"ბებერი ქალბატონის" სტატუსზე ვერც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციამ იმოქმედა - არა მარტო იმიტომ, რომ ტურინელებმა "სკუდეტო" წაუგებლად დასაკუთრეს, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ "იუვეს" მთავარი კონკურენტები ჯეროვნად ვერ გაძლიერდნენ. 20-დან 4 გუნდი კი სეზონის სტარტს დაკლებული ქულებით ხვდება.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია "სიენა", რომელიც სეზონს -6 ქულით იწყებს.
* * *
იტალიელი ექსპერტები იტალიის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად "იუვენტუსს" კიდევ ერთი,
"იუვეს" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გუნდში დაბრუნებული სებასტიან ჯოვინკოა, რომლის ტრანსფერი "პარმადან" 11 მილიონი დაჯდა, ხოლო ბრაზილიელ მცველ ლუსიოში ("იუვეში" "ინტერიდან" გადავიდა) ტურინელებს ერთი ცენტიც არ გადაუხდიათ.
მოკლედ, ჩემპიონმა დაცვაც გააძლიერა - არადა, გასულ სეზონში "იუვენტუსს" დაცვის საუკეთესო ხაზი ჰყავდა.
კონტეს გუნდს უძვირფასესი ფეხბურთელი არ შეუძენია, თუმცა მაურიოსიო ისლასა და კვადვო ასამოას ტრანსფერებიც საკმაოდ ხმაურიანი იყო და გარდა ამისა, "იუვე" ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეებითაც (19 წლის მასი, 22 წლის მარონე და 19 წლის პოგბა) გაძლიერდა.
თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ "იუვენტუსში" ყველაფერი იდეალურადაა. კონტეს 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს!
მართალია, ანტონიო გააფთრებით იბრძვის და სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა უკვე მესამე ინსტანციაში (იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) გაასაჩივრა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 43 წლის სპეციალისტს მაინც არ დაინდობენ - მაქსიმუმ, დისკვალიფიკაცია ოდნავ შეუმცირონ.
ტურინული გრანდის ხელმძღვანელები ამის გამო განრისხებულები არიან: პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სასამართლო "იუვენტუსისადმი" ბარბაროსულ მიდგომაში დაანაშაულა და თქვა, რომ იტალიურ ფეხბურთში ძირეული რეფორმაა საჭირო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის სასამართლო კონტეს საქმეს სექტემბრის დასაწყისში განიხილავს.
მილანური გრანდები კითხვის ნიშნებით
"იუვენტუსის" მთავარ კონკურენტებად, რა თქმა უნდა, მილანური გრანდები, "ინტერი" და "მილანი" მოიაზრებიან, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ნერაძურისა" და "როსონერის" ხელმძღვანელების მხრიდან "იუვესკენ" მიმართული მუქარა ჯერ არ ისმის.
პრინციპში, ეს არცაა გასაკვირი, რადგან "ინტერშიცა" და "მილანშიც" გადახალისების პროცესი მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით "მილანს" ეხება - წინა სეზონთან შედარებით, "როსონერის" შემადგენლობა ვეღარ იცნობა!
ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა პსჟ-ში გადავიდნენ, ანტონიო კასანომ "ინტერს" მიაშურა, ხოლო კლარენს ზეედორფის, ფილიპო ინძაგის, ალესანდრო ნესტასა და ჯენარო გატუზოს სახით კი გუნდი ისეთმა მოთამაშეებმა დატოვეს, რომლებიც "როსონერიში" ამინდს დაახლოებით ათი წლის მანძილზე ქმნიდნენ.
ახალწვეულთაგან პატივისცემას მხოლოდ ჯამპაოლო პაცინი იმსახურებს. ექს-კიევოელი აკერბი კი კარგი მცველია, მაგრამ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
"მილანს" გაყიდული ფეხბურთელებიდან დიდი ფული შეუვიდა და "როსონერის" ფანებს იმედი აქვთ, რომ ადრიანო გალიანი აგვისტოს ბოლომე ერთ სუპერვარსკვლავს მაინც გადაიბირებს.
ტიფოზები კაკას დაბრუნებაზე ოცნებობენ, რომელიც "მილანის" ღირსებას 2001-დან 2009 წლამდეც იცავდა.
"ინტერს" 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა და თამამად შეიძლება ითქვას, კლუბის ბატონ-პატრონ მასიმო მორატის ჯერჯერობით ისეთი არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
მეკარე ჰანდანოვიჩი ("უდინეზედან" გადაიბირეს) და თავდამსხმელი პალასიო (ჯენოადან) კარგი ფეხბურთელები არიან და ძვირი ღირდა გუარინიც ("პორტუდან" საბოლოოდ შეისყიდეს), მაგრამ ინტერისტები უფრო სუპერვარსკვლავებს ელოდნენ.
მორატიმ ანდრეა სტრამაჩონი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვა. ვნახოთ, როგორ გაამართლებს 37 წლის სპეციალისტი, რომელიც "ინტერს" მარტიდან უდგას სათავეში.
ახალი მწვრთნელები მარადიულ ქალაქში
სამაგიეროდ, რომაული კლუბებს ახალი დამრიგებლები ჰყავთ. "ლაციალეში" ედი რეია ვლადიმირ პეტკოვიჩმა შეცვალა.
მართალია, რეიამ "ლაციო" ზედიზედ ორჯერ გაიყვანა ევროტურნირებზე, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებთან უთანხმოება ჰქონდა და უმუშევარი დარჩა. პეტკოვიჩი კი ხორვატი სპეციალისტია, რომელიც ბოლოს შვეიცარიულ "სიონს" წვრთნიდა და ცნობილია, რომ შემტევი ფეხბურთი უყვარს.
"რომაში" ლუის ენრიკეზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ 42 წლის სპეციალისტმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გაუშვეს.
"ჯალოროსის" შეფებმა მორიგ ექსპერიმენტზე უარი თქვეს და მწვრთნელად "ბებერი მგელი" ზდენეკ ზემანი დანიშნეს, რომელიც "რომას" 1997-დან 1999 წლამდეც ავარჯიშებდა.
65 წლის ზემანიც შემტევი ფეხბურთის მოყვარული და, ამავდროულად, "იუვენტუსის" დიდი მოძულეა. ამრიგად, ლოგიკურად, რომაელებმა არაერთი კარგი სპექტაკლი უნდა შემოგვთავაზონ.
თავდაჯერებული ნაპოლი, ამბიციური უდინეზე
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიში" "ფანტასტიკური ტრიო" (ლავეცი, ჰამშიკი, კავანი) დაიშალა, ნეაპოლელები ახალ სეზონს მაინც დიდი იმედებით ხვდებიან.
ესეკილ ლავეცი პსჟ-ში წავიდა, ედინსონ კავანისაც ბევრი მთხოვნელი ჰყავს. სამაგიეროდ, პანდევი და ვარგასი სრულფასოვანი ნეაპოლელები გახდნენ. მნიშვნელოვანი ახალწვეულია ბეჰრამიც.
მოკლედ, ჩემპიონთა ლიგაში კარგმა გამოსვლამ და ზოგადად ბოლოდროინდელმა წარმატებებმა "ნაპოლის" თავადჯერება შემატა.
იგივე უნდა ვთქვათ "უდინეზეზეც" - გუნდზე, რომელმაც წინა სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა. თუმცა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ ჰანდანოვიჩის, ისლასა და ასამოას სახით სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა.
რაც მთავარია, გუნდში დარჩა 35 წლის ანტონიო დი ნატალე და მეტიც: ვეტერანმა გოლეადორმა და კაპიტანმა უდინურ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.
მინუსიანები
გენუის "სამპდორიასა" და "ტორინოს" სახით სერია A-ში ორი, უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდი დაბრუნდა, მაგრამ სეზონს ორივე მათგანი -1 ქულით იწყებს.
სწორედ მანიპულირებულ მატჩებში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა გახდა ბერგამოს "ატალანტასთვის" 2 ქულის დაკლების მიზეზიც. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კი ამ მხრივ "სიენაა": -6 ქულა.
"პესკარა" ელიტაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
25 აგვისტოს ორი მატჩია - ორივე საინტერესო. საღამოს "ფიორენტინა" "უდინეზეს" მასპინძლობს, მოგვიანებით კი კონტეს გარეშე დარჩენილ და მნიშვნელოვნად გაძლიერებულ "იუვენტუსსაც" ვნახავთ - ტურინელები "პარმას" ხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოვინკო ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
ამ უკანასკნელმა არაერთხელ აღნიშნა, მე-10 ნომრით თამაში ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იქნებოდაო, მაგრამ ალესანდრო დელ პიეროს ნომერი "იუვეში" თავისუფალია, ჯოვინკო კი მე-12 ნომრითაა რეგისტრირებული.
ჰო, მართლა: "იუვენტუსში" ახალი ერა იწყება - ერა დელ პიეროს გარეშე...
იტალია. სერია A. I ტური
25 აგვისტო
ფიორენტინა-უდინეზე 20:00
იუვენტუსი-პარმა 22:45
26 აგვისტო
მილანი-სამპდორია 20:00
ატალანტა-ლაციო 22:45
კიევო-ბოლონია 22:45
ჯენოა-კალიარი 22:45
პალერმო-ნაპოლი 22:45
პესკარა-ინტერი 22:45
რომა-კატანია 22:45
სიენა-ტორინო 22:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"