მუდმივი მოქმედება - "ფიორენტინას" წარმატების ფორმულა

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად "ფიორენტინას" მიიჩნევენ, გუნდს, რომელიც სატრანსფერო პერიოდში გვარიანად გაძლიერდა.

ბევრი იმასაც თვლის, რომ ფლორენციელებს მთელ ჩემპიონატში საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავთ - შეგახსენებთ, რომ "ვიოლას" შეტევაში ჯუზეპე როსი, მარიო გომესი და იოსიპ ილიჩიჩი ირჯებიან.

მოკლედ, ვინჩენცო მონტელას არჩევანი აქვს და მისმა გუნდმაც სეზონი მეტ-ნაკლებად წარმატებულად დაიწყო. თუმცა, ეს "მეტ-ნაკლებად" ტოსკანას დედაქალაქში არ აკმაყოფილებთ და საერთო ფონს ისიც ამძიმებს, რომ ამ მომენტისთვის ჯუზეპე როსიც და მარიო გომესიც ტრავმირებულნი არიან.

ამ რთულ ვითარებაში "ფიორენტინას" პრეზიდენტმა ბრიფინგის ჩატარება გა
დაწყვიტა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა...

კარგი გაკვეთილი
"პარმასთან" მატჩში დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ტრაგედიის შექმნა ნამდვილად არ ივარგებს. მეტოქემ უკანასკნელ წუთზე გაგვითანაბრა ანგარიში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ და გამარჯვება ნაადრევად დავიჯერეთ.

ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყო ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ, ვინჩენცო მონტელა სწორ დასკვნებს გამოიტანს და ამ შეხვედრიდან დიდ სარგებელს მივიღებთ. ამასთან, მინდა მეტოქე შევაქო, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

გამოცდა
მარიო გომესი ისედაც გვაკლდა და მას ჯუზეპე როსიც მიემატა. ეს დიდი გამოცდაა მონტელასთვის და მთლიანად გუნდისთვის.

თუ უმაღლესი მიზნების მიღწევა გვსურს, ყველა პირობებში უნდა შევძლოთ ძალების მობილიზება და მართლაც საინტერესოა, როგორ გავართმევთ ამ ამოცანას თავს.

სტევან იოვეტიჩი ხშირად იყო ტრავმირებული, მაგრამ ეს გუნდს დიდად არ ეტყობოდა. ვნახოთ, რა იქნება ამ შემთხვევაში. იმედია, ამ გამოცდას გუნდი კარგად ჩააბარებს.

გეგმები
ვაპირებთ თუ არა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას? - ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ, მაგრამ ზოგადად, გუნდი გაძლიერებას ყოველთვის საჭიროებს.

სავარაუდოდ, ორი-სამი ფეხბურთელის გადაბირებას შევეცდებით და ეს, მიუხედავად იმისა, რომელ ადგილზე ვიქნებით სატურნირო ცხრილში.

არ უნდა გავჩერდეთ, წარმატების არსი მუდმივ მოქმედებაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც მქუხარე სახელებია თავმოყრილი ვიოლაში.
სულ2
03:00 29-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული