რა ლიგა, რის სკუდეტო, მთავარი "ლაციოს" დამარცხებაა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "რომას" მფლობელი იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ტომას დი ბენედეტო გახდა, კლუბში არაერთი "ეპოქა" დაიწყო, თუმცა ყველა წარუმატებელი გამოდგა...

ლუის ენრიკემ "ჯალოროსისგან" ახალი "ბარსელონა" ვერ შექმნა და ვერც ზდენეკ ზემანის ზე-შემტევი და ავანტურული ფეხბურთი გამოდგა შედეგის მომტანი. შემდეგ იყო აურელიო ანდრეაცოლი, რომელმაც თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ საშუალოდ გააგრძელა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დროებით მწვრთნელთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმებულიყო.

და აი, რომაული კლუბის მესვეურებმა ახალ მწვრთნელად 47 წლის რუდი გარსია შეარჩიეს, რომელმაც ფრანგულ "ლილში" მუშაობით გაითქვა
სახელი. გარსია იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული - აქამდე კომენტარების კეთებისგან თავს იკავებდა, 16 ივნისს კი "რაი სპორტს" ვრცლად ესაუბრა და მის ნააზრევს თემების მიხედვით გთავაზობთ...

სერია A
ჩემი აზრით, მწვრთნელისთვის ყველაზე საინტერესო ტურნირია სერია A და ბედნიერი ვარ, რომ იტალიაში მუშაობის საშუალება მომეცემა. რომში გადმობარგებას საფუძვლიანად ვაპირებ და მსურს, მარადიულ ქალაქში წლების განმავლობაში დავრჩე. ამიტომ არის, რომ იტალიურ ენას გამალებით ვსწავლობ. მინდა ფეხბურთელებთან და ჟურნალისტებთან სწორედ იტალიურად ვიურთიერთო და ამის საშუალება მალე მომეცემა.

კალჩოში ტაქტიკურ სქემებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ეს ყველაზე მეტად მხიბლავს. იტალიელი მწვრთნელები ყველაზე მოთხოვნადები არიან მსოფლიოში და ეს თვალნათლივ ჩანს. ინგლისის პრემიერლიგაში არაერთი აპენინელი მუშაობს და სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. ამ ფონზე, იტალიური გუნდის სათავეში ყოფნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.


"რომა"
შემთხვევით არ მითქვამს, რომ მარადიულ ქალაქში წლების განმავლობაში ვაპირებ დარჩენას. "რომას" მესვეურებს ამბიციური გეგმები აქვთ და ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი პროექტის ნაწილი გავხდი. ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი უნდა შევქმნათ, რომელიც არა მარტო შიდა ასპარეზზე, საერთაშორისო სარბიელზეც იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის.

ამასთან, კარგად ვიცი, რა სურთ ყველაზე მეტად "რომას" გულშემატკივრებს... ჩემპიონთა ლიგის და სკუდეტოს მოგებაზე არ მაქვს ლაპარაკი - მათი ოცნება "ლაციოს" დამარცხებაა და ამაში უკვე დავრწმუნდი. როდესაც რომის ქუჩებში გავისეირნე, უამრავი ადამიანი გამომელაპარაკა - მათ არც ლიგა უხსენებიათ და არც სკუდეტო, ყველა "ლაციოს" მიწასთან გასწორებას მთხოვდა...


ტრანსფერები
როგორც ვიცი, "უდინეზედან" მაღალი კლასის მცველი დავიმატეთ (მეჰდი ბენეტია) და ეს უკვე კარგია. "რომას" რამდენიმე თამაშის ვიდეოჩანაწერს ვუყურე და უკანა ხაზში სერიოზული ხარვეზები დავინახე. ფაქტია, დაცვას გაძლიერება სჭირდება და ამ მიმართულებით, კიდევ გადავდგამთ ნაბიჯებს. ამასთან, მსურს, რომ სხვა რგოლებშიც თითო ექსტრა-კლასის მოთამაშე დავიმატოთ, რაც გუნდს მკვეთრად გადაახალისებს.

მთლიანობაში, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ ამ რესურსით დიდი მიზნების მიღწევა შეიძლება. მინდა დავპირდე ტიფოზებს, რომ "რომა" ყველა ფრონტზე ღირსეულად იბრძოლებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუდი გარსია: "რომაში" ტიტულის მოსაგებად მოვედი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული