წარმატების საიდუმლო მწვრთნელშია

AutoSharing Option
ჯანლუიჯი ბუფონმა დიდ იტალიურ დერბიში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ის, რომ "იუვენტუსმა" "ინტერი" დამაჯერებლად დაამარცხა, ამაში ლომის წილი მიუძღვის. საყოველთაო მოსაზრებით, "ვეკია სენიორას" ლიდერი დღეს სწორედ ბუფონია და ტურინული გრანდის წაუგებელი სერია დიდწილად მისი ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგია. ჯიჯი "სქაი სპორტ იტალიას" გაესაუბრა და ბევრ საინტერესო საკითხზე გააკეთა კომენტარი. ქვემოთ, მის ინტერვიუს გაეცნობით.

- გჯერათ, რომ "იუვენტუსი" სკუდეტოს მოიგებს?
- დიახ, მჯერა, რადგან ლიდერს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამოვრჩებით და ჩემპიონატის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი.

ამასთან, ჯერ კიდევ დაუმარცხებლები ვართ, რაც
იმის დადასტურებაა, რომ გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატის დაწყებამდე ეჭვი მეპარებოდა, სკუდეტოსთვის ბრძოლას თუ შევძლებდით, მაგრამ რეალობა მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. დღეს კი უკვე ნამდვილად მჯერა და მომავალს იმედით შევყურებ.

- რისი დამსახურებაა "იუვენტუსის" ასეთი პროგრესი?
- ვისი და არა რისი, რადგან ამ პროგრესის მთავარი შემოქმედი ანტონიო კონტეა. მან ყოველთვის იცის, როგორი შემადგენლობა დააყენოს და რომელი ტაქტიკა აირჩიოს. ამასთან, საოცრად კარგად გამოსდის გუნდის საბრძოლველად შემართვა და ყველაზე რთულ მომენტში საჭირო სიტყვების თქმა. ერთი სიტყვით, კონტე შესანიშნავი სპეციალისტია და "იუვენტუსის" აღმასვლა, პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა.

- ბევრი ამბობს, რომ წაუგებელ მატჩთა სერია "იუვენტუსის" თამაშზე უარყოფით გავლენას ახდენს...
- მეც ხშირად მსმენია ამის შესახებ და მიფიქრია კიდეც, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ჩვენთვის პრობლემა იყოს. საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზედმეტად ნამდვილად არ ვზრუნავთ და თუ გასარისკია, ვრისკავთ კიდეც. ფრეების დიდი რაოდენობა არა ზედმეტი სიფრთხილის, არამედ საგოლე მომენტების დაბალი რეალიზების ბრალია. სამწუხაროდ, უამრავ მომენტს ვანიავებთ და ამ კომპონენტზე ნამდვილად გვმართებს მუშაობა. ამ მხრივ, "მილანი" აშკარად გვჯობია და ამიტომაც ლიდერობს ჩემპიონატს.

- ტურინელი გულშემატკივრები თვლიან, რომ მსაჯები "იუვენტუსს" ჩაგრავენ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ქომაგების მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ მსაჯები ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანებს არ დებენ, მაგრამ ასე ცალსახად რაიმეს მტკიცება მაინც რთულია. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს შეხვედრები, რომლებშიც არბიტრები "იუვენტუსის" სასარგებლოდ შეცდნენ და შეგვიძლია თუნდაც "მილანთან" პაექრობა გავიხსენოთ.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ სალი მუნტარის თავურის შემდეგ ბურთმა აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი და ეს მხოლოდ მსაჯებმა ვერ დაინახეს... ამ ეპიზოდს უდიდესი რეზონანსი მოჰყვა და მაშინ პირიქით ამბობდნენ, "იუვენტუსს" ეხმარებიანო. ასე რომ, რაიმე შეთქმულებაზე ლაპარაკი უადგილო მგონია. არბიტრები კი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისევე ცდებიან, როგორც ფეხბურთელები.

- სიტყვამ მოიტანა და, "მილანთან" მატჩის ის სკანდალური ეპიზოდი გავიხსენოთ... მაშინ დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა ნათქვამმა, რომ გუნდის ინტერესები სიმართლეზე მაღლა დგას...
- ჩემს ნათქვამს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. არ გამკვირვებია, რომ მკაცრად გამაკრიტიკეს, რადგან ის განცხადება ცხელ გულზე გავაკეთე და ბოლომდე არც მე ვიზიარებ ჩემივე ნათქვამს. დიახ, ხანდახან ასეც ხდება, რომ საკუთარ თავს არ ეთანხმები და ამის აღიარება უნდა შეგეძლოს. პლატინიმ აბსოლუტურად სწორად თქვა, ფეხბურთს ბავშვები უყურებენ და არ შეიძლება, მათ არასწორი მაგალითი მივცეთო.

- თანაც, თქვენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ხართ და ამაზე უკვე, პრაქტიკულად, ყველა თანხმდება...
- ბევრი მეუბნება ამას და ეს ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა. ბუნებრივია, ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, რადგან მსოფლიოში ბევრი უმაღლესი კლასის მეკარეა. იკერ კასილიასი ავიღოთ, ან თუნდაც პეტრ ჩეხი... პირადად მე, ძალიან მომწონს მანუელ ნოიერის თამაში. მას კიდევ შეუძლია მომატება და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება.

- იტალიელ მეკარეებზე რას იტყვით?
- ჩვენთან სამეკარეო სკოლა ყოველთვის კარგად მუშაობდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია არასდროს გაქრება. დღესაც უამრავი ნიჭიერი კიპერი გვყავს, რომლებიც თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და გავანაწყენო.

- მომდევნო სეზონში სამ ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა და შესაბამისად, კლუბის მესვეურებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობა მართებთ... რომელ ფეხბურთელებს გაუწევდით რეკომენდაციას?
- სატრანსფერო საკითხებში ნამდვილად არ ვერევი და არც ვაპირებ ჩარევას. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ისე კი, გუნდში ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა და კარგი იქნება, თუ მართლაც გავძლიერდებით. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი გამოწვევაა, რომლისთვისაც 100%-ით მზად უნდა ვიყოთ.

ჩემი ნება რომ იყოს, თითო რგოლში, მინიმუმ, ერთი მაღალი კლასის მოთამაშეს დავამატებდი, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებას მოვერიდები. ეს ანტონიო კონტეს და კლუბის მესვეურთა გადასაწყვეტია და მოდით, ნუ ჩავერევით მათ კომპეტენციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ნამდვილად ის ზიდანის თავური რომ აიღო ამით ზიდანის კარიერა ცუდად დაამთავრა შედარებით თორე საფრანგეთს რომ დამატებით დროში ზიდანის თავურით მოეგო მსოფლიოში პირველი გახდებოდა რა მარადონა რა პელე ყველას გადაასწრებდა!!! ეხლა კიდე მათ გვერდზე დგას ზიზუ!!! ბუფონს რაც შეეხება დასაევის დონეზეა და ისტორიამ შეიძლება მასზე მაღლაც კი დააყენოს...
gogalo
10:44 30-03-2012
0
ძაან მაგარი მეკარეე..
სულ ის მახსენდება ზიდანს მუნდიალის ფინალში რა თაური აუღო
მწვრთნელი კი არა ესსაა ნახევარი გუნდი ინტერთან პირველ ტაიმში რა ბურთები აიღო
fcbarsa
03:26 30-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული