ტურინის "იუვენტუსი" მართლა დაითარსა: 13 მოგება, 13 ფრე

AutoSharing Option
შუა კვირაში გამართულმა გადადებულმა მატჩებმა სერია A-ს სატურნირო ცხრილს სრულყოფილი სახე მისცა - აბსოლუტურად ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის თამაში აქვს ჩატარებული და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მილანი" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

დიახ, ერთპიროვნული ლიდერი და ეს, პირველ რიგში, "იუვენტუსის" დამსახურებაა, რომელმაც ბოლო ექვს თამაშში მეხუთე ფრე ითამაშა.

ანტონიო კონტეს გუნდი "ბოლონიას" ესტუმრა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ტურინელებს ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწევდათ.

"ბოლონია" საკუთარ მოედანზე ტრადიციულად ძლიერია, იოლად არაფერს თმობს და განსაკუთრებული მოტივაციით გრანდებთან ასპარეზობს.

მთელი 90 წუთის განმავლობაში მოედნის
თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა იყო გაჩაღებული და ამ ბრძოლაში გუნდებმა თითო გოლის გატანა მოახერხეს. მასპინძელთა რიგებიდან მარკო დი ვაიო გამოირჩა, რომელიც პირისპირ დარჩა ჯანლუიჯი ბუფონთან და კუთხეში მშვიდად მოათავსა ბურთი, 1:0...

რაც შეეხება "იუვენტუსს", შედეგიანი დარტყმა მირკო ვუჩინიჩმა მიითვალა აქტივში, რომელიც ანდრეა პირლოს ბრწყინვალე გადაცემით გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1:1. აღვნიშნოთ ისიც, რომ 84-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო ლეონარდო ბონუჩიმ დატოვა მოედანი. იქამდე კი წითელი ბარათი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაიმსახურა ტრადიციული, ზღვარსგადასული ემოციებისთვის.

ერთი სიტყვით, "იუვენტუსმა" მორიგი ფრე ითამაშა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააწბილა - მართალია, "ბიანკონერი" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, მაგრამ ამდენი დაკარგული ქულის ფონზე ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. მატჩის შემდეგ კონტემ შემდეგი განაცხადა: "ჩემმა შეგირდებმა მაქსიმუმი გაიღეს და ვერ ვიქნები მათზე გაბრაზებული - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერს აკეთებ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევ. გატანილი გოლის შემდეგ "ბოლონიამ" საკუთარ ნახევარზე დაიწია და ზონები კარგად გადაკეტა, რამაც ძალიან გაგვირთულა ამოცანა.

მეტოქემ ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა, ბევრი იბრძოლა და სასურველ შედეგს მიაღწია. რაც შეეხება საჩემპიონო ორთაბრძოლას, უიმედოდ ნამდვილად არ ვარ - თუმცა, კარგად მესმის, რომ სკუდეტოს მოპოვება ნამდვილი სასწაული იქნება".

კონტე უკვე სასწაულზე ლაპარაკობს. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდა. "იუვეს" ძალიან რთული კალენდარი აქვს წინ და ამ გადამწყვეტ პერიოდს ფეხბურთელთა დიდი ნაწილი არცთუ კარგ ფორმაში ხვდება.

თუნდაც მარკო ბორიელო ავიღოთ, რომელიც ბოლო შეხვედრებში მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებს. ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ძალიან გამიხარდა, რომ ვუჩინიჩმა გაიტანა და ნავსი გატეხა. იმედია, მეც მალე გავიტან გოლს და შავ პერიოდს უკან მოვიტოვებ. მართალია, ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ამის გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. მთავარი მატჩები წინაა და პირადად მე უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობ".

იყო დრო, როდესაც "პარმასა" და "ფიორენტინას" დაპირისპირება ევროპული მასშტაბით დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ დრონი მეფობენო, ნათქვამია და დღეს ამ ორი გუნდის ჯახი ლოკალურ ფარგლებს არ სცდება.

შესაბამისად, სათქმელი ბევრი არაფერია - "ენიო ტარდინიზე" შედეგიანი ფრე დაფიქსირდა, გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს და თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში. ორივე გუნდის მიზანი ცხრილის ზედა ნაწილში ანაცვლებაა და ვნახოთ, რამდენად გამოუვათ ეს საქმე. "ჩეზენამ" საკუთარ მოედანზე "კალიარი" ვერ დაამარცხა და კიდევ უფრო დაუახლოვდა სერია B-ს.

ბოლონია-იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 დი ვაიო (17), 1:1 ვუჩინიჩი (58).
გაძევება: ბონუჩი (84. იუვენტუსი).

ჩეზენა-კატანია 0:0
გაძევება: პუდილი (21) - ალმირონი (90).

პარმა-ფიორენტინა 2:2
გოლები: 1:0 ოკაკა (28), 1:1 ნასტასიჩი (60), 1:2 ჩერჩი (71), 2:2 ჯოვინკო (87-პენ.).

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 26 16 6 4 53-22 54
2. იუვენტუსი 26 13 13 0 39-17 52
3. ლაციო 26 14 6 6 41-30 48
4. უდინეზე 26 13 7 6 37-23 46
5. ნაპოლი 26 11 10 5 44-25 43
6. რომა 26 11 5 10 39-33 38
7. ინტერი 26 11 4 11 36-36 37
8. კატანია 26 8 11 7 34-35 35
9. პალერმო 26 10 4 12 39-43 34
10. კიევო 26 9 7 10 22-31 34
11. ატალანტა 26 9 11 6 30-28 32
12. ფიორენტინა 26 8 8 10 27-27 32
13. ბოლონია 26 8 8 10 26-30 32
14. ჯენოა 26 9 5 12 35-48 32
15. კალიარი 26 7 10 9 23-28 31
16. პარმა 26 7 9 10 32-41 30
17. სიენა 26 7 8 11 30-28 29
18. ლეჩე 26 6 7 13 30-42 25
19. ნოვარა 26 3 8 15 21-46 17
20. ჩეზენა 26 4 5 17 16-40 17

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
:
18 - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 16 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა); 13 - კლოზე (ლაციო); 12 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

9 მარტი

ნაპოლი-კალიარი 23.45
დისკვალიფიკაცია: ჯემაილი (ნაპოლი).
ტრავმა: გრავა, ბრიტოსი, დონადელი - პინილია, ელ ქაბირი, სამპაიო, ერიკსონი.

კიევო-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: კასტაინოსი (ინტერი).
ტრავმა: გულანი, სარდო, მორერო - გუარინი, რანოკია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული