"მილანი" სერდარ ტასკის უმიზნებს!

AutoSharing Option
"შტუტგარტის" 25 წლის მცველ სერდარ ტასკიზე ახალი სატრანსფერო მითქმა-მოთქმა დაიწყო. თუკი "ბარსელონას" დაინტერესება არ დაკონკრეტებულა და სპეკულაციად დარჩა, თუ ჩვენს გერმანელ კოლეგებს დავუჯერებთ, ამჯერად საქმე უკვე სერიოზულადაა: როგორც ირკვევა, "შტუტგარტის" კაპიტანს, რომელიც გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაშიც მოიაზრება, ახლა "მილანმა" დაადგა თვალი.

ეს ცნობა გუშინ რამდენიმე იტალიურმა გაზეთმა გაავრცელა, მერე გერმანულმა მედიამაც აიტაცა და ბოლოს ფეხბურთელის მრჩეველმა დაადასტურა.

"კორიერე დელო სპორტისა" და "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, მილანელები ტასკიში პსჟ-ში 42 მილიონ ევროდ გაყიდული ტიაგო სილვას შემცვლელს ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ სერდარს შვაბებთან კონტრაქტი 2014
წლამდე აკავშირებს, მაგრამ მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ტასკის შვაბური კლუბის დატოვება წელს 10 მილიონ ევროდ შეუძლია.

ჩვენი იტალიელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ "მილანს" "შალკეს" 20 წლის ბერძენი მცველის, კირიაკოს პაპადოპულოსის გადაბირებაც სურდა, მაგრამ როგორც გელზენკირხენული კლუბისგან, ისე ფეხბურთელის აგენტისგანაც ცივი უარი მიიღო.

"როსონერის" ტიაგო სილვას შემცვლელად "პორტუს" ცენტრალური მცველი როლანდოც ესახება, მაგრამ პორტუგალიურმა კლუბმა ამ უკანასკნელში 15 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც "მილანს" ეძვირა.

"მეც გავიგე, რომ "მილანის" ხელმძღვანელები სერდარზე ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ მილანიდან ჩემთვის არავის დაურეკავს. თავად ტასკი ახლა მხოლოდ "შტუტგარტზეა" კონცენტრირებული," - ეს ტასკის მრჩევლის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული