მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, წინა პლანზე სატრანსფერო ცნობებმა წამოიწია...
კაპიტანი ვესტ ჰემში?
35 წლის მასიმო ამბროზინის "მილანთან" ხელშეკრულების ვადა ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ფეხბურთელის პირადმა აგენტმა მორენო რაჯიმ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მისი კლიენტის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს:
"უახლოეს დღეებში მე და მასიმო ადრიანო გალიანის შევხვდებით, სა
პოლი მილანში
23 წლის ანდრეა პოლი "ინტერის" სკოლის აღზრდილია, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მილანურ გრანდში თავი ვერ წარმოაჩინა და სხვა გუნდში, კერძოდ კი, "სამპდორიაში" გაიხსნა. ანდრეა მიმდინარე სეზონში იმდენად კარგად ირჯება, რომ თვით ჩეზარე პრანდელის ყურადღება მიიპყრო და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.
პოლი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც შესანიშნავად ერთვება შეტევაში და პლეიმეიქერადაც თავისუფლად შეუძლია თამაში.
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებმა, პრაქტიკულად, მიაღწიეს შეთანხმებას გენუელებთან და უახლოეს დღეებში ანდრეა "როსონერის" ფეხბურთელი გახდება. მოკლედ, კიდევ ერთი "ინტერისტა" მოირგებს "როსონერის" მაისურს და ვინ იცის, იქნებ მისგან ახალი ანდრეა პირლოც მივიღოთ.
ცნობისთვის, პოლის ბევრი სწორედ პირლოს ადარებს და საერთოდაც, მას იტალიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. პოლის გადაბირება "იუვენტუსსაც" სურდა, მაგრამ როგორც გაცხადდა, თავად ანდრეამ არჩევანი "შავ-წითლებზე" შეაჩერა, გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: "იუვეს" ნახევარდაცვაში არნახული კონკურენციაა და თადარიგში მომიწევს ჯდომაო.
ალეგრი რობინიოს შეურიგდა
ბოლო პერიოდში იტალიური სპორტული პრესაში ხშირად იწერებოდა მასიმილიანო ალეგრისა და რობინიოს კონფლიქტის შესახებ, რომელსაც მწვრთნელის მიერ ფორვარდის გაკრიტიკებამ დაუდო სათავე - ალეგრიმ რობინიო სიზარმაცეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვარჯიში ხეირიანად დასრულებული არ არის, როდესაც ის უკვე ბაზას ტოვებსო. ამას სამხრეთამერიკელის წყენა მოჰყვა და ბევრმა ჩათვალა, რომ ამით რობინიოს მილანურ კარიერას საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი. თუმცა თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გააკეთა:
"დიახ, ჩვენ შორის მართლაც იყო გაუგებრობა და ამის დამალვას არ ვაპირებ. კაცები ვართ, პრობლემებზე ვრეაგირებთ და კონფლიქტისგან დაზღვეული არავინაა. ასეთი რამ ნებისმიერ გუნდში ხდება და მათ შორის, "მილანში". რაც მთავარია, ალეგრის უკვე ვესაუბრე, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ყველა გაუგებრობა უკან დავტოვეთ. "როსონერისთან" კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვაპირებ - FORZA MILAN".
საპატას დარჩენა სურს
კრისტიან საპატა "მილანს" "ვილიარეალიდან" იჯარით ჰყავს აყვანილი და თუ ლომბარდიული კლუბის მესვეურები მის გამოსყიდვას მოისურვებენ, ესპანელებს 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. დიახ, 26 წლის კოლუმბიელის საბაზრო ღირებულება სწორედ ასე განისაზღვრა და სიტყვა უკვე მილანელებზეა... თავად საპატას სწორედ "როსონერიში" სურს დარჩენა:
"მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იმედია, აქედან წასვლა არ მომიწევს. ადრიანო გალიანის ვესაუბრე და ვიცი, რომ ჩემს თამაშს დადებითად აფასებს, ისევე, როგორც მასიმილიანო ალეგრი. ვფიქრობ, "მილანი" ჩემი გუნდია და აქედან წასვლა არაფერში მარგებს. მინდა, "როსონერისთან" ერთად სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"