ანტონიო კონტეს ასისტენტი გადადგა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" და მისი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ცნობილი სკანდალის საბოლოო განაჩენს ელოდებიან და ვიდრე "ბებერი ქალბატონის" თავკაცის ბედი გაირკვევა, ტურინულ გრანდში დიდი ვნებათაღელვაა.

7 აგვისტოს "იუვენტუსმა" ოფიციალურად დაადასტურა იტალიურ პრესაში დილით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ კონტეს ასისტენტმა კრისტიან სტელინიმ, რომელიც ცნობილ სკანდალში ასევეა გახვეული, თანამდებობა დატოვა.

"ბარის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც 2010/11 წლების სეზონშიც კონტეს ასისტენტი იყო, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 7 აგვისტოს გააკეთა. 38 წლის სტელინიმ სპეციალურ განცხადებაში "იუვენტუსს" მოუბოდიშა და თქვა, რომ არ სურს, იტალიის ჩემპიონს მის
გამო პრობლემები შეექმნას.

"ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მაიძულებს. ამ მოკლე დროში იტალიის ჩემპიონის ტექნიკური მწვრთნელი ქაოსის მთავარ გამომწვევად გადავიქეცი, პრესა ჩემს გვარს ყველა ბრუნვაში ატრიალებს და მე ნამდვილად არ მინდა, რომ "იუვეს" ჩემს გამო ჩირქი მოსცხონ.

შესაბამისად, თავს ვალდებულად მივიჩნევ, თანამდებობა დავტოვო. მადლობა და ბოდიში ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარში მედგა," - წერს სტელინი თავის განცხადებაში.

თავად კონტე კი ისევ განაჩენის მოლოდინშია და შესაძლოა, მისი მდგომარეობა დამძიმდეს. თუკი თავიდან 3 ან 4-თვიან დისკვალიფიკაციაზე იყო საუბარი, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახლა ანტონიოს 15 თვით ფეხბურთიდან მოკვეთას ითხოვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული