ლუის ენრიკე: ნეტავ იტალიაში მეთამაშა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ლაზარეთი ერთდროულად ორი ფეხბურთელით შეივსო და თანაც რა ფეხბურთელებით - ლაპარაკია ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსიზე. დედაქალაქური გუნდის ლიდერები ვარჯიშზე, პრაქტიკულად, ერთდროულად დაშავდნენ და წვრთნის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს მოუწევთ უქმობა "ჯალოროსის" სიმბოლოებს - უახლოეს პერიოდში მათ დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდებათ და საბოლოო დიაგნოზიც გაცხადდება. ამ მოკლე ინფორმაციის შემდეგ კი სიტყვა ლუის ენრიკეს უნდა გადავცეთ, რომელიც აპენინელ ჟურნალისტებს არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა და მათ შორის, ლიდერთა დაშავების შესახებ
გააკეთა კომენტარი. მოვუსმინოთ ესპანელ სპეციალისტს...

ტრავმები
ვერ ვიტყვი, რომ ამ სეზონში სხვებზე მეტად დავიჩაგრეთ, მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელთა ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. თუნდაც პაბლო ოსვალდო ავიღოთ, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო, როცა დაშავდა და ამან დათვური სამსახური გაგვიწია. განსაკუთრებული პრობლემები დაცვის ხაზში გვექმნება, რის გამოც ხშირად ნახევარმცველებს უხდებათ უკან დახევა. დანიელე დე როსიმ არაერთხელ შეასრულა ცენტრალური მცველის ფუნქცია, როდრიგო ტადეი და სიმონე პეროტა კი რამდენჯერმე ფლანგებზე გამოვიყენე.

ფრანჩესკო ტოტის დაშავებამ ძალიან შემაშფოთა, თუმცა მინდორი თავისი ფეხით დატოვა და დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია.

იგივე შემიძლია ვთქვა დე როსიზე, რომელიც გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშეა. საერთოდ, გრძელი სათადარიგო სკამით ვერ დავიკვეხნით და შესაბამისად, თითოეული ფეხბურთელი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

მიზანი
ჩემპიონთა ლიგის ზონიდან შვიდი ქულა და სამი საფეხური გვაშორებს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ჯობია რეალისტები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ სამეულში მოხვედრის შანსი არცთუ დიდი გვაქვს.

ჩვენი მიზანი მიმდინარე სეზონს სცილდება და ამიტომ სატურნირო ცხრილსა და კონკრეტულ ადგილებზე საუბარი გამიჭირდება. ევროპული ფეხბურთის გრანდს ჩავუყარეთ საფუძველი და მჯერა, რომ ამ რთულ გზას უმოკლეს დროში გავივლით. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი ახალგაზრდებზე და სწორედ ამიტომ არ იქნება ტრაგედია, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ.

რომში დიდი ხნით ჩამოვედი და აქედან წასვლაზე ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ მიფიქრია. ასეთი მომენტები კი უკვე იყო და მაგალითის მოყვანაც შეიძლება - როდესაც ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან ზედიზედ მეორეჯერ აგებ, შეიძლება ამან საბოლოოდ გაგტეხოს… თუმცა ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ემოციებს ვერ ავყვებით.

რომაული დერბი
ეს არის განსაკუთრებული მატჩი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. არაერთხელ მითამაშია ესპანურ ელ კლასიკოში და თქმა არ სჭირდება, რომ "ბარსა"-"რეალი" ყველასგან გამორჩეულია; მაგრამ თუ დამიჯერებთ, რომაულ დერბიში მონაწილეობა კიდევ უფრო დიდ წნეხთან არის დაკავშირებული. ქალაქში სრულიად არანორმალური ატმოსფეროა და ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ მარცხს სიკვდილი ჯობია.

ანუ მე უკვე ორჯერ ვინატრე სიკვდილი, მაგრამ საბედნიეროდ, ორივეჯერ გადავრჩი.

კარგად ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივრებისთვის დერბიში მარცხი განსაკუთრებულად მტკივნეულია. ამიტომ მომავალ "დერბი დელა კაპიტალეს" აქედანვე სულმოუთქმელად ველოდები. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ მსაჯები ასე უხეშად აღარ ჩაერევიან დერბის მსვლელობაში და ძლიერი ღირსეულ ბრძოლაში გამოვლინდება.

კალჩო
როდესაც სათადარიგო სკამიდან სერია A-ს მატჩებს ვუყურებ, გული მწყდება, რომ იტალიაში ფეხბურთი არასდროს მითამაშია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ აქ ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობს, მას არც სხვაგან გაუჭირდება თავის გამოჩენა. რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ძალიან იშვიათად და ეს სრულიად ბუნებრივია.

განსაკუთრებით თავდამსხმელებისთვისაა თამაში რთული, რადგან სერია A-ს აბსოლუტურად ყველა გუნდი თავს შესანიშნავად იცავს.

სიამოვნებით გამოვცდიდი თავს აპენინებზე ფეხბურთელის რანგში და გული მწყდება, რომ თავის დროზე ამის საშუალება არ მომეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული