მოკლედ, ალესანდრო დელ პიეროს ხან ვინ ექაჩება თავისთან და ხან ვინ... ბოლოს ამ თემაზე კომენტარი "პალერმოს" ლიდერმა ფაბრიციო მიკოლიმ გააკეთა და ტურინული გრანდის ცოცხალი ლეგენდა სიცილიაზე დაპატიჟა. ამ უქმეებზე "პალერმოს" სწორედ "იუვენტუსთან" უწევს მეტოქეობა და როგორც მიკოლი ახადებს, ამ თემაზე აუცილებლად ჩამოუგდებს სიტყვას დელ პიეროს. მოვუსმინოთ ფაბრიციოს:
"დელ პიეროსთან ერთად "იუვენტუსში" მომიწია თამაშმა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო პარტნიორი გახლდათ, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.
ამასთან, შესანიშნავი პიროვნებაა, ვისგანაც უამრავი რამ შეიძლება ისწავლო. თუ გადაწყვეტს და "პალერმოში" გადმოვა, მზად ვარ, მას
ჩემი 10-ნომრიანი მაისურიც კი დავუთმო. ამ უქმეებზე მას მოედანზე შევხვდები და თამაშის შემდეგ აუცილებლად შევთავაზებ "პალერმოში" გადმოსვლას.
მართალია, სატრანსფერო საკითხები ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ და თვით კლუბის პრეზიდენტის, მაურიციო ძამპარინის როლს შევითავსებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"