ბრაზილია VS იტალია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა

AutoSharing Option
ჟენევაში დიდი ფეხბურთია: მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონს დაუპირისპირდება და ვგონებთ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

იტალია-ბრაზილიის ჯახი ნამდვილი საფეხბურთო კლასიკაა, რომელიც ნებისმიერ რანგში უდიდეს ინტერესს იწვევს.

საგულისხმოა, რომ გიგანტთა ჯახი ნეიტრალურ მოედანზე, ნეიტრალურ ქვეყანაში, შვეიცარიაში გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები
იტალია (4-4-2): ბუფონი - მაჯო, ბარცალი, ბონუჩი, დე შილიო - პირლო, დე როსი, მონტოლივო, მარკიზიო - ბალოტელი, ოსვალდო.
ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ფილიპე ლუიში - ფერნანდო, ლუის გუსტავო - ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი - ფრედი.

იტალიას
ბრაზილიისთვის 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აღარ მოუგია, რაც ამ შეხვედრის დამატებითი ინტრიგაა. იშვიათად, "სკუადრა აძურას" ასეთი უარყოფითი ბალანსი ჰქონდეს და ბუნებრივია, აპენინელები ნავსის გატეხვას აპირებენ.

თავისი გეგმები აქვთ ბრაზილიელებს, რომლებმაც ბოლო ამხანაგური მატჩი ინგლისელებთან წააგეს და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. ლუიშ ფელიპე სკოლარი ირწმუნება, რომ იტალიასთან სულ სხვა "სელესაოს" ვიხილავთ. შევიხედოთ ორივე გუნდის ბანაკში...

იტალია
ჩეზარე პრანდელიმ 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლებსაც ბრაზილიასთან და მალტასთან შეხვედრებში დაეყრდნობა.

თუმცა "აძურამ" უკვე მოისაკლისა ერთი მოთამაშე და ეს ჯორჯო კიელინი გახლავთ. "იუვენტუსის" მცველს კოჭის ტრავმა აწუხებს და ვერც ერთ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. კიელინი უკვე გაემგზავრა ტურინში და როგორც პრანდელიმ განაცხადა, მის შემცვლელად არავის გამოიძახებს.

ტრავმის გამო სანაკრებო განაცხადს მიღმა დარჩნენ ჯამპაოლო პაცინი და მარკო ვერატი, პრანდელის მიერ დაწუნებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალი კი ძალიან შორს წაგვიყვანს.

"გაძეტა დელო სპორტი" იტალიის ნაკრებს 3-5-2 ტაქტიკით თამაშს უწინასწარმეტყველებდა, დღეს კი აქცენტი 4-4-2-ზე კეთდება. ეს ყველაფერი ერთი ფეხბურთელის, ჯორჯო კიელინის ტრავმამ განაპირობა.

პირველი ვერსიით, დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩის, ანდრეა ბარცალის და ჯორჯო კიელინის უნდა ეთამაშათ, ნახევარდაცვის ფლანგებზე კი ინაციო აბატესა და ანტონიო კანდრევას. ბოლო ვარაუდით, ბონუჩი-ბარცალი დაცვის ცენტრში ტანდემს შექმნიან, ფლანგებზე კი კრისტიან მაჯო და მატია დე შილიო გაირჯებიან. რაც შეეხება ნახევარდაცვას, კლასიკურ ოთხეულს ველოდებით ანდრეა პირლოს, დანიელე დე როსის, კლაუდიო მარკიზიოს და რიკარდო მონტოლივოს შემადგენლობით.

საგულისხმოა, რომ "აძურას" ვარჯიშებზე მარიო ბალოტელისთან ტანდემში მუდმივად პაბლო ოსვალდო ირჯება და არა სტეფან ელ შაარავი - როგორც ჩანს, ჩეზარე პრანდელი სასტარტოსთვის სწორედ რომაელს ამზადებს. ვნახოთ...

ბრაზილია
საკადრო პრობლემები ლუიშ ფელიპე სკოლარისაც აქვს... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრაზილიელთა თავკაცს რამირესი და პოულინიო აკლია, ეს ორი მოთამაშე კი ინგლისთან ძირითად შემადგენლობაში იყო და საყრდენ ხაზს ამაგრებდა.

წინასწარი პროგნოზით, რამირესს და პოულინიოს ფერნანდო და ლუის გუსტავო შეცვლიან.

სკოლარის ვერც ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის, ლუკას მოურას იმედი ექნება, რომელიც "ნანსისთან" შეხვედრაში დაშავდა და სანაკრებო სიის მიღმა დარჩა. მოურამ ინგლისთან შეცვლაზე ითამაშა და მაშინვე ითქვა, რომ მომდევნო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა.

მოკლედ, პრობლემები სკოლარისაც აქვს, თუმცა ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია - როდესაც მწვრთნელს ამხელა არჩევანი აქვს, სადღაც ვიღაც ყოველთვის იქნება ტრავმირებული.

ჟურნალისტთა ვარაუდით, სკოლარი ინგლისთან არჩეულ 4-3-3-ზე უარს იტყვის და ამჯერად 4-2-3-1 სქემას დაეყრდნობა. შეტევის წინა ხაზზე ალბათ ბრიტანელთა კარში ერთადერთი გოლის ავტორს, ფრედს ვიხილავთ, რომელსაც უკნიდან ოსკარი, ნეიმარი და ჰალკი დაეხმარებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, ოსკარის ნაცვლად, ძირითადში "ლაციოს" შემტევი ნახევარმცველი, ერნანესი იქნება, რომელიც იტალიურ დაცვას ყველაზე უკეთ იცნობს. დაველოდოთ ამ მეტად საინტერესო პაექრობას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი...

ჩეზარე პრანდელი (იტალია):
"ჯორჯო კიელინი ექიმებმა დეტალურად გასინჯეს და მისი სახლში გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრაზილიელებთან რომ ვერ ითამაშებდა, გუშინვე ვიცოდით, მაგრამ მქონდა იმედი, რომ მალტასთან მაინც დაგვეხმარებოდა. რას ვიზამთ, ჯორჯოს ადგილი სხვა მცველმა უნდა დაიკავოს და საბედნიეროდ, არჩევანი გვაქვს. ბრაზილიასთან საუკეთესო "აძურა" უნდა ვიხილოთ და ფეხბურთელებიც ასევე არიან განწყობილნი. თუმცა, შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც თამაშის ხარისხია და მთავარია, წინა მატჩებში არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ".

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია):
"ბოლო წლებში ბრაზილიელებთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. 2013 წელს ამის კარგი შანსი გვაქვს, რადგან სამხრეთამერიკელებს მინიმუმ ორჯერ შევხვდებით. მართალია, თამაში ამხანაგურია, მაგრამ ჩვენ, ოფიციალურისგან არ ვასხვავებთ. როდესაც ასეთ პრინციპულ მეტოქეს ხვდები, მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ შეგექმნება. ბრაზილიასთან ჯახი კარგი საშუალებაა, ჩვენი რეალური ძალა დავინახოთ".

ერნანესი (ლაციო):
"იტალიის ნაკრების ძლიერი მხარე კარგად ორგანიზებული დაცვაა. ჩეზარე პრანდელის განკარგულებაში ინდივიდუალურად ძლიერი უკანახაზელები არიან, რომლებსაც ნებისმიერი ფორვარდის შეჩერება შეუძლიათ. თუმცა, არც წინ მოიკოჭლებენ და ჩვენ მცველებსაც ყურადღებით მართებთ ყოფნა. თუ გამარჯვება გვინდა, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის ნაკრები: "სკუადრა აძურა" დაირაზმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული