სერია A. I ტურის შეჯამება: სტარტზევე შერცხვენილი "მილანი"

AutoSharing Option
სერია A-ს 2012/2013 წლების გათამაშების პირველ ტურს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია - "მილანი" საკუთარ მოედანზე "სამპდორიასთან" დამარცხდა და კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონში მასიმილიანო ალეგრის გუნდი უმაქნისი იქნება...

დიახ, ლომბარდიული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკამ სწორედ ასეთი ეჭვები დაბადა და სრულიად ლოგიკურადაც, რადგან გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მათი ღირსეული შემცვლელები კი აშკარად არ ჩანან; თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ რამდენიმე დღეა და ვინ იცის, იქნებ "როსონერის" მესვეურებმა ფხა გამოაჩინონ.

სამაგიეროდ, დამაჯერებლად გაიმარჯვეს "ინტერმა" და "იუვენტუსმა", ასევე "ნაპოლიმ", რომელიც სკუდეტოს
მაძიებელთა შორის მოიაზრება; აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტონიო კასანომ პირველი შეხვედრა ჩაატარა "ინტერის" შემადგენლობაში და საგოლე პასიც მიითვალა აქტივში - კასანტას თქმით, ახალ გუნდში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში; დანარჩენზე ქვემოთ...

სერ.ია A. I ტური
ფიორენტინა-უდინეზე 2:1
გოლები: 0:1 მაიკოსუელი (28), 1:1 იოვეტიჩი (68), 2:1 იოვეტიჩი (90).

იუვენტუსი-პარმა 2:0
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (54), 2:0 პირლო (58).

მილანი-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 კოსტა (59).

რომა-კატანია 2:2
გოლები: 0:1 მარკეზე (29), 1:1 ოსვალდო (59), 1:2 გომესი (61), 2:2 ლოპესი (90).

ატალანტა-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 ერნანესი (17).

კიევო-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 პელისიერი (65), 2:0 კრუსადო (79).

ჯენოა-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 მერკელი (51), 2:0 იმობილე (85).

პალერმო-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 ჰამშიკი (48), 0:2 მაჯო (79), 0:3 კავანი (88).

პესკარა-ინტერი 0:3
გოლები: 0:1 სნეიდერი (17), 0:2 მილიტო (19), 0:3 კოუტინიო (81).

სიენა-ტორინო 0:0

ტურის სიმბოლური ნაკრები
"ლელოს" ვერსიით
სებასტიან ფრეი (ჯენოა) - შტეფან ლიხტშტაინერი (იუვენტუსი), ანდრეს გრანკვისტი (ჯენოა), მიგელ ბრიტოსი (ნაპოლი), ანდრეა კოსტა (სამპდორია) - კვადვო ასამოა (იუვენტუსი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ალეჰანდრო გომესი (კატანია) - ვესლი სნეიდერი (ინტერი) - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), დიეგო მილიტო (ინტერი).

პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები 4-3-1-2 ტაქტიკით განვალაგეთ და ამაში ვესლი სნეიდერმა შეგვიწყო ხელი, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე შესანიშნავად გაისარჯა.

ჰოლანდიელმა "პესკარას" უკანა ხაზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გოლი გაიტანა; დიახ, სწორედ ვესლიმ გახსნა ანგარიში, რასაც "ინტერის" კიდევ ორი გოლი მოჰყვა.

შეტევის წინა ხაზზე სტევან იოვეტიჩს და დიეგო მილიტოს ვხედავთ, პირველმა დუბლი მიითვალა აქტივში, მეორემ კი გოლით და ორი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.

ნახევარმცველთა შორის კვადვო ასამოა უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც "იუვენტუსის" შემადგენლობაში გაიბრწყინა და თავის ფლანგზე "პარმას" ფეხბურთელებს შანსი არ დაუტოვა; ასამოამ საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში და მთლიანობაში, ძალიან ნაყოფიერი იყო. იგივე შეიძლება ითქვას მარეკ ჰამშიკზე, რომელმაც ახალ ჩემპიონატში "ნაპოლის" გოლებს დაუდო სათავე.

დაცვის ხაზში შტეფან ლიხტშტაინერი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც "პარმას" გოლი გაუტანა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შეტევებში შესანიშნავად ერთვება.

საიმედო იყო ნეაპოლელი მიგელ ბრიტოსი, ისევე როგორც ანდრეს გრანკვისტი "ჯენოადან". გენუური გუნდიდან სიმბოლურ ნაკრებში მეკარე სებასტიან ფრეიც მოხვდა, რომელმაც "კალიარის" გოლის გატანა არ დაანება.

ტურის გმირი
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, გნებავთ გმირი სტევან იოვეტიჩი გახლავთ, რომელმაც "უდინეზეს" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და ორი გოლიც მიითვალა აქტივში.

ჩერნოგორიელი ფორვარდი ფლორენციული გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა და ასეა ჯერ კიდევ გასული სეზონიდან; მთავარია, ტრავმებმა არ გატანჯონ და დიდია შანსი, ბომბარდირობისთვის იბრძოლოს. მით უმეტეს, ნახევარდაცვაში "ვიოლა" გვარიანად გაძლიერდა და სტევანს პასის მიმწოდებელი არ აკლია. "უდინეზესთან" გამარჯვების შემდეგ, სტევანმა პრესას შემდეგი კომენტარი მისცა:

"ახალი სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ და იმედია, ასევე გავაგრძელებთ. ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ამაში მალე დარწმუნდებით. "უდინეზე" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდია და ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა სამი ქულა ჩვენ დავიტოვეთ. "ფიორენტინა" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ვფიქრობ, იტალიური ფეხბურთის გრანდებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს". 

ტურის ფრაზა
ზდენეკ ზემანი (რომას მთავარი მწვრთნელი): "ბოლო ორი თვის განმავლობაში იმისთვის ნამდვილად არ გვივარჯიშია, რაც "კატანიასთან" პაექრობაში ვაჩვენეთ".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
I ტური რომა-კატანია, 50 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
I ტური სიენა-ტორინო, 10 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
იუვენტუსი-პარმა 2:0 (I ტური), ჯენოა-კალიარი 2:0 (I), კიევო-ბოლონია 2:0 (I).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
პესკარა-ინტერი 0:3 (I ტური), პალერმო-ნაპოლი 0:3 (I).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
რომა-კატანია 2:2 (I ტური).

სერიები გასული სეზონის გათვალისწინებით
მოგება: იუვენტუსი, ლაციო - 3 თამაში
წაგება: ატალანტა - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 39
მოუგებლად: პალერმო - 9

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 3 გოლი - ინტერი, ნაპოლი.

უარესი თავდასხმა: 0 გოლი - ატალანტა, ბოლონია, კალიარი, მილანი, პალერმო, პარმა, პესკარა, სიენა, ტორინო.

საუკეთესო დაცვა: 0 გაშვებული - კიევო, ჯენოა, ინტერი, იუვენტუსი, ლაციო, ნაპოლი, სამპდორია, სიენა, ტორინო.

უარესი დაცვა: 3 გაშვებული - პალერმო, პესკარა.

ზუსტი გადაცემები: 610 - ინტერი; 554 - ფიორენტინა; 549 - ტორინო.

კარის მიმართულებით დარტყმები: 23 - მილანი/ფიორენტინა; 18 - რომა; 17 - კალიარი.

კარში დარტმები: 8 - ფიორენტინა; 6 - მილანი/პალერმო/იუვენტუსი.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
2 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ასისტენტები
2 - დიეგო მილიტო (ინტერი).

ზუსტი პასები
108 - რიკარდო მონტოლივო (მილანი); 104 - კამილ გლიკი (ტორინო); 96 - ანჯელო ოგბონა (ტორინო); 92 - ბორხა ვალერო (ფიორენტინა); 86 - ვესლი სნეიდერი (ინტერი).

კარის მიმართულებით დარტყმები
8 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 7 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 6 - ადემ ლიაიჩი (ფიორენტინა), კევინ პრინს ბოატენგი (მილანი), პაბლო დანიელ ოსვალდო (რომა).

კარში დარტყმები
4 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), ადემ ლიაიჩი (ფიორენტინა); 3 - ეროს პიზანო (პალერმო), ვესლი სნეიდერი (ინტერი).

ჯარიმები
5 - საფირ ტაიდერი (ბოლონია).

ციფრები და ფაქტები
სერია A-ში "მილანმა" ბოლო 16 პაექრობაში პირველად ვერ გაიტანა გოლი;

"სამპდორიამ" სან სიროზე სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა;

ანდრეა პირლოს სერია A-ში 46 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან 7 "პარმას" კარში გავიდა;

2012 წელს, "იუვენტუსის" სასარგებლოდ 4 თერთმეტმეტრიანი დაიდო, რომელთაგან 3 ტურინელებმა ვერ გამოიყენეს;

"პარმამ" პირველი შეხვედრა წააგო სერია A-ში 7 აპრილის შემდეეგ;

"ინტერმა" ჩემპიონატის სასტარტო პაექრობა პირველად მოიგო 2006 წლის შემდეგ;

"რომას" ჩემპიონატის სასტარტო პაექრობა 2007 წლის შემდეგ არ მოუგია;

"კატანიას" არასდროს მოუგია "რომასთვის" გასვლითი თამაში;

ნიკო ლოპესმა "რომადან" და მაიკოსუელმა "უდინეზედან" სერია A-ში სადებიუტო შეხვედრები გოლებით აღნიშნეს;

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა სტევან იოვეტიჩმა ბოლო 5 პაექრობაში "უდინეზეს" წინააღმდეგ 4 გოლი გაიტანა;

სერჯო პელისიერმა მე-300 მატჩი ჩაატარა "კიევოს" შემადგენლობაში და 81-ე გოლი გაიტანა სერია A-ში;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული