"მილანი" 10-იანს კეისუკე ჰონდას უნახავს

AutoSharing Option
გახსოვთ, ალბათ, კეისუკე ჰონდას სატრანსფერო საგა, რომელიც ცსკა-დან "მილანში" უნდა გადასულიყო და საბოლოოდ, გარიგება არ შედგა.

27 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ რუსები 5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რაზეც იტალიელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს - მიზეზი მარტივია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იაპონელს არმიელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მოკლედ, მალე ჰონდა ჩიტივით თავისუფალი იქნება და იქით წავა, საითაც გული გაუწევს.

"კორიერე დელო სპორტთან" ინტერვიუში კეისუკემ ღიად განაცხადა, "მილანი" ერთ-ერთი ვარიანტია და არაა გამორიცხული, სხვა გუნდში ამოვყო თავიო. ეს ამბავი ჟურნალისტებმა მყისვე აიტაცეს და
ჰონდა ხან ინგლისის პრემიერლიგაში გადაიყვანეს, ხანაც გერმანულ ბუნდესლიგაში. თუმცა, 3 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, ჰონდა მაინც ვერ ასცდება "მილანს" და თუ ჩვენს იტალიელ კოლეგებს დავუჯერებთ, ეს საკითხი უკვე მოგვარებულიც ყოფილა.

ლომბარდიელებმა იაპონელს მაცდური წინადადება შესთავაზეს და 10-ნომრიან მაისურს დაპირდნენ, რომელიც დღეს ვაკანტურია. დიახ, ამ დროისთვის 10-ნომრიანი მაისური "როსონერიში" არავის აცვია და როგორც ჩანს, მას ჰონდასთვის ინახავენ. ჰონდას სავარაუდო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"ჰონდას გადაბირება რომ ჩვენს გეგმებშია, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. იმედია, კეისუკე "მილანზე" შეაჩერებს არჩევანს და შავ-წითელ მაისურს მოირგებს. ჰონდას გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულში გვსურდა, მაგრამ მოსკოველებმა დიდი თანხა მოითხოვეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კეისუკე ჰონდა: "მილანი" მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია
ასევე დაგაინტერესებთ