ფაბიო კანავარომ ბორინი შეაქო

AutoSharing Option
საფეხბურთო იტალია საკლუბო ბატალიებშია ჩაფლული, მაგრამ პერიოდულად პრესაში სანაკრებო თემატიკაზეც იწერება.

მით უმეტეს, "სკუადრა აძურამ" ბოლო ორი ამხანაგური მატჩი წააგო და თანაც, ორივე საკუთარ მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები რომში ურუგვაის უმთავრეს გუნდთან დამარცხდნენ, შემდეგ კი გენუაში აშშ-ის ნაკრებთან შერცხვნენ. ბუნებრივია, ბევრი ალაპარაკდა კრიზისზე და აქა-იქ ჩეზარე პრანდელის კრიტიკაც გაისმა.

"აძურამ" განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება ამერიკელებთან დაპირისპირებისას დატოვა, თუმცა იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც აპენინელი ჟურნალისტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა - ეს მოთამაშე 20 წლის ფაბიო ბორინი გახლავთ, რომელმაც "რომაში" ბრწყინვალე ასპარეზობით დაიმსახურა სანაკრებო
მიწვევა.

ბორინის თამაშით მოხიბლულია იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო კანავარო და უმჯობესია, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ბორინი ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია და უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ის იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში მის თამაშს დიდი ინტერესით ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია ახალგაზრდებს შორის.

ჩემი პირადი აზრით, მას უკვე შეუძლია, რომ ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი და ლიდერადაც კი მოგვევლინოს. მართალია, ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემები არ აწუხებს. მოკლედ, ფაბიოზე დიდ იმედებს ვამყარებ და მინდა, რომ მისი თამაშით ევროპის ჩემპიონატზე დავტკბე".

კანავაროს აშშ-სთან გამართულ ამხანაგურ პაექრობაზე დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "ამერიკელებთან გამართულ მატჩს დიდი ინტერესით ვუყურე და როგორც ყველა, მეც უკმაყოფილო დავრჩი. "აძურაში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებმაც ახალი ენერგია შესძინეს გუნდს, თუმცა კარგი იქნება, თუ ამას გამოცდილებაც დაემატება.

პრანდელის ადგილზე აუცილებლად მივცემდი შანსს ანტონიო დი ნატალეს, რომელიც წლებია, შესანიშნავად თამაშობს და ბომბარდირთა დავაში მუდმივად მოწინავეთა შორის გახლავთ. ჩეზარე ძალიან კარგი სპეციალისტია და მჯერა, რომ უკრაინა-პოლონეთში საუკეთესო შემადგენლობას წაიყვანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კანავარო იტალიის ნაკების მწრთვნელის რანგში მოგვევლინება....
კობა
09:49 17-03-2012
0

სიახლეები პოპულარული