მართალია, ჯანლუიჯი ბუფონს თერთმეტმეტრიანის აღება მოუხდა და ერთხელ ბურთი მისი კარის ძელსაც მოხვდა, მაგრამ იტალიელებმა მაინც უპრობლემოდ მოიგეს... ეს თამაშის ნებისმიერ მონაკვეთში იგრძნობოდა, რადგან სტუმრები იმის ნახევარ ტემპშიც არ ირჯებოდნენ, როგორც ბრაზილიელებთან ამხანაგურ პაექრობაში. "სკუადრა აძურამ" მეტოქე ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა და ორივე გოლი მარიო ბალოტელის ანგარიშზეა - ერთხელ სტეფან ელ შაარავის მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი მატია დე შილიოს პასი შეირგო და
მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და ერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას - ჩეზარე პრანდელის მიერ შერჩეული სასტარტო თერთმეტეული ორი გუნდისგან დაკომპლექტდა და ისე გამოვიდა, რომ მალტის ნაკრები "მილანის" და "იუვენტუსის" გაერთიანებულ გუნდს შეეჭიდა...
თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ "აძურას" ძირითადი შემადგენლობა: ბუფონი (იუვენტუსი) - აბატე (მილანი), ბარცალი (იუვენტუსი), ბონუჩი (იუვენტუსი), დე შილიო (მილანი) - პირლო (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი), მონტოლივო (მილანი) - ჯაკერინი (იუვენტუსი) - ელ შაარავი (მილანი), ბალოტელი (მილანი).
მატჩის გმირად დუბლის ავტორი მარიო ბალოტელი შეირაცხა, რომელიც იტალიელმა ჟურნალისტებმა ქებით ცაში აიყვანეს. ბუნებრივია, სუპერმარიოს არც მწვრთნელ-ფეხბურთელებმა დააკლეს და აქვე კომენტარები...
ჩეზარე პრანდელი: "ვიცოდით, რომ მეტოქე ჩვენთვის სივრცეების შეზღუდვას შეეცდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბურთზე კონტროლის დაწესება არ გაგვიჭირდა. როდესაც დაცვითი რუბიკონების გარღვევა გიწევს, თამაში მოკლე პასებზე უნდა ააგო და ჩვენ ეს კარგად გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით და რა თქმა უნდა, შედეგითაც. გამოვარჩევდი ჯანლუიჯი ბუფონს და მარიო ბალოტელის - პირველმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ძალიან დამაჯერებელი იყო, მეორეს კი დუბლზე მეტად სხვა რამეს მოვუწონებდი - პროვოკაციაზე არ წამოეგო და მეტოქის უხეშობას სიმშვიდით პასუხობდა".
რიკარდო მონტოლივო: "ძალიან გაგვიმართლა, რომ გვყავს მარიო ბალოტელი, რომელსაც ნებისმიერ შეხვედრაში შეუძლია გოლის გატანა. მალტა საკუთარ ნახევარზე ჩადგა და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ როდესაც გუნდს ასეთი შეტევითი პოტენციალი აქვს, ყველაზე რთულ ამოცანასაც გადაჭრის. მუნდიალის საგზურთან ახლოს ვართ, თუმცა მოდუნება არ შეიძლება".
მალტასთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო კომენტარი გააკეთა მორგან დე სანკტისმა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. "ნაპოლის" 36 წლის კიპერი წლების განმავლობაში ჯანლუიჯი ბუფონის უპირველესი ალტერნატივა გახლდათ, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო რეალური შანსი, ფაქტობრივად, არც მისცემია - მოვუსმინოთ დე სანკტისს:
"ჯიჯიმ მითხრა, რომ კიდევ 10 წელი აპირებს თამაშს და მეც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, დრო იყო, გზა ახალგაზრდებისთვის დამეთმო. უკვე 36 წლის ვარ და ჯობია, კლუბზე მოვახდინო კონცენტრაცია. ეროვნულ ნაკრებს მშვიდად ვტოვებ, რადგან აქ, ბუფონის გარდა, არაერთი ნიჭიერი კიპერია - თუნდაც სალვატორე სირიგუ, ფედერიკო მარკეტი ან გნებავთ, ემილიანო ვივიანო. იმედია, "სკუადრა აძურა" 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]