ედუარდო რეია სკუდეტოზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
აი, ეს იცის რომაულ დერბიში გამარჯვებამ - "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეია, არც მეტი, არც ნაკლები, სკუდეტოს უმიზნებს და ამას არც მალავს. "ბიანკოჩელესტეს" თავკაცი "რაი სპორტს" ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო კითხვაზე გასცა პასუხი, რომლებსაც ქვემოთ ინტერვიუს სახით გთავაზობთ...

- როგორც ჩანს, გუნდიდან წასვლაზე აღარ ფიქრობთ...
- არანაირად და ეს "ლაციოს" მესვეურთა დამსახურებაა, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში ნდობა გამომიცხადეს და გუნდში დარჩენა მთხოვეს. სწორედ მათ ნებას დავყაბულდი და დღეს ისევ "ლაციოს" მწვრთნელი ვარ. ამასთან, ენთუზიაზმი არ მაკლია და არსად წასვლას აღარ
ვაპირებ.

- ალბათ, მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა...
- ჩვენი მთავარი მიზანი თითოეულ შეხვედრაში სამი ქულის აღებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გამახარებს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც კიდევ უფრო მეტად მინდა...

- სკუდეტო?
- დიახ, სკუდეტო და ეს არც ისე არარეალურია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტებს ფეხი კიდევ არაერთხელ დაუცდებათ და თუ ჩვენ დარჩენილ თამაშებს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, გამორიცხული არაფერია. თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, ნახავთ, რომ ლიდერებთან ძალიან ახლოს ვართ.

- როგორ ფიქრობთ, ეს "ლაციო" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსი ჰქონდეს?
- თუ პირველ ადგილზე გავალთ, ეს თავისთავად ასე იქნება... მეორე საქმეა, რამდენად მაღალია იმ ჩემპიონატის საერთო დონე, რომელსაც, სიტყვაზე, ჩემი ფორმაციის "ლაციო" მოიგებს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი, რადგან ჩემი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაშინაც კი, როდესაც წასვლას ვაპირებდი.

- ბევრი ფიქრობს, რომ რომაული დერბის ბედი მატჩის არბიტრმა გადაწყვიტა...
- ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები, რადგან ჩვენი ბრალი არ ყოფილა, მეტოქე რომ კაცნაკლული დარჩა. ამასთან, მხოლოდ ერთი თამაშით არ წყდება ყველაფერი. ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ნახავთ, რომელ ადგილზე ვართ ჩვენ და რომელზეა "რომა". ვფიქრობ, წელს "ლაციო" "რომაზე" ძლიერია. ეს ცხრილიდან ნათლად ჩანს და რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.

- ზამთარში რომ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გადაგებირებინათ, იქნებ მართლა გებრძოლათ სკუდეტოსთვის...
- მაინც არ გჯერათ, რომ სკუდეტოს მოპოვება შეგვიძლია?.. რა გაეწყობა, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა ძალიან მინდოდა, მაგრამ არსებულმა ფინანსურმა მდგომარეობამ ამის საშუალება არ მოგვცა. ყველაზე მეტად წინა ხაზის გაძლიერება მსურდა. რამდენიმე მიმართულებით წამოვიწყეთ კიდეც მოლაპარაკებები, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ კეისუკე ჰონდას ტრანსფერზე ზედმეტად ბევრი დრო დაკარგეთ?
- ჰონდას გადაბირება ძალიან მინდოდა, რადგან უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია და თანაბარი წარმატებით შეუძლია როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქციების შესრულება. როგორც მე ვიცი, მზად ვიყავით მასში 12 მილიონი ევრო გადაგვეხადა და როდესაც მოსკოველებმა თანხა 14-ამდე გაზარდეს, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ვერ ახტები.

- ზაფხულში რას აპირებთ?
- ვნახოთ, იქამდე დიდი დროა. ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, რომელ ადგილზე დავამთავრებთ ჩემპიონატს; მინიმუმ სამეულში უნდა მოვხვდეთ, რომ ხელ-ფეხი გაგვეხსნას და ტრანსფერებისთვის საკმარისი თანხის მოძიება შევძლოთ. პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული