მილანის "ინტერს" ხუთი ახალი ფეხბურთელი შეუერთდება

AutoSharing Option
ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა "ინტერის" გენერალურმა მდივანმა მარკო ფასონემ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონიდან მილანურ გრანდს ხუთი ახალი ფეხბურთელი შეუერთდება...

რაც მთავარია, ფასონემ ამ ხუთი ფეხბურთელის გვარი დაასახელა - მაშ ასე: 32 წლის უგო კამპანიარო "ნაპოლიდან", 20 წლის მაურო იკარდი "სამპდორიადან", 26 წლის მარკო ანდრეოლი "კიევოდან", 23 წლის რუბენ ბოტა არგენტინული "ტიგრედან" და 20 წლის დიეგო ლაკსალტი ურუგვაული "დეფენსორ სპორტინგიდან".

მოკლედ, "ინტერში" სამხრეთამერიკული დესანტი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ხუთი ახალწვეულიდან 3 არგენტინელია, ერთი ურუგვაელი და მხოლოდ ერთი იტალიელი.

რუბენ ბოტა და
დიეგო ლაკსალტი თავ-თავიანთ ქვეყნებში გამორჩეული მოთამაშეები არიან - პირველი ნახევარმცველია და უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, ხოლო მეორეს მეტწილად გარემარბის პოზიციაზე უწევს თამაში...

რაც შეეხება დანარჩენ სამ ფეხბურთელს, კალჩოს მოყვარულებისთვის მათი წარდგენა სრულიად ზედმეტი იქნება...

უგო კამპანიარო რომ "ინტერში" ეშურებოდა, ეს ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გავიგეთ და მაშინვე ითქვა, რომ გარიგება, დიდი ალბათობით, ზაფხულში შედგებოდა; აი, მაურო იკარდის ამბავმა კი იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი ხმაური გამოიწვია.

ამ თემაზე თავად ფორვარდმა კომენტარის გაკეთება არ მოისურვა, ფასონემ კი შემდეგი განაცხადა:

"იკარდის გუნდის გამოცვლა სურდა და არც "ინტერის" მიმართ დაუმალავს სიმპათია. შესაბამისად, მოლაპარაკება მალევე დასრულდა წარმატებით და ხელშეკრულების გაფორმებასაც არაფერი უდგას წინ.

მაურო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელია, ვინც კი ოდესმე მინახავს და დარწმუნებული ვარ, "ინტერს" გვარიანად გააძლიერებს.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მოთამაშეს, მათზეც მალევე მივაღწიეთ შეთანხმებებს და საბედნიეროდ, ზაფხულში ჩვენი გუნდის ფეხბურთელები გახდებიან.

დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მოთამაშეში კოლოსალური თანხა გადავიხადოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდის გაძლიერებას ვახერხებთ. ხუთი ძალიან საინტერესო მოთამაშე დავიმატეთ, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებენ".


ტრანსფერები ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა და ვერც დადასტურდება, რადგან ხელშეკრულებები არ გაფორმებულა - ისე კი, შეთანხმებები რომ შემდგარია, პრესაში ამას დაჟინებით ამტკიცებენ.

ითქვა ისიც, რომ უგო კამპანიარო და მარკო ანდრეოლი "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავლენ, სამხრეთ ამერიკიდან ჩასასვლელ ფეხბურთელებში კი მილანური გრანდი დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

რაც შეეხება მაურო იკარდის, მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა და როგორც ჩანს, მილანელები ამ თანხის გადახდას დაჰყაბულდნენ.

ერთი სიტყვით, ხუთი ახალი ფეხბურთელი "ნერაძურის" მთლიანობაში 25 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც ბევრი ნამდვილად არაა. თუმცა, ბევრია თუ ცოტა, ამას მომდევნო სეზონში თავად ფეხბურთელები დაგვანახვებენ, თუ, რა თქმა უნდა, ტრანსფერები დადასტურდება, რადგან გუშინ გვიან ღამით, ფასონემ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ჯერ საქმე ბოლომდეა მისაყვანი - ჟურნალისტებს კი ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული