ფაბიო კვალიარელას რომის "ლაციო" უმიზნებს

AutoSharing Option
ფაბიო კვალიარელამ ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში და დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბის გამოცვლა მოუწევს.

ამ ამბავს თვით ანტონიო კონტე არ გამორიცხავს და დასძენს, რომ ჯერჯერობით ფაბიო ვერ ჩაეწერა მის მონახაზში. როდესაც მწვრთნელი ასეთ რამეს ამბობს, იქ უკვე ყველაფერი ცხადია და ძნელად წარმოსადგენია, რომ ვითარება შეიცვალოს - ანუ ფაბიომ ზაფხულში ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.

აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კვალიარელას გადაბირებით "ლაციოს" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და ტურინელ კოლეგებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ. აქვე ვთქვათ, რომ 29
წლის ფორვარდს "იუვენტუსთან" 2014 წლის 1 ივნისამდე აკავშირებს კონტრაქტი და თუ საქმე საქმეზე მიდგა, რომაელებს მასში, სავარაუდოდ, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ... ყოველ შემთხვევაში, ასეთია ფაბიოს საბაზრო ღირებულება და დანარჩენი უკვე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

ამ საკითხზე კომენტარი "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "მიროსლავ კლოზესა და ფაბიო კვალიარელას ტანდემი შესანიშნავი სანახავი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა.

ისე, ვადასტურებ, რომ ზაფხულში მაღალი კლასის ფორვარდის გადმობირებას ვგეგმავთ და ერთ-ერთი სამიზნე სწორედ კვალიარელაა. მის თამაშს დიდი ხანია ვაკვირდები და პირადად ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩაეწერებოდა "ლაციოს" მონახაზში. ამასთან, უნივერსალია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფაბიოს გადმობირებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული