"მილანის" ახალი სტრატეგია და სატრანსფერო ამბები

AutoSharing Option
მასიმილიანო ალეგრიმ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ სილვიო ბერლუსკონისთან შეთანხმების პროცესმა ბევრი კითხვა დაბადა... ყველაფერი ადრიანო გალიანის კომენტარს მოჰყვა, რომლის ძირითად ნაწყვეტსაც აქვე გახსენებთ:

"კომპრომისამდე მივედით და შეთანხმება შედგა. სილვიო ბერლუსკონი ყოველთვის კმაყოფილი იყო მასიმილიანო ალეგრის მუშაობით და მას სამომავლოდაც ენდობა. ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მილანმა" და მჯერა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწევთ".

ალეგრის ფრაზას: "ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მილანმა" - დიდი გამოხმაურება მოჰყვა... იტალიელმა ჟურნალისტებმა ეს მწვრთნელის საქმეში პირდაპირ ჩარევად მონათლეს და არცთუ უსაფუძვლოდ. ამიტომ
მილანური გრანდის მესვეურები იძულებულნი გახდნენ, რამდენიმე განმარტება გაეკეთებინათ. თავად განსაჯეთ, ამ თემაზე ჟურნალისტებს ადრიანო გალიანიც გაესაუბრა და თვით სილვიო ბერლუსკონიც...

სილვიო ბერლუსკონი: "ჩემსა და ალეგრის შორის ყოველთვის გულახდილი ურთიერთობა იყო, თუმცა არ დავმალავ, რომ ბოლო პერიოდში გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებოდით. ერთი ხანობა, თითქოს ჩიხში შევედით, მაგრამ საბოლოოდ, გამოვნახეთ საერთო ენა. არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ "მილანში" მწვრთნელს თავისუფლებას არ ვაძლევთ, მაგრამ გარკვეული ჩარჩოები რომ გვაქვს, ეს ფაქტია.

როგორ ფიქრობთ, როდესაც "ბარსელონაში" მწვრთნელი მიდის, მას არ უწევს გარკვეულ ჩარჩოში ჩაჯდომა? - "მილანი" უდიდესი ისტორიის გუნდია და მისი ტრადიციების პატივისცემა ნებისმიერ მწვრთნელს ევალება. საბედნიეროდ, ყველა კითხვას გაეცა პასუხი და ჩვენ შორის სრული იდილიაა".


ადრიანო გალიანი: "დიახ, ვადასტურებ, რომ ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა ითამაშოს მომავალში "მილანმა". გასულ სეზონში მუდმივად 4-3-3 სქემით ვირჯებოდით, სამომავლოდ 4-3-1-2-ს დავეყრდნობით. არა იმიტომ, რომ ეს სილვიო ბერლუსკონის უნდა; უბრალოდ, ყველამ ერთად ასე გადავწყვიტეთ. კონკრეტულ ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ძირითად შემადგენლობაში ის მოთამაშეები იქნებიან, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნება. ერთი ცხადია, ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ამ სქემას მოერგებიან".

ადრიანო გალიანიმ არ დამალა, რომ მომდევნო სეზონიდან "მილანი" 4-3-1-2 სქემით ითამაშებს. ამ ტაქტიკას გულშემატკივართა ნაწილი ჯერ კიდევ გასულ სეზონში ითხოვდა, რადგან მარიო ბალოტელისა და სტეფან ელ შაარავის ტანდემში ნახვა ბევრს აინტერესებდა. ალეგრი "პატარა ფარაონს" ფლანგზე არბენინებდა და როგორც ჩანს, ამან თვით ბერლუსკონი აღაშფოთა.

ერთი სიტყვით, მომდევნო სეზონში "როსონერი" ბალოტელი-ელ შაარავის ტანდემით ითამაშებს და ვინ იქნება გამთამაშებელი? - აქ რამდენიმე ვარიანტია, რომელთა შორის ყველაზე ხშირად რიკარდო მონტოლივოს ახსენებენ. კარიერის დიდი ნაწილი მონტოლივოს კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველად აქვს ნათამაშები, მაგრამ მონაცემები აქვს ისეთი, რომ შეიძლება მისი გამთამაშებლად აწევა... მოედნის ხედვა, პასი და დარტყმა არ დაეწუნება, ეს თვისებები კი სწორედ პლეიმეიქერს სჭირდება.

მეორე ვარიანტი რიკარდო საპონარა გახლავთ. 21 წლის კლასიკური გამთამაშებელი, უზადო ტექნიკით, მოედნის საოცარი ხედვით და პასის მაღალი კულტურით... საპონარა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. თავი კი "ემპოლიში" ბრწყინვალე გარჯით გაითქვა. რიკარდოს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და შემთხვევითი არაა, რომ მასში "მილანმა" 4 მილიონი ევრო გადაიხადა. გამთამაშებლობის კიდევ ერთ კანდიდატზე ქვემოთ მოგითხრობთ...

პასტორე "მილანის" სამიზნეში
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურები ხავიერ პასტორეთი დაინტერესდნენ და ფრანგული პსჟ-ის მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებაში არიან ჩართულნი. პარიზელებს არ უნდათ ახალგაზრდა არგენტინელის გასხვისება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თურმე, თავად ხავიერს სურს იტალიაში დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ პასტორემ "პალერმოში" ასპარეზობით გაიგდო სახელი და დღემდე აცხადებს, რომ სიცილიაში თავს გაცილებით კარგად გრძნობდა, ვიდრე საფრანგეთის დედაქალაქში. როგორც ამბობენ, ნაწილობრივ ეს მისი ამპლუის შეცვლამაც განაპირობა - თუ "პალერმოში" ხავიერი წმინდა გამთამაშებელი იყო, პსჟ-ში ფლანგზე გადასწიეს.

მოკლედ, "მილანი" ამ მეტად ნიჭიერი შემტევით დაინტერესდა, რაც ადრიანო გალიანიმაც დაადასტურა:

"პასტორეს გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ გვსურდა, როდესაც "პალერმოში" ასპარეზობდა, მაგრამ პსჟ-ს კონკურენცია ვერ გავუწიეთ. არ დავმალავ, რომ ხავიერის წამოყვანა ძალიან გვინდა, რადგან ის იდეალურად ჯდება "მილანის" ახალ კონცეფციაში - სწრაფია, ტექნიკური და მხოლოდ 23 წლის, ანუ კიდევ მრავალი წელი ითამაშებს უმაღლეს დონეზე. იმედია, შეთანხმება შედგება და ხავიერი "მილანში" გააგრძელებს კარიერას, თუმცა იქამდე ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი".

ისევ ბერლუსკონი და კაკა
ყოველ ზამთარ-ზაფხულს სილვიო ბერლუსკონი რიკარდო კაკას დაბრუნებას ლამობს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის. იტალიური სპორტული პრესის ცნობით, 31 წლის ბრაზილიელს "როსონერის" მფლობელი ამ ზაფხულსაც ეკურკურება და ყველანაირად ცდილობს, რომ ამჯერად მაინც გადაიბიროს.

მადრიდის "რეალის" მესვეურები რიკის გასაშვებად გასულ ზაფხულსაც იყვნენ მზად, მაგრამ ფეხბურთელი ითხოვს ისეთ ხელფასს, რომლის გადახდასაც ლომბარდიელები ვერ ახერხებენ. კაკა ჯამაგირის დაკლებას არ თანხმდება და გამომდინარე აქედან, პირველ რიგში, სწორედ რიკია "შესახვევი" და არა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. მოკლედ, "მილანის" და კაკას თემა ისევ აქტუალურია, თუმცა გალიანიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი და თან, ცოტა არ იყოს, სკეპტიკური:

"კაკას დღემდე "მილანისტად" მივიჩნევ და ძალიან მინდა, რომ კიდევ ვიხილო შავ-წითელი მაისურით, თუმცა ამის ალბათობა მიზერულია და ჯობია, გულშემატკივრებმა ეს აქედანვე იცოდნენ. რიკი 30-ს გადასცილდა და მასში დიდ თანხას ვერ გადავიხდით - ვერც მაღალ ხელფასს დავუნიშნავთ და შესაბამისად, მეეჭვება, მისი ტრანსფერის საკითხი რეალურად დადგეს დღის წესრიგში".

ანდრეა პოლიც "მილანში"
გენუის "სამპდორიამ" დაადასტურა, რომ ანდრეა პოლის თაობაზე "მილანთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს. "სამპდორიას" სპორტულმა დირექტორმა კარლო ოსტიმ განაცხადა, რომ 23 წლის ნახევარმცველის თაობაზე "მილანთან" მოლაპარაკება თითქმის ბოლო სტადიაზეა.

ჩვენ საკმაოდ შორს წავედით "მილანთან" პოლის ტრანსფერზე მოლაპარაკებისას. ეს საკითხი ცოტა ხნით შეფერხებული იყო მათი მწვრთნელის საკითხის გაურკვევლობის გამო, მაგრამ ახლა ტრანსფერს ხელს აღარაფერი უშლის", - განაცხადა ოსტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გადაწყდა: მასიმილიანო ალეგრი "მილანში" რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული