"იუვეს" გეგმა: ჯერ დიდიე დროგბა, მერე ფერნანდო ლორენტე?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა.

ექსპერტები "იუვეს" არა მარტო სერია A-ში მიიჩნევენ უპირობო ფავორიტად, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ კანდიდატადაც რაცხავენ.

ამის მთავარი მიზეზი "ბებერი ქალბატონის" სტაბილურობა და დაბალანსებული შემადგენლობაა.

საყოველთაო აზრით, "იუვეს" ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მწვრთნელ ანტონიო კონტეს განკარგულებაში არ არის მაღალი კლასის ცენტრფორვარდი, ისეთი "საგოლე მანქანა", როგორიც ბოლოს დავიდ ტრეზეგე იყო.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ტურინელები ფაქტობრივად შეთანხმებულები არიან ესპანელ ფერნანდო ლორენტესთან, მაგრამ ბილბაოს "ატლეტიკის" ხელმძღვანელები ამ უკანასკნელის დათმობას ზაფხულამდე, ანუ
მანამდე არ აპირებენ, სანამ კონტრაქტი არ დაუმთავრდება.

"იუვეს" კი მაღალი კლასის გოლეადორი ახლავე სჭირდება. სწორედ ამიტომ "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსმა" ჩინეთში გადახვეწილ დიდიე დროგბას დაადგა თვალი და კოტ დ’ივუარელის გადაბირებას იანვარში შეეცდება.

34 წლის დროგბას, რომელიც წინა ჩემპიონთა ლიგის გმირი გახდა, "შანხაი შენხუადან" წასვლა შეუძლია, თუმცა იანვარში აფრიკის თასზე უნდა იასპარეზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუვენტუსს" მოგვიანებით უნდა შეუერთდეს.

ზაფხულში კი ტურინელები ლორენტეს გადაიბირებენ. ეს უკანასკნელი "იუვეს" გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ "ბილბაომ" არ დათმო და მას მერე ლორენტეს "ატლეტიკში" თითქმის აღარ ათამაშებენ.

შესაბამისად, ფაქტია, რომ ფერნანდო ზაფხულში ბასკურ კლუბს დატოვებს, რადგან მის კონტრაქტს ვადა სწორედ ივნისში ეწურება.

"გაძეტა": იუვე დროგბას ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს
"გაძეტა დელო სპორტი" იმასაც წერს, რომ "იუვენტუსს" დროგბა მხოლოდ ზაფხულამდე კი არ სჭირდება, არამედ "ბებერი ქალბატონის" ბოსები მას მინიმუმ წლინახევრიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რითაც კოტ დ’ივუარელი, წესით, მოხიბლული უნდა დარჩეს, რადგან უკვე 34 წლისაა და ხეირიანი კონტრაქტის გაფორმების მართლა უკანასკნელი შანსი აქვს.

ფაქტია, რომ "იუვენტუსმა" ზამთარშივე უნდა გადაიბიროს მაღალი კლასის გოლეადორი, რადგან ამჟამინდელი შემადგენლობიდან ბომბარდირულ თვისებებს "იუვეს" არცერთი თავდამსხმელი არ ავლენს.

ამ სეზონში ფორვარდებიდან ყველაზე მეტი გოლი ფაბიო კვალიარელას აქვს - მან მეტოქეთა კარი 6-ჯერ დალაშქრა, რაც ნამდვილად არაა ისეთი შედეგი, როგორიც იტალიის ჩემპიონატის ფავორიტსა და ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევის სურვილის მქონე გრანდის საუკეთესო ბომბარდირს შეეფერება.

აღსანიშნავია, რომ "იუვეს" გოლეადორთა რეიტინგში კვალიარელას ცენტრალური ნახევარმცველი არტურო ვიდალი მოსდევს, რომელიც 5 გოლით სებასტიან ჯოვინკოსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ჯოვინკოსა და კვალიარელას გარდა, "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში თავდამსხმელებიდან ყველაზე ხშირად მირკო ვუჩინიჩი თამაშობს ხოლმე, რომლის ანგარიშზე ამ სეზონში მხოლოდ 2 გოლია (13 მატჩში).

"იუვეს" პირველ "ცხრა ნომრად" ვერც ალესანდრო მატრი ჩამოყალიბდა - მას 8 მატჩში ოდენ ერთი გოლი აქვს გატანილი.

ზაფხულში არენდით აყვანილი დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი კი, რომელიც ტურინელებმა მხოლოდ იმიტომ გადაიბირეს, რომ ლორენტე ვერ ჩაიგდეს ხელში, ჯერ კიდევ უგოლოდაა. სწორედ ამიტომ ელიან ტურინში ჯერ დროგბას, მერე კი ლორენტეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული