თამაში ნელ ტემპში წარიმართა, მწვრთნელებმა ახალი ფეხბურთელები ნახეს საქმეში და ახალი ტაქტიკები გამოსცადეს. მშვიდი და აუღელვებელი პაექრობა მეგობრული ანგარიშით, 1:1 დასრულდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თამაშის სცენარის მიხედვით, გამარჯვებას უფრო მასაპინძლები იმსახურებდნენ...
თამაში
ლუის ვან გაალმა არიენ რობენი, დირკ კუიტი და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები თადარიგში დატოვა, ძირითადი შემადგენლობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დააკომპლექტდა. აშკარაა, რომ ვან გაალი მომავლის გუნდს აშენებს და ვეტერანებს სულ უფრო ნაკლებად ენდობა. მაგალითად, ვესლი სნეიდერი საერთოდ არ
რაც შეეხება ჩეზარე პრანდელის, მან სრულიად ახალი ტაქტიკა შეარჩია და გუნდი 4-3-3 სქემით ათამაშა. აქამდე სენიორ ჩეზარე ან 3-5-2-ს იყენებდა, ან 4-4-2-ს და ამჯერად სულაც სამ შემტევზე გაიწია. თავდასხმის წინა ხაზზე მარიო ბალოტელი გაამწესა, ფლანგებიდან კი მას სტეფან ელ შაარავი და ანტონიო კანდრევა ეხმარებოდნენ. მეორე ნახევარში კანდრევა ალესანდრო დიამანტიმ შეცვალა.
მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თამაშის უდიდესი ნაწილი სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ჰოლანდიელები ფლობდნენ. რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის შესანიშნავი თამაში, მასპინძლები ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვეტდნენ მატჩის ბედს. ჰოლანდიელთა შორის ყველაზე გამორჩეული ლენსი გახლდათ, რომელმაც 33-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა - მცველს ბურთი თავზე გადაატარა და უზუსტესი დარტყმით ბადეში გაახვია...
სტუმრებმა ბოლო ათ წუთში გამოიღვიძეს, როდესაც უკვე დიამანტის კანდრევა ჰყავდა შეცვლილი, ალბერტო ჯილარდინოს სტეფან ელ შაარავი, მარკო ვერატის კი ანდრეა პირლო... გოლი სწორედ ვერატიმ გაიტანა, საგოლე პასი კი ჯილარდინოსგან მიიღო. მოკლედ, შეცვლაზე შესულებმა იტალია მარცხისგან იხსნეს.
მოკლე ანალიზი
იტალია ახალ ტაქტიკას რთულად შეეგუა - როგორც ნამატჩევს რიკარდო მონტოლივომ განაცხადა, გუნდს სიმთელე აკლდა და ეს მართლაც ასეა. რგოლებს შორის კავშირი მორღვეული იყო, იტალიელთა შეტევები კი, ხშირ შემთხვევაში, ბალოტელის მისამართით გაკეთებული გრძელი გადაცემებით შემოიფარგლებოდა. საერთოდ ჩაიკარგა სტეფან ელ შაარავი, რომელიც "მილანის" მსგავსად, მარცხენა გარემარბად ირჯებოდა.
ჯიჯი ბუფონთან ერთად, იტალიელთა შორის ყველაზე გამოსარჩევი მარკო ვერატი იყო, რომელიც შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და შეხვედრის მიწურულს გოლიც გაიტანა. ვერატის სახით, იტალიის ნაკრებს მართლაც ნიჭიერი ნახევარმცველი ჰყავს, შესაძლოა, ანდრეა პირლოს სრულფასოვანი შემცვლელიც კი.
როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც სწორი ფეხბურთი ითამაშეს და ისიც ვთქვით, რომ ბევრ რამეში აჯობეს შედარებით გამოცდილ მეტოქეს.
მოკლედ, არის რესურსი, რომელიც რეალურ ძალად უკვე ლუის ვან გაალმა უნდა აქციოს. თუმცა, ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ამ ახალგაზრდა ჰოლანდიელებში არნახულად ნიჭიერი მოთამაშეები ვიხილეთ, რომლებსაც უახლოეს პერიოდში საფეხბურთო მსოფლიოს ალაპარაკება შეუძლიათ. ვან გაალის შეგირდებს თითქოს აკლდათ იმპროვიზაცია, ტექნიკა და ამ ფონზე ვეტერანების ჩამოწერა არ უნდა იყოს მთლად სწორი ამბავი...
მატჩის შემდეგ
ჩეზარე პრანდელი (იტალია): "ძალიან არ გვინდოდა წაგება და საბედნიეროდ, ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. 4-3-3 ჩვენთვის ახალი სქემაა და გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ბევრად უკეთ ვთამაშობთ 4-4-2 ტაქტიკით, მაგრამ სამფორვარდიან სქემასაც უნდა შევეჩვიოთ... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაერთი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც გარემარბად თამაში შეუძლიათ. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი ინფორმაცია მივიღეთ განსჯისთვის. მარკო ვერატი შესანიშნავი ფეხბურთელია, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. აქვს რაღაც ხარვეზები, მაგრამ ამასაც მალე აღმოფხვრის".
ლუის ვან გაალი (ჰოლანდია): "უნდა მოგვეგო, მაგრამ ამისთვის მეორე გოლის გატანა იყო საჭირო, რაც ვერ შევძელით. ბოლო ათი წუთი კონცენტრაცია დავკარგეთ და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი შეუდარებელი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ჰოლანდიურ სტილში ვითამაშეთ და მთლიანობაში, მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ".
მარკო ვერატი (იტალია): "შეხვედრის დიდი ნაწილი ტერიტორიულ უპირატესობას ჰოლანდიელები ფლობდნენ, მაგრამ ბოლოს ჩვენც გავაქტიურდით და არაერთი მომენტიც შევქმენით. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია და მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ნაკრების დახმარება შევძელი. ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ალბერტო ჯილარდინოს ვუხდი... რომ არა ჯილას შესანიშნავი პასი, ამსტერდამში დავმარცხდებოდით".
Video
ჰოლანდია - იტალია 1:1
ჰოლანდია - იტალია 1:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუის ვან გაალი: ვითამაშეთ კარგად, ჰოლანდიურ სტილში