"პესკარელი პირლო" - მარკო ვერატი იტალიური ფეხბურთის უდიდეს ტალანტად მიიჩნევა

AutoSharing Option
მარკო ვერატი იტალიური ფეხბურთის უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. მეტიც: მას უკვე ანდრეა პირლოს ლეგიტიმურ შემცვლელად მოიხსენიებენ, რითაც ბევრი რამ არის ნათქვამი.

მოაზროვნე საყრდენი ნახევარმცველი საფეხბურთო ევროპას მოულოდნელად მოევლინა: "პესკარადან" პირდაპირ პარი სენ-ჟერმენში მოხვდა, სადაც კარლო ანჩელოტი არა მარტო მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს, არამედ პსჟ-ს გიგანტური პროექტის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში მარკო ვერატიზე აღმატებით ფორმაში საუბრები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე დაიწყო, პარიზში მისი პრეზენტაცია პომპეზური არ იყო, რაც ერთის მხრივ ზემოთქმულის, მეორე მხრივ კი იბის ბრალია,
რომ სწორედ ვერატის პრეზენტაციის დღეს გადაწყდა, პარიზელები ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც რომ გადაიბირებდნენ.

შესაბამისად, 19 წლის მარკოს პსჟ-ში გამოჩენა იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის ჩრდილში მოექცა.

თუმცა პრეზენტაციაზე ვერატიმ მაინც მოასწრო რამდენიმე ბანალურ კითხვაზე ბანალური პასუხის გაცემა, მაგრამ მოხვდა თუ არა მისი განცხადებები ფრანგულ პრესაში სრულად, ამ კითხვას პასუხს თავადაც გასცემთ - იმ დღეს საფეხბურთო საფრანგეთი ხომ იბრაჰიმოვიჩის პსჟ-ში გადაბარგებაზე ბჭობდა.

პარიზი პირველი არჩევანი იყო
შეიხთა ფულებით განებივრებულმა პარიზელებმა ტრანსფერებში ბევრი ფული დახარჯეს, თუმცა იბრაჰიმოვიჩში (23 მილიონი ევრო), ესეკილ ლავეციში (26 მილიონი), ტიაგო სილვასა (42 მილიონი) და ლუკას მოურაში (40 მილიონი) გადახდილ თანხებს შორის, მარკო ვერატიში "პესკარასთვის" სამადლოდ გადაგდებული 12 მილიონი მოკრძალებულ თანხად მოჩანს და ლოგიკურად იმის მაუწყებელია, რომ იტალიელ ნახევარმცველს პსჟ-ში მეორეხარისხოვანი როლი უნდა ეთამაშა.

მაგრამ კარლო ანჩელოტიმ პირველივე შესაძლებლობისას თქვა, მარკოს პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს გმირად გავიხილავო.

თავად ვერატი კი თავმდაბალი ტიპი ჩანს და ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ უთქვამს ისეთი რამ, რაც გვათმევინებდა, რომ ცხვირი ასწია.

"ჩემთვის ისიც კი უდიდესი პატივია, რომ ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობ. რამდენიმე თვის წინ ამ ბიჭებს ტელევიზორში ვუყურებდი და მათ მიერ დადგმული საფეხბურთო წარმოდგენებით ვტკბებოდი, ახლა კი მოედანზე მათთან ერთად გავდივარ და დიდ გუნდში დიდ ფეხბურთს ვთამაშობ.

თანაც, ყოველდღე ხომ არ ხდება ისეთი რამ, რაც მე გადამხდა, - აცხადებს ვერატი და დასძენს, - დასამალი არაფერია, მართლაც ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ პსჟ პირველი არჩევანი იყო, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავი პროექტია."

დებიუტი 16 წლის ასაკში
როგორც ზემოთაც ვთქვით, ვერატი ახლახან გამოჩნდა დიდ ასპარეზზე და პსჟ-შიც იმდენად სწრაფად გადავიდა, რომ მისი სახელის გაგება ევროპაში ფეხბურთის ბევრმა მოყვარულმა ვერ მოასწრო.

"პესკარაში", სადაც პროფესიულ დონეზე დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, წინა სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და იმდენი მოახერხა, რომ ზაფხულში მისით უკვე "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" დაინტერესდნენ.

ამას წინ უძღოდა იტალიის ნაკრების გაფართოებულ სიაში შეყვანა და მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ვერატი ევროპის ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებდა.

თუმცა "სკუადრა აძურას" თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ მარკოს დიდ სანაკრებო ტურნირზე წაყვანა ნაადრევად მიიჩნია და ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც სერია B-ში ლორენცო ინსინიესთან და ჩირო იმობილესთან ერთად "იფრინა", ევრო 2012-ის განაცხადს მიღმა დატოვა.

ამ ტრიუმვირატმა წინა სეზონში, "პესკარას" მიერ ოფიციალურ მატჩებში გატანილი 90 გოლიდან 76-ში მიიღო მონაწილეობა.

მართალია, ვერატიმ 31 მატჩში მხოლოდ 9 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ამ გუნდის უმთავრესი სტრატეგი გახლდათ. სწორედ ამიტომ არ დაუწყო ყურება ანჩელოტიმ მხოლოდ სტატისტიკას და შეფებს მარკოს პარიზში გადაყვანა კატეგორიულად მოსთხოვა.

როგორც ჩანს, "იუვენტუსისა" და "სიტის" დაინტერესება არ იყო სერიოზული, ან ტურინული და მანჩესტერული გრანდების თავკაცები ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი მარკოს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას არ აძლევდნენ.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დღეს ვერატი პსჟ-ს ფეხბურთელია.

თანამედროვე "რეჯისტა"
იტალიელი ექსპერტების აზრით, ვერატის პროგრესში უდიდესი როლი ითამაშა "პესკარას" ყოფილმა თავკაცმა ზდენეკ ზემანმა და კერძოდ იმით, რომ გუნდს 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშებდა.

სწორედ ზემანმა შეუცვალა მარკოს პოზიცია და გამთამაშებლის ადგილიდან კრეატიული, მოაზროვნე საყრდენის პოზიციაზე გადასწია, რადგან მიაჩნდა, რომ ვერატის სიღრმიდან გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო.

სხვათა შორის, კარიერა ანდრეა პირლომაც ტიპური ფლეიმეიქერის პოზიაზე დაიწყო და "ათიანის" რანგში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, მაგრამ იდეალურად სწორედ მას მერე გაიხსნა, რაც უფრო უკან დახიეს და მას დღეს ყველა ისე იცნობს, როგორც საყრდენ ნახევარმცველს.

მოედნის გრანდიოზული ხედვა, ზუსტი და ჭკვიანური პასები, კარგი ტექნიკა და სტანდარტული მდგომარეობების შესრულების უნარი - ვერატის შესაძლებლობებზე, მის მთავარ პლუსებზე ვსაუბრობთ.

ეს კარგი გამთამაშებლისთვის დამახასიათებელი უნარებია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში კლასიკური "ათიანებმა" სწორედ იმ პოზიციაზე გადაინაცვლეს, რომელზეც ვერატი თამაშობს - უკან, კლასიკური "ექვსიანის" გვერდით და ბურთების განაწილება სიღრდმიდან ევალებათ.

იტალიაში ასეთ ფეხბურთელს "რეჯისტას" უწოდებენ და ამ სიტყვის მნიშვნელობას იმედია, ხვდებით. ვერატიმ კი, ყველა სიკეთესთან ერთად, უკვე პსჟ-შიც არაერთხელ დაამტკიცა, რომ დაცვისთვის მიხმარება და მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლაც ეხერხება: მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში მხოლოდ 1.65 მეტრია და ოდენ 60 კილოგრამს იწონის, მარკოს თამაშის დროს არც აგრესია აკლია და ახლა უკვე დიდ სცენაზე ამტკიცებს, რომ ბებერ ზემანს ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის პოზიციის შერჩევის უტყუარი ალღო აქვს - ვერატი ერთდროულად კრეატიული საყრდენიცაა და კლასიკური ჩამშლელიც.

ადვილი არ არის, 19 წლის ასაკში გახდე თუნდაც "პესკარას" დონის კლუბის მთავარი სტრატეგი, რომელიც უკანა და წინა ხაზებს შორის ბალანსსა და კავშირს უზრუნველყოფს.

სწორედ ამიტომ უწოდებენ მას პესკარელ პირლოს, რაც, დაგვეთანხმებით, მარკოზე უდიდესი ავანსის გაცემას ნიშნავს.

მისაბაძი მაგალითი: პირლო
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერატის სწორედ პირლოსთან შედარებამ და მისთვის მიმსგავსებამ უფრო გაუთქვა სახელი, ვიდრე სერია B-ში ჩამორიგებულმა პასებმა.

"ვერატი საუცხოო რეჟისორია და მართლა ძალიან მაგონებს პირლოს. მარკო ანდრეასავით იდეალურად კითხულობს როგორც თანაგუნდელების, ისე მეტოქის იერიშებს და ფეხბურთს იმ სიმსუბუქით თამაშობს, რომელიც ასე ძლიერ სჭირდება კრეატიულ საყრდენ ნახევარმცველს", - აცხადებს ანჩელოტი.

"პირლოსთან შედარება ჩემთვის უდიდესი პატივია, რადგან ანდრეა ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი, ჩემთვის მისაბაძი მაგალითი და არა მარტო იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია.

ვაღიარებ, რომ პირლოს ვბაძავდი და ვბაძავ. მეტიც: მის თამაშებს სპეციალურად, განმეორებით ვუყურებდი ხოლმე, რათა მოედანზე ჩემი როლი უკეთესად შემეცნო.

ახლა, როცა პირლოს მამსგავსებენ, ვხვდები, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია იტალიური ფეხბურთის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მოლოდინი გავამართლო",
- ეს თავად ვერატის სიტყვებია.

პრანდელი ნანობს
მოლოდინის გამართლებისკენ ვერატიმ მორიგი ნაბიჯი 15 აგვისტოს გადადგა, როცა 19 წლის ასაკში იტალიის ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად მოირგო.

თუკი ევროპის ჩემპიონატის წინ "აძურის" თავკაცმა პრანდელიმ მასზე მაინც უარი თქვა, რაც ნამდვილად არ იყო გასაკვირი იმის გამო, რომ იტალიის ნაკრებს დანიელე დე როსი, რიკარდო მონტოლივო, ტიაგო მოტა, კლაუდიო მარკიზიო და იგივე პირლო ჰყავს, ევრო 2012-ის შემდეგ ჩეზარე მარკოს თავისი გუნდის მნიშვნელოვად ფიგურად მიიჩნევს.

ამასთან, პრანდელი ძალიან ნანობს იმას, რომ ვერატი იტალიაში არ დარჩა და კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში აგრძელებს - იტალიურ გრანდებს ეს უნიჭიერესი ნახევარმცველი სხვა ქვეყანაში არ უნდა გაეშვათ, "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი" და "ნაპოლი" ამას არაერთხელ ინანებენო.

"ამას პირველ რიგში იმიტომ ვამბობ, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთის ბედი მაღელვებს, თორემ საფრანგეთის ჩემპიონატის დონეს ახლა უკვე მართლა აღარაფერი დაეწუნება", - აცხადებს პრანდელი.

მოვა დრო და...
ფაქტია, რომ პსჟ-ს პრეზიდენტი და მფლობელი ნასერ ალ ხელაიფი იბრაჰიმოვიჩის გოლებს ვერატის პასებზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ხელაიფი ვერ ერკვევა ფეხბურთში ისე ძირფესვიანად, როგორც ანჩელოტი და პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო, რომელიც ამბობს, მოვა დრო და ყველა მიხვდება, რომ მარკო ვერატი გუნდისთვის ბევრ სხვა ფეხბურთელზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და რომ ჩვენი გუნდისთვის, საფეხბურთო თვალსაზრისით, მისი ტრანსფერი ყველა სხვა გარიგებაზე სარფიანი იყოო.

ლეონარდო: "ვერატიზე უდიდეს იმედებს ვამყარებ. ჩვენ მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადავიხადეთ და ვთქვით, რომ უკვე ახლო მომავალში მისი სახით გვეყოლება მოთამაშე, რომელზეც მთელი მსოფლიო აღმატებით ფორმაში ილაპარაკებს.

ნასერს მესის დონის მოთამაშე სურდა, მაგრამ ლეოს დარი ფეხბურთელის პოვნა შეუძლებელია. შესაბამისად, ის ძალიან კმაყოფილია იმითაც, რომ პირლოს დონის მოთამაშე სულ რაღაც 12 მილიონად ვიყიდეთ.

აი, ნახავთ, გავა ათი წელი და ვერატის კი არ დაუძახებენ ახალ პირლოს, არამედ პირიქით - პირლოს დაუძახებენ ძველ ვერატის!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უხდება ფეხბურთს პირლოსნაირები და პირლოსნაირები არიან ფეხბურთი. იმედია ეს ბიჭიც ისე ითამაშებს, როგორც პირლო და უფრო უკეთესადაც... მივესალმები ამ სპორტში ყველა ახალბედას, რომელიც ცდილობს იყოს პირლოსნაირი, კრეატიული, ლამაზი და ისეთი თავს რო გაყვარებს და შენთვის უინტერესო მატჩსაც გაყურებინებს...
Trophy Manager საფეხბურთო ონლაინ მენეჯერია, სადაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეჯიბროთ 2,500,000–ზე მეტ უცხოელ და 5,000–ზე მეტ მენეჯერს საქართველოდან.

რეგისტრაციისათვის შედით შემდეგ მისამართზე: http://trophymanager.com/?c=1952546

თამაში თარგმნილია ქართულ ენაზე, აქვს საკუთარი ჩათი და ფორუმი, სადაც ყველა შეკითხვაზე ამომწურავად გაგცემენ პასუხს.

თამაშს აქვს მატჩის ცენტრი, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მატჩების მიმდინარეობას და ესაუბროთ თქვენი ქვეყნის სხვა მენეჯერებს ლაივ ჩათში. მატჩის ანიმაციები, კარგი ინტერფეისი ასევე უდავოდ დადებითი მხარეა.

ასე რომ დარეგისტრირდით და ისიამოვნეთ!
რექსაჩი
18:26 14-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული