი ტურინში მტკივნეულად მიიღეს და გამოსავალს ეძებენ - საინტერესო კომენტარი გააკეთა პაველ ნედვედმა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"მგონია, რომ "იუვენტუსის" მთავარი პრობლემა წაუგებელი სერიაა. გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია მიმდინარე სეზონში, ეს კი დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომელმაც შეიძლება დათვური სამსახურიც კი გაგვიწიოს. ფეხბურთელები შებოჭილნი მეჩვენებიან და ეს ტურიდან ტურამდე სულ უფრო თვალშისაცემი ხდება.

"კიევომ" ანგარიში შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაგვითანაბრა და საკმარისი დრო გვქონდა იმისთვის, რომ კიდევ ერთი გოლი გაგვეტანა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, დიდი ძალებით წინ ვერ გადავედით და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამაში მთავარი დამნაშავე მარცხის შიში გახლდათ. მგონი, ჯობდა აქამდე ერთი მატჩი მაინც წაგვეგო და ასეთ სიტუაციებში უფრო თამამად გადავსულიყავით შეტევებში".

ჟულიო სეზარმა მწვრთნელობა შეითავსა
"ინტერი" ისევ შავ დღეშია და ამაზე "კატანიასთან" საყაიმო შედეგით გამოწვეული ეიფორია ნათლად მოწმობს. მართალია, მილანელებმა მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობა ამოუქაჩეს, მაგრამ ასეთი აღტყინება მაინც გადამეტებული და "ინტერის" კალიბრის გუნდისთვის შეუფერებელი გვეჩვენა...

აი, რა თქვა "ნერაძურის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ: "ხასიათი გამოვავლინეთ და ურთულეს მატჩში გადავარჩინეთ ქულა. მეორე ტაიმში მართლაც საოცრად ვითამაშეთ და არ შეიძლება, რომ ეს არ გვახარებდეს.

განსაკუთრებული მადლობა ჟულიო სეზარს, რომელმაც შესვენებისას ყველანი საბრძოლველად განგვაწყო და დიდი წვლილი შეიტანა ამ შემობრუნებაში. საერთოდ, მგონია, რომ "კატანიასთან" ფრე გარდამტეხი იქნება, დროა მოგებებს დავუბრუნდეთ".

დაახლოებით ანალოგიური შინაარსის კომენტარები გააკეთეს "ინტერის" სხვა ფეხბურთელებმაც და მათ არც კლაუდიო რანიერი ჩამორჩა - მწვრთნელი, რომელიც უკვე საყოველთაო დაცინვის ობიექტია...

რანიერის თქმით, "კატანიასთან" ფრე კრიზისის დაძლევის წინაპირობაა და ღრმად სწამს, რომ მისი შეგირდები აღებულ ტემპს არაფრის დიდებით არ დააგდებენ. იქვე დასძინა, "ნერაძურისთან" ორწლიანი ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული და მჯერა, კონტრაქტის პირობებს ბოლომდე შევასრულებო.

ამასობაში იტალიელმა ჟურნალისტებმა ძანეტის კომენტარში ერთ საინტერესო ფრაზას ჩაავლეს და ეს საკითხი სულ დეტალებში გამოიკვლიეს - საუბარი ჟულიო სეზარის მიერ შესვენებისას თანაგუნდელთა საბრძოლველად დამუხტვის ამბავზეა... "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ანტრაქტისას გასახდელში სრული სიჩუმე იყო და რანიერი ორ სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთს - ამ დროს ჟულიო სეზარმა ითავა ლიდერობა, სიტყვით გამოვიდა, თანაგუნდელები გაამხნევა და ტაქტიკურ მონახაზშიც კი გარკვეული კორექტივები შეიტანა.

რაც მთავარია, ეს ამბავი რანიერის არ გაუპროტესტებია და სეზარის გამოსვლას ბოლომდე ჩუმად უსმინა. მეორე ნახევარში "ინტერი" გაცილებით უკეთ ათამაშდა და ქულა გადაარჩინა, რაც პირველ რიგში სწორედ კიპერის დამსახურება გახლდათ და არა მწვრთნელის. ამ ამბავმა სავარაუდოდ კიდევ უფრო შელახა რანიერის ავტორიტეტი გუნდში და ძნელი სათქმელია, საერთოდ რა აზრი აქვს მისი გაჩერებას მთავარი მწვრთნელის პოსტზე... ეს მხოლოდ მასიმო მორატიმ იცის, რომელიც ჯერ კიდევ ენდობა სენიორ კლაუდიოს.

იბრაკადაბრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი უდავოდ ტურის საუკეთესო ფეხბურთელია და მასზე კიდევ ვისაუბრებთ. დღეს კი მასიმილიანო ალეგრის უნდა მოვუსმინოთ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. თუმცა, სანამ სიტყვას "მილანის" მთავარ მწვრთნელს გადავცემდეთ, გავიხსენოთ, რომ იბრამ "პალერმოს" ჰეთთრიკი შეუსრულა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.  დანარჩენს ალეგრი იტყვის და ბოლოს, სწორედ მას მოვუსმინოთ:

"იბრა ჯადოქარია და მისი თამაშის ყურება არასდროს მომბეზრდება. როდესაც ბურთს იღებს, მავიწყდება რომ მწვრთნელი ვარ და რაღაც სასწაულის მოლოდინში ფეხებში ვუყურებ, როგორც რიგითი გულშემატკივარი. "პალერმოსთან" სამი სხვადასხვა სახის გოლი გაიტანა, რაც მის მრავალმხრივობაზე ნათლად მეტყველებს - ჯერ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, შემდეგ მოატყუა მცველი და ისე დაარტყა. ბოლოს კი შორი დისტანციიდან გაისროლა უზუსტესად.

მოკლედ, იბრა საოცარი მოთამაშეა და მე თუ მკითხავთ, 2012 წელს სწორედ ის აიღებს ოქროს ბურთს. დიახ, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, იბრა საუკეთესოთა სამეულში შედის, თუმცა ეს წელი სწორედ მისი გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული