ესეკილ ლავეცის აგენტის ორაზროვანი განცხადება

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლისთან" ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამით მის სამომავლო გეგმებს ნათელი მოჰფინა.

არადა, ძალიან ხშირად ვრცელდებოდა ცნობები სლოვაკის ნეაპოლიდან შესაძლო აბარგების შესახებ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა.

მოკლედ, ჰამშიკმა ყველაფერი გაარკვია და ჯერი ესეკილ კავეციზეა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მსურველი ჰყავს, ვიდრე იგივე ჰამშიკს.

სულ ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ლავეცის მომავალი "ანჟის" დაუკავშირდეს, რომელიც მზადაა არგენტინელ თავდამსხმელში კოლოსალური თანხა გადაიხადოს. იტალიელი ჟურნალისტები ლავეცის აგენტს გაესაუბრნენ და მისგან ორაზროვანი კომენტარი მოისმინეს.

ალეჰანდრო მაცონისი:"ლავეცის ძალიან
უყვარს ნეაპოლი და ვიცი, რომ ამ ქალაქში თავს ბედნიერად გრძნობს. ისიც ვიცი, რომ სხვა გუნდში გადაბარგებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს, თუმცა რა იქნება მომავალში, ეს რთული სათქმელია. ესეკილს ძალიან უყვარს "ნაპოლი", მაგრამ მხოლოდ გულით გადაწყვეტილების მიღება დღეს რთულია - ასე რომ იყოს, ჩემი კლიენტი, ალბათ, არც სამშობლოს დატოვებდა და კარიერას მშობლიურ გუნდში დაასრულებდა.

ამიტომ ნებისმიერი წინადადება უნდა განიხილო
და ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს მიანიჭო მნიშვნელობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ესეკილი მხოლოდ სერია A-ს მომდევნო შეხვედრაზეა კონცენტრირებული და ჯერჯერობით არსად წასვლაზე არ ფიქრობს".

პრესასთან კომენტარი კიდევ ერთმა ნეაპოლელმა, გეკჰან ინლერმა გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: "ერთი წუთითაც არ მინანია, რომ თავის დროზე "უდინეზედან" "ნაპოლიში" გადასვლა გადავწყვიტე. მართალია, უდინური გუნდი დღეს გაცილებით უფრო ახლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურთან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მე სწორედ "ნაპოლისთან" ერთად მსურს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობა და იმედი მაქვს, ამის საშუალება კიდევ ერთხელ და თუნდაც არაერთხელ მომეცემა. ასე რომ, არსად წასვლას არ ვაპირებ და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს დავიცავ "ნაპოლის" ღირსებას".

"ნაპოლის" სატრანსფერო პოლიტიკა მეტწილად ვალტერ მაცარის მომავალზეა დამოკიდებული - უფრო სწორად იმაზე, თუ ვინ იქნება მომდევნო სეზონიდან სამხრეთული გუნდის მთავარი მწვრთნელი... თუ "ნაპოლიმ" იტალიის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მაცარი ნამდვილად შეინარჩუნებს პოსტს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დიდია შანსი, ნეაპოლიდან აბარგება მოუწიოს - სწორედ ასეთი ქვეტექსტი აქვს "ჩელესტეს" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებას:

"სატრანსფერო საკითხებზე დღეს კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილზე ვარ კონცენტრირებული. თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ფეხბურთელებმა ეს კარგად უნდა გააცნობიერონ. ზაფხულის გეგმებიც დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავასრულებთ მიმდინარე სეზონს - ტიტული და ჩემპიონთა ლიგის საგზური დიდი სტიმული იქნება სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისთვის და იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება. თანაც, სატრანსფერო საკითხები, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. მაცარის კი ჯერ სხვა ამოცანები აქვს გადასაჭრელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული