იტალია. სერია A. XXIX ტურის წინ: "იუვენტუსი" "ინტერის" წინააღმდეგ!

AutoSharing Option
ამ უქმეებზე დიდი იტალიური დერბი შედგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო იტალიას მოსაწყენად არ ეცლება. "იუვენტუსი" "ინტერის" წინააღმდეგ, ეს ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც კვირას დაგეგმილი პაექრობა იქნება.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც "მილანის" გულშემატკივრები "ინტერს" დაუჭერენ მხარს, რადგან "ბიანკონერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული, "ნერაძური" კი კაცმა არ იცის რაში...

მოკლედ, სატურნირო ცხრილის გადასახედიდან, უფრო მოტივირებული წესით "იუვენტუსი" უნდა იყოს, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე... შესაძლოა, ერთი კონკრეტული მატჩის მოსაგებად სატურნირო მოტივაციის ნაკლებობა და ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლება უკეთესიც იყოს.

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება "ინტერის" გამოცდილმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა:

"მეტოქე სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული და ბევრი რამე აქვს დასაკარგი, ჩვენ კი თავისუფლად ვითამაშებთ. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ არ ვინერვიულოთ, არ დავიძაბოთ და შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინოთ.

მოგების შემთხვევაში, საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნდება და შემდეგ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ. მთავარი ერთი მნიშვნელოვანი მატჩის მოგებაა და კვირას, ამის საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა".

დაახლოებით ანალოგიური შინაარსის კომენტარი გააკეთა კლაუდიო რანიერიმ და განსაკუთრებით იმას გაუსვა ხაზი, რომ "იუვენტუსის" დამარცხება "ინტერისთვის" კრიზისის დაძლევის წინაპირობა იქნება. თუმცა, იქვე დაამატა, ამის გაკეთება ურთულესი იქნება და ფავორიტი ტურინული გრანდიაო. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, რანიერი 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსა და დიეგო ფორლანის ტანდემს გაამწესებს. ვესლი სნეიდერი და რიკი ალვარესი ტრავმირებულნი არიან, შესაბამისად, მილანურ გუნდს გამთამაშებლის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ანტონიო კონტე ტრადიციულად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შეტევაში შემდეგ ტრიოს გაამწესებს: სიმონე პეპე, მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი. თუ პეპე და მატრი ბოლო დროს არც თუ კარგად ირჯებიან, სამაგიეროდ, ვუჩინიჩია შესანიშნავ ფორმაში და გოლს გოლზე იტანს.

სწორედ მან შეუგდო "მილანს" გადამწყვეტი გოლი, რომელმაც ტურინული გრანდი იტალიის თასის ფინალში გაიყვანა. ეს ამბავი სამშაბათს მოხდა და აი, ზუსტად ხუთ დღეში პიემონტელები მეორე მილანურ გუნდს უმასპინძლებენ - მოახლოებულ პაექრობაზე ტურინელთა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. უნდა დავინახოთ, რეალურად ვართ თუ არა მზად სკუდეტოს მოსაპოვებლად. დადებითი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება, ჩვენ სამი ქულა გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საწადელს მივაღწიოთ. ანდრეა ბარცალის ტრავმა აქვს, ჯერ ბოლომდე ვერ მოშუშდა და მისი ჯანმრეთელობის გარისკვას არ ვაპირებთ. სამაგიეროდ, ჯორჯო კიელინი გვიბრუნდება და ეს ძალიან მახარებს. ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ".

მართალია, სატურნირო მდგომარეობაზე ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, რა დროს ცხრილია? - წინ დიდი იტალიური დერბი გველის...

იუვენტუსი-ინტერი (სავარაუდო შემადგენლობები)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი, მატრი.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ძანეტი, პოლი, სტანკოვიჩი, ობი - მილიტო, ფორლანი.

არც ამ თამაშს დაეწუნება რამე
რომ არა დიდი იტალიური დერბი, ტურის ცენტრალური მატჩი "მილანი"-"რომას" დაპირისპირება იქნებოდა... ლომბარდიელები ლიდერობენ ჩემპიონატს და სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტები არიან, რომაელებს კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურთ და ჯერ კიდევ ოპტიმიზმით არიან აღსავსე.

ამ ოპტიმიზმის გასაღრმავებლად მილანში მინიმუმ ქულის მოპოვებაა საჭირო, რადგან "ჯალოროსის" მდგომარეობა სატურნირო ცხრილში არც თუ სახარბიელოა - ლუის ენრიკეს გუნდი მესამე ადგილზე მოკალათებულ "ლაციოს" ოთხი ქულით ჩამორჩება, ორ რომაულ გუნდს შორის კი "ნაპოლი" და "უდინეზე" არიან გამაგრებულნი.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ორივე გუნდი 4-3-1-2 ტაქტიკით გაირჯება. მასიმილიანო ალეგრი გამთამაშებლად ურბი ემანუელსონს გაამწესებს, წინა ხაზზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სტეფან ელ შაარავი იმოქმედებენ... ლუის ენრიკე თავდასხმაში პაბლო დანიელ ოსვალდოსა და ფაბიო ბორინის დაეყრდნობა, ფორვარდთა უკან კი ფრანჩესკო ტოტი გაირჯება. ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე გააკეთებს და წესით, კარგი თამაში უნდა გაჩაღდეს.

მოვუსმინოთ ლუის ენრიკეს, რომელსაც სჯერა, რომ მის გუნდს "სან სიროზე" გამარჯვება შეუძლია:

"ჩვენ შეგვიძლია "მილანის" დამარცხება, მაგრამ ამისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და შეცდომები პრაქტიკულად არ დავუშვათ. მართალია, ლომბარდიელებს "ბარსელონასთან" უწევთ უმნიშვნელოვანესი თამაში, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩვენთან ძალები დაზოგონ. ამიტომ, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვარ და ასევეა თითოეული ჩემი შეგირდი. ვეცდებით შევუტიოთ, ეს "რომას" ფილოსობიაა, რომელზეც უარს არასდროს ვიტყვით".

ბოლოს, მასიმილიანო ალეგრის გადავცეთ სიტყვა:

"გუნდი გადაღლილი მეჩვენება, მაგრამ ასეთი გადატვირთული გრაფიკის ფონზე, ეს ბუნებრივია. საგანგაშო არაფერია, ოპტიმალურად უნდა გადავანაწილოთ ძალები და ყველაფერი გამოგვივა. ამასთან, ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, რაც ძალიან მახარებს. "რომა" შემტევი გუნდია, არც ჩვენ დავდგებით უკან და წესით, სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს. ვნახოთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება".

მილანი-რომა (სავარაუდო შემადგენლობები)
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, მექსე, ტიაგო სილვა, მესბა - აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ემანუელსონი - იბრაჰიმოვიჩი, ელ შაარავი.
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - ტადეი, კიაერი, ჰაინცე, ანხელი - გაგო, დე როსი, პიანიჩი - ტოტი - ბორინი, ოსვალდო.

სერია A. XXIX ტური
24 მარტი
მილანი-რომა 21.00
დისკვალიფიკაცია: ანტონინი (მილანი).
ტრავმა: პატო, ინძაგი, შტრასერი, კასანო, აბატე, ფლამინი - ბურდისო, ჟუანი.

პალერმო-უდინეზე 23.45
დისკვალიფიკაცია: ბერტოლო, მუნიოსი - ფლორო ფლორესი, ფაბრინი, დომიცი.
ტრავმა: ბაჩინოვიჩი, სილვესტრი, მილიაჩო - ბენეტია, ბადუ, ისლა.

25 მარტი
ატალანტა-ბოლონია 15.30
ტრავმა: ბრიგი, მარილუნგო, ბელინი, კაპელი, დენისი - რამირესი, გარიჩი, კაზარინი.

ჩეზენა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: როსი, კოლუჩი - ძაკარდო.
ტრავმა: პაროლო, გუანა, მარტინესი, იაკვინტა - მარიგა.

კიევო-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: ლუჩანო, რიგონი - ტერცი.
ტრავმა: სარდო, მორერო, გულანი - ბოლცონი, დაგოსტინო, კალაიო.

ჯენოა-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: იანკოვიჩი - ჩერჩი.
ტრავმა: კუჩკა, ანტონელი, ბოვო, გრანკვისტი, კონსტანტი - კროლდრუპი, ფელიპე.

ლაციო-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: დიასი, მათუზალემი - კანინი.
ტრავმა: გარიდო, ლულიჩი, კლოზე - ელ ქაბირი, დესენა, სამპაიო, ერიკსონი.

ნაპოლი-კატანია 18.00
ტრავმა: დონადელი, მაჯო - ბიაჯანტი, პოტენცა, მოტა.

ნოვარა-ლეჩე 18.00
დისკვალიფიკაცია: ოდო (ლეჩე).
ტრავმა: ლუდი, მარიანინი, და სილვა - კაროციერი, ოფერე, ჟულიო სერჟიო.

იუვენტუსი-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: ლიხტშტაინერი (იუვენტუსი).
ტრავმა: ბარცალი - გუარინი, სნეიდერი, ალვარესი.

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 28 18 6 4 57-22 60
2. იუვენტუსი 28 14 14 0 44-17 56
3. ლაციო 28 14 6 8 42-34 48
4. ნაპოლი 28 12 11 5 52-30 47
5. უდინეზე 28 13 8 7 39-26 47
6. რომა 28 13 5 10 41-33 44
7. ინტერი 28 12 5 11 38-36 41
8. კატანია 28 10 11 7 36-35 41
9. ბოლონია 28 9 9 10 31-33 36
10. პალერმო 28 10 5 13 40-45 35
11. კიევო 28 9 8 11 24-35 35
12. ატალანტა 28 9 13 6 31-29 34
13. კალიარი 28 8 10 10 29-35 34
14. ჯენოა 28 9 6 13 35-49 33
15. სიენა 28 8 8 12 32-30 32
16. ფიორენტინა 28 8 8 12 27-33 32
17. პარმა 28 7 10 11 33-44 31
18. ლეჩე 28 6 8 14 31-45 26
19. ნოვარა 28 5 8 15 24-46 23
20. ჩეზენა 28 4 5 19 16-45 17

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
20 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - დი ნატალე (უდინეზე); 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა), მილიტო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული