იმ პაექრობაში "იუვენტუსის" ორი კონკურენტის ჯახი ვიხილეთ, ჩვენი დასკვნა კი ასეთი იყო: "თუ "ინტერმა" და "ნაპოლიმ" რაღაც არ შეცვალეს, სკუდეტოსთვის ბრძოლა მალე ფორმალობა გახდება"...
XVII ტურმა ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ანდრეა სტრამაჩონის და ვალტერ მაცარის გუნდები ტურინელებთან კონკურენციისთვის მზად არ არიან.
ჯერჯერობით ასეა და თუ რაიმე შეიცვალა, არც ამას გამოგაპარებთ.
ბოლონიური შოკი
"ინტერის" რომაული მარცხი დამატებითი სტიმული იყო "ნაპოლისთვის" საიმისოდ, რომ
სამხრეთელები პირველივე წუთებიდან ეკვეთნენ მეტოქის კარს, მაგრამ მოხდა ის, რასაც ცოტა თუ მოელოდა. სტუმრებმა კიდევ ერთი საოცარი მატჩი ჩაატარეს, კიდევ ერთი "ქამ ბექი" გამოაცხვეს და სახლში სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ.
კიდევ ერთს იმად ვამბობთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე "როსობლუმ" "რომა" მას შემდეგ დაამარცხა, რაც 2:0-ს აგებდა, თანაც "სტადიო ოლიმპიკოზე".
არანაკლებ დრამატული გამოდგა "სან პაოლოზე" გამართული პაექრობა, სადაც ჯერ ბოლონიელები იგებდნენ, შემდეგ ნეაპოლელები და ბოლოს გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ. თანაც, ბოლო ორი გოლი სტეფანო პიოლის შეგირდებმა ბოლო ხუთ წუთში გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური ბერძენი პანაიოტის კონეს გოლი გახლდათ, რომელმაც ვარდნაში გაისროლა და ბურთი მეკარისაგან მარცხენა ცხრიანში გაჭედა.
სხვა გოლებსაც არა უშავდათ, მაგრამ პანიოტისის დარტყმა მართლაც შედევრი იყო...
ვალტერ მაცარი (ნაპოლი):
"უამრავი მომენტი შევქმენით, მეტოქე კი სულ რამდენჯერმე გადმოვიდა ჩვენ მხარეს და სამი გოლი გაგვიტანა. მთავარი შეცდომა მაშინ დავუშვით, როდესაც გამარჯვება ნაადრევად დავიჯერეთ.
დამღალა იმის მოსმენამ, რომ "ნაპოლი" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია - ეს უფრო წნეხია, ვიდრე გამხნევება და მინდა ეს ყველამ გაიგოს.
"იუვენტუსი" სულ სხვა დონის ფეხბურთს თამაშობს და იქამდე ჯერ კიდევ უნდა გავიზარდოთ. ჩვენ შეგვწევს მეორე ადგილზე გასვლის ძალა, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლას, პრაქტიკულად, ჩამოვშორდით.
ზაფხულშიც ვამბობდი, რომ რეალისტურად უნდა შევხედოთ არსებულ ვითარებას".
ლიდერი
XVII ტური "იუვენტუსის" გამოდგა, რადგან ტურინულმა გრანდმა მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა და კონკურენტებს კიდევ უფრო დაუსხლტა.
"ვეკია სენიორა" "ინტერს" მთელი შვიდი ქულით უსწრებს, "ნაპოლისთან" სხვაობა კი კიდევ უფრო მეტია.
მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ დღეს უკვე თამამად საუბრობენ, რომ ტურინულ გრანდს სკუდეტოში ვერავინ შეეცილება. ამის მიზეზი არა იმდენად ქულათა სხვაობა, რამდენადაც გუნდების თამაშის ხარისხია.
ვალტერ მაცარის არ იყოს, "ბიანკონერი" სხვა დონის ფეხბურთს თამაშობს და კონკურენტებს ორი თავით ჯობია.
ოქროს ბურთი პირლოს
"ატალანტას" წინააღმდეგ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ანდრეა პირლომ - ჩვეულად უდირიჟორა გუნდს და ულამაზესი გოლიც გაიტანა.
ნამატჩევს ანტონიო კონტემ ღიად განაცხადა, რომ "ოქროს ბურთს" სწორედ ანდრეა იმსახურებს:
"სულ რომ 1000 გოლი გაიტანოს ლიონელ მესიმ, ჩემთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ანდრეა პირლოა. მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა და გვაჩვენა, რა არის ნამდვილი კლასი.
ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმებით ირჩევენ საუკეთესო მოთამაშეებს, მაგრამ ის, რომ პირლო სამეულშიც არ არის, უდიდესი სირცხვილია.
ვამაყობ იმით, რომ პირლოს მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელის, რომელიც აშკარად საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბით. იმედი მაქვს, ოდესმე პირლო გახდება წლის საუკეთესო მოთამაშე, რადგან ის ამას იმსახურებს".
პოგბა და დროგბა
იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ზამთარში "იუვენტუსს" შეიძლება დიდიე დროგბა დაემატოს.
"ატალანტასთან" მატჩის შემდეგ ანტონიო კონტეს ამ საკითხზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება:
"არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ დიდიე დროგბას კონტრაქტი გავუფორმოთ და ეჭვი მაქვს, რომ სხვა იტალიური კლუბებიც ანალოგიურ ვითარებაში არიან.
საქმე იმაშია, რომ დროგბა მინიმუმ 2-წლიან ხელშეკრულებას და საკმაოდ დიდ გასამრჯელოს ითხოვს, რისი რესურსიც, უბრალოდ, არ გვაქვს. ჩვენ მისი იჯარის წესით აყვანა ნახევარი სეზონით გვსურდა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი მივიღეთ.
დროგბა 34 წლისაა და მასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმება მიზანშეუწონელია.
სიმართლე გითხრათ, ამჟამად არა დროგბა, არამედ პოგბა მაინტერესებს, რომელმაც ვარჯიშზე ტრავმა გაიმიზეზა და ექიმების ხელში გადაინაცვლა. მალე დიაგნოზს გავიგებთ და იმედია, სერიოზული არაფერია".
ლუსიომ იუვე დატოვა
"იუვენტუსი"-"ატალანტას" მატჩს კიდევ ერთი გაგრძელება ჰქონდა და ტურინული გრანდის თემასაც ამ ამბით ამოვწურავთ.
ანტონიო კონტეს დაცვაში საკადრო პრობლემები შეექმნა და მიუხედავად ამისა, ძირითად შემადგენლობაში არა ლუსიო, არამედ ნომინალური ნახევარმცველი ლუკა მარონე გაამწესა.
ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა 34 წლის ბრაზილიელისთვის, რომელმაც თამაშის შემდეგ კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა და მიზანსაც მყისვე მიაღწია.
ტურინული გრანდის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუსიოსთან კონტრაქტი გაწყვეტილია და ის აღარ არის "იუვენტუსის" ფეხბურთელი. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ლუსიო ან სამშობლოში დაბრუნდება, ან გერმანიაში გააგრძელებს კარიერას, სადაც წლების განმავლობაში თამაშობდა.
მილანური ამბები
"მილანი"-"პესკარას" შეხვედრაში იშვიათი ამბავი მოხდა - გუნდმა საკუთარ კარში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა...
Video
მილანი - პესკარა 4:1
მილანი - პესკარა 4:1
დიახ, ორი ავტოგოლი უკვე საინტერესოა და როდესაც გოლები ეფექტური გამოდის, ცალკე ამბავია...
აბრუსკატომ ვარდნაში დაჰკრა ბურთს თავი და ბრწყინვალე სტილში დაამწუხრა საკუთარი კიპერი, ჯონატასმა კი კეპით დაჰკრა თავური და ბურთი საკუთარი კარის ცხრიანში მოათავსა.
ნამატჩევს მატია პერინი ყველაზე მეტად საკუთარ მცველებს ემდუროდა...
"სან სიროზე" გამართულმა შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ამიერიდან "როსონერის" ნომერ პირველ კიპერად მარკო ამელია უნდა ჩავთვალოთ და არა კრისტიან აბიატი. ამ უკანასკნელმა ტრავმის მიღებამდე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ თადარიგში მოუწევდა ყურყუტი.
აბიატიმ "რეჯინასთან" სათასო პაექრობა ძირითადში ჩაატარა, აი "პესკარასთან" კი ადგილი ისევ ამელიას დაუთმო. ამ ფაქტით გახარებულმა მარკომ პრესაში კომენტარები არიგა და განაცხადა, მომდევნო ტურში "რომა" მისსავე მოედანზე უნდა დავაჩოქოთო.
ამასობაში რობინიოს მოუნდა ბრაზილიაში დაბრუნება, რამაც "მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაამწუხრა:
"რობინიომ პირადად მითხრა, რომ ბრაზილიაში სურს დაბრუნება და ამას ზამთარშივე აპირებს. ამან ძალიან დამამწუხრა, რადგან ფორმაში ჩადგა და გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ამასთან, შესანიშნავი ადამიანია და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ვეცდებით გადავაფიქრებინოთ, მაგრამ რა გამოგვივა, ნამდვილად არ ვიცი".
სამწვრთნელო ცვლილებები
XVII ტურმა ორი სამწვრთნელო სკამი შეიწირა - "სიენადან" სერსე კოსმი, ხოლო "სამპდორიადან" ჩირო ფერარა გაათავისუფლეს.
აქვე ვთქვათ, რომ კოსმის გუნდი "ფიორენტინასთან" ტოსკანურ დერბიში განადგურდა, გენუელები კი სიცილიაზე "კატანიასთან" დამარცხდნენ.
როგორც ასეთ დროს ხდება, კლუბების მესვეურებმა მალევე იპოვეს ახალი მწვრთნელები და მათი დანიშვნის შესახებ განცხადებებიც გაავრცელეს.
"სიენას" ჯუზეპე იაკინი ჩაუდგება სათავეში, 48 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი იყო. იქამდე "ბრეშას", "კიევოს", "პიაჩენცას", "ვიჩენცას", "ჩეზენას" და "ვენეციას" ედგა სათავეში. ტროფეებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა პერიოდულად, საშუალო გაქანების გუნდები ლოკალურ წარმატებამდე მიჰყავს.
რაც შეეხება "სამპდორიას", გუნდს 52 წლის გამოცდილი სპეციალისტი დელიო როსი ჩაუდგება სათავეში. ბოლოს დელიო "ფიორენტინაში" მუშაობდა, საიდანაც სკანდალურად წამოვიდა.
გახსოვთ, ალბათ, ერთ-ერთი მატჩის დროს თავისივე შეგირდთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაება და პოსტის დატოვებაც ამად მოუწია.
Video
ფიორენტინას მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი სცემა
ფიორენტინას მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი სცემა
მას მერე როსისთვის სამსახური არავის შეუთავაზებია, რაზეც არაერთხელ დაიწუწუნა.
მოკლედ, დელიომ წინადადება მიიღო და დათანხმდა კიდეც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVII ტური: "ინტერი" ისევ კოჭლობს, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]