სერია A. XXXI ტურის წინ: "მილანი" სკუდეტოზე უნდა გადმოერთოს

AutoSharing Option
XXXI ტურის აბსოლუტურად ყველა შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება, რომელთაგან სამი პაექრობა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: "სან სიროზე" "მილანი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს, სიცილიაზე "პალერმო" "იუვენტუსს" მიიღებს, ხოლო რომში "ლაციო" "ნაპოლის" დაუხვდება.

ჯერ მილანში გადავინაცვლოთ და შემდეგ, მივყვეთ თანმიმდევრობით...

მილანი-ფიორენტინა
"მილანი" დიდ ვნებათაღელვაშია ჩაფლული, ჯერ კიდევ აქტიურად საუბრობენ ლომბარდიული გრანდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნასა და იმ ორ თერთმეტმეტრიანზე, რომელიც არბიტრმა "ბარსელონას" სასარგებლოდ დანიშნა. განსაკუთრებით მეორე პენალტზე, რომელიც აშკარად არ იყო დასანიშნი.

მოკლედ, მილანში ჯერ კიდევ ვერ მოინელეს კატალონიელებთან მარცხი და ასეთ დროს, "ფიორენტინასთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრის
ჩატარება უწევთ.

ჯერ ლომბარდიელთა მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის მოვუსმინოთ და შემდეგ, ტაქტიკა-შემადგენლობაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ "ბარსელონასთან" პაექრობა და სერია A-ს ბატალიებზე გადავერთოთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ყველა ტურნირიდან უკვე გამოვეთიშეთ.

"ფიორენტინა" გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა და ყველაფერს გააკეთებს, რომ მინიმუმ ერთი ქულა აიღოს. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. ფლორენციელები კონტრშეტევებზე ააგებენ თამაშს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქის დაცვითი რუბიკონების გარღვევა მოგვიწევს. იმედი მაქვს, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება და ლიდერობას შევინარჩუნებთ".


შემადგენლობასთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო ანტონიო კასანოს ამბავია, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და როგორც თავად აცხადებს, მზადაა ამ უქმეებზე დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს - მოვუსმინოთ ანტონიოს:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და თუ ალეგრი მათამაშებს, დიდი სიამოვნებით გავალ მინდორზე. კარგად მესმის, რომ ძირითად შემადგენლობაში ჯერ არავინ დამაყენებს, მაგრამ იქნებ თუნდაც რამდენიმე წუთით მომიწიოს თამაშმა".

ბუნებრივია, ამ საკითხზე ჟურნალისტები ალეგრის დაეკითხნენ და მისგან ძალიან მოკლე პასუხი მიიღეს: "ვნახოთ"...

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, კასანო განაცხადში, თუმცა სათადარიგოთა სკამზე იქნება, "მილანის" შემტევი ტანდემი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოსგან დაკომპლექტდება. მათ უკან ურბი ემანუელსონი გაირჯება, კიდევ უფრო უკან კი სალი მუნტარი, ალბერტო აკვილანი და ანტონიო ნოჩერინო იმოქმედებენ.

"ფიორენტინას" ჯერ კიდევ დელიო როსი უდგას სათავეში და კიდევ რომ წააგოს, ალბათ ვეღარც გადაურჩება პოსტის დატოვებას. არადა, ამოცანა ურთულესი აქვს: "მილანთან" თამაში და თანაც, "სან სიროზე". "გაძეტას" ვარაუდით, როსი ფრთხილ სტრატეგიას აირჩევს და გუნდს 4-4-1-1 ტაქტიკით განალაგებს. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი სტევან იოვეტიჩი იქნება, მის პასებით მომარაგებაზე კი მეტწილად ადემ ლიაიჩი იზრუნებს...

ვნახოთ, რა გამოუვათ ბალკანელებს, რთული მისია რომ აკისრიათ, ეს ცხადზე უცხადესია. ამას დელიო როსიც ხვდება და ამად არის, რომ ფრთხილ კომენტარებს აკეთებს:

"ვპირდებით გულშემატკივრებს, რომ თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

ფავორიტი რა თქმა უნდა "მილანია", გუნდი, რომელიც არამარტო იტალიის, ევროპული მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესია. დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და თუ შანსი მოგვეცა, აუცილებლად გამოვიყენოთ.

იმედი მაქვს, რომ სეზონში საუკეთესო თამაშს ჩავატარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში "მილანთან" დადებითი შედეგის მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია".

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, მექსე, ანტონინი - აკვილანი, მუნტარი, ნოჩერინო - ემანუელსონი - რობინიო, იბრაჰოვიჩი.
ფიორენტინა (4-4-1-1): ბორუცი - კამპორეზე, ნატალი, ნასტასიჩი, დე სილვესტრი - ხარჯა, ბერამი, ლაძარი, პასკუალი - ლიაიჩი - იოვეტიჩი.

პალერმო-იუვენტუსი
ერთი შეხედვით, უფრო რთული თამაში აქვს "იუვენტუსს", რომელსაც სიცილიაზე უწევს სტუმრობა. "პალერმოსთან" გასვლაზე თამაში იოლი ნამდვილად არაა და ეს ანტონიო კონტემ ყველაზე უკეთ იცის - სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"კიდევ ერთი ურთულესი გამოცდა, რომელსაც იმედი მაქვს წარმატებით ჩავაბარებთ. "პალერმოს" დარ გუნდებთან გასვლაზე თამაში ძალიან ძნელია და ეს ჯერ კიდევ ფეხბურთელობიდან კარგად მახსოვს. მთავარია, საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს და შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოიყენოთ.

პირველი ნომრიდან ვითამაშებთ, რადგან სხვაგვარად წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. თუ სიცილიელებმა თავისი თამაში იპოვნეს, მათი შეჩერება ურთულესი ხდება, ამიტომ, ბურთზე კონტროლი უნდა დავაწესოთ".

საგულისხმოა, რომ "იუვენტუსი" კუნძულზე დანაკლისის გარეშე ჩადის და ეს მაშინ, როდესაც ტურინული გუნდის უმთავრეს კონკურენტ "მილანს" თერთმეტი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული.

ქებათა ქება "იუვეს’ ექიმებს, მთელი სეზონია "ბიანკონერი" ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობს, რაც მხოლოდ იღბლის დამსახურება არ უნდა იყოს.

"გაძეტას" ვერსიით, კონტე 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში მირკო ვუჩინიჩს ფაბიო კვალიარელას შეუწყვილებს.

რაც შეეხება "პალერმოს", ფაბრიციო მიკოლია სრულ მზადყოფნაში და ეს ყველაზე მთავარი მოვლენაა, დანარჩენს კი როგორმე ეშველება... ვნახოთ, წინ საინტერესო ჯახი გველის.

სავარაუდო შემადგენლობები
პალერმო (3-5-2): ვივიანო - მუნიოსი, მილანოვიჩი, ლაბრინი - პიზანო, მილიაჩო, დელა როკა, ბარეტო, ასკუა - მიკოლი, ბუდანი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - კასერესი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, დე ჩელიე - ვუჩინიჩი, კვალიარელა.

ლაციო-ნაპოლი
უაღრესად საინტერესო მატჩი გაიმართება რომის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც "ლაციო" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწორზე მთელი ექვსი ქულა დევს, რადგან ერთმანეთის პირისპირ უშუალო კონკურენტები წარსდგებიან.

ედუარდო რეია ნაცად ტაქტიკას აირევს და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ ტომაზო როკის, უკნიდან შემტეგ ტრიოს დაახმარს: ერნანესი, გონსალესი, მაური. ვალტერ მაცარი კი ექსპერიმენტებს გვპირდება და პირველად ბოლო წლებში, საყვარელ ტაქტიკაზე უარის თქმას აპირებს. დიახ, 3-4-2-1-ის ნაცვლად, 4-3-1-2 სქემას გამოიყენებს და შეტევის წინა ხაზზე ედინსონ კავანისა და ესეკილ ლავეცის ტანდემს გაამწესებს. გამთამაშებლის ფუნქციები გორან პენდევს დაეკისრება, მოედნის შუაგულში კი შემდეგ სამეულს ვიხილავთ: ბლერიმ ჯემაილი, გეკჰან ინლერი, მარეკ ჰამშიკი.

მაცარის მართლაც საინტერესო ჩანაფიქრი აქვს და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მისი ექსპერიმენტი.

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - სკალონი, ბიავა, დიაკიტე, კონკო - ლედესმა, ცანა - გონსალესი, ერნანესი, მაური - როკი.
ნაპოლი (4-3-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი, არონიკა - ჯემაილი, ინლერი, ჰამშიკი - პანდევი - ლავეცი, კავანი.

სერია A. XXXI ტური
7 აპრილი
მილანი-ფიორენტინა 17.00
დისკვალიფიკაცია: ჩერჩი, მონტოლივო (ფიორენტინა).
ტრავმა: ვან ბომელი, ტიაგო სილვა, ინძაგი, შტრასერი, რომა, ფლამინი, პატო, ბოატენგი, ნესტა, ანტონინი, მესბა - გამბერინი, ვარგასი, კასანი, კროლდრუპი.

ატალანტა-სიენა 17.00
დისკვალიფიკაცია: ბრიენცა (სიენა).
ტრავმა: ბრიგი, მარილუნგო, კაპელი - ანჯელო, კალაიო.

კალიარი-ინტერი 17.00
დისკვალიფიკაცია: ლუსიო, ჟულიო სეზარი (ინტერი).
ტრავმა: დესენა, რუი სამპაიო, ერიკსონი - მაიკონი, სნეიდერი, კასტაინოსი.

ჩეზენა-ბოლონია 17.00
დისკვალიფიკაცია: მუტუ, პუდილი (ჩეზენა).
ტრავმა: პაროლო, გუანა, მარტინესი, კალდერონი, პუდილი, იაკვინტა - გარიჩი, კაზარინი, ანტონსონი, კრხინი.

კიევო-კატანია 17.00
დისკვალიფიკაცია: დაინელი (კიევო).
ტრავმა: ურიბე, მორერო, აჩერბი, გულანი, მოსკარდელი - ბიაჯანტი, პოტენა.

ლეჩე-რომა 17.00
ტრავმა: ჟულიო სერჟიო, ესპოზიტო - ტოტი, ბორინი, ჟუანი, გრეკო, კასეტი, ლობონტი.

ნოვარა-ჯენოა 17.00
დისკვალიფიკაცია: ბელუსკი (ჯენოა).
ტრავმა: ლუდი, მარიანინი, უიკანი, პაჩი, და სილვა - ანტონელი, კონსტანტი.

უდინეზე-პარმა 17.00
ტრავმა: ფერონეტი, ფლორო ფლორესი, ბასტა, ბატოკიო, ფაბრინი, ბადუ, ისლა - ფერარიო.

პალერმო-იუვენტუსი 20:30
დისკვალიფიკაცია: ბერტოლო, მანტოვანი, დონატი, ერნანდესი (პალერმო).
ტრავმა: აგუირეგარაი, ბალცარეტი, სილვესტრი (პალერმო).

ლაციო-ნაპოლი 23.00
დისკვალიფიკაცია: ცუნიგა, გარგანო (ნაპოლი).
ტრავმა: ბროკი, დიასი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ლულიჩი - როზატი, დონადელი, მაჯო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 30 19 7 4 60-24 64
2. იუვენტუსი 30 16 14 0 49-17 62
3. ლაციო 30 15 6 9 44-37 51
4. ნაპოლი 30 12 12 6 54-35 48
5. უდინეზე 30 13 9 8 40-28 48
6. რომა 30 14 5 11 47-37 47
7. ინტერი 30 13 5 12 43-42 44
8. კატანია 30 10 13 7 39-38 43
9. პალერმო 30 11 6 13 44-47 39
10. კიევო 30 10 9 11 27-37 39
11. ატალანტა 30 10 13 7 33-31 37
12. კალიარი 30 9 10 11 31-36 37
13. სიენა 30 9 9 12 34-31 36
14. ბოლონია 30 9 9 12 32-38 36
15. პარმა 30 8 11 11 38-47 35
16. ჯენოა 30 9 7 14 41-56 34
17. ფიორენტინა 30 8 9 13 30-37 33
18. ლეჩე 30 6 10 14 31-45 28
19. ნოვარა 30 5 9 16 26-51 24
20. ჩეზენა 30 4 7 19 18-47 19

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
22 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 17 - მილიტო (ინტერი); 16 - პალასიო (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული