დიდი შეთანხმება: მილანის" ინტერი" გაიყიდა!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ბანაკიდან" ისეთი ცნობა მოვიდა, რომელმაც თვით სანაკრებო ბატალიები და "სკუადრა აძურას" სომხეთთან მატჩი დაჩრდილა. მასიმო მორატიმ და ინდონეზიელმა ბიზნმესმენმა ერიკ ტოჰირმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც, კლუბის აქციათა 70% სწორედ ამ უკანასკნელს გადაეცა.

ამრიგად, მორატის აქციათა მხოლოდ 30% დარჩა და რადგან საკონტროლო პაკეტს ტოჰირი დაეუფლა, კლუბის მფლობელი სწორედ ინდონეზიელი ბიზნესმენი გახლავთ. ტოჰირმა კლუბის საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ 375 მილიონი ევრო გადაიხადა. დარჩება თუ არა მორატი "ინტერის" პრეზიდენტად, ეს თავად მასიმომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან ტოჰირმა მას თავისუფალი არჩევანის ნება მისცა.
პრეზიდენტობასთან დაკავშირებით მორატის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაც მისი კომენტარიდან შევიტყვეთ:

"შეთანხმებას მივაღწიეთ და "ინტერის" აქციათა 70% ერიკ ტოჰირის საკუთრებაში გადავიდა. ამის შესახებ ოფიციალური პრესრელიზი უახლოეს საათებში გავრცელდება. მე მიყვარს "ინტერი" და ამ გუნდის ერთგულ გულშემატკივრად ვრჩები - ამასთან, მშვიდად ვარ, როპმ კლუბი საიმედო ხალხის ხელში გადავიდა.

პრეზიდენტობა? - ტოჰირს სურს, რომ პრეზიდენტი კვლავ მე ვიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ცხოვრების ახალ რიტმზე უნდა გადავერთო და ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს"
.

აქვე ვთქვათ, რომ მასიმო მორატი "ინტერის" მფლობელი და პრეზიდენტი 1995 წლიდან გახლავთ. ამ პერიოდში გუნდმა არაერთი სკუდეტო, იტალიის თასი და საერთაშორისო ტროფეი მოიგო.

მორატის წარმატებათა გვირგვინი ჟოზე მოურინიოს პერიოდი და 2009/10 წლების სეზონი იყო, როდესაც "ნერაძურიმ" ტრიპლეტი შეასრულა და ყველა იმ ტურნირში გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. ჟოზეს "ინტერმა" სკუდეტო, იტალიის თასი და მორატისთვის იქამდე მიუღწეველი მიზანი: ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ტოჰირის გეგმები
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად იწერება, რომ ერიკ ტოჰირი "ინტერში" დიდძალი ინვესტიციის ჩადებას აპირებს, თანხების დიდი ნაწილი კი ახალი სტადიონის მშენებლობასა და ტრანსფერებში დაიხარჯება. ახალი სტადიონის შესახებ ინდონეზიელი ბიზნესმენი ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც მორატისთან მოლაპარაკების საწყის ეტაპზე იყო.

ახალი არენის მშენებლობა "ინტერის" ძველ მესვეურებსაც სურდათ და სტადიონის მაკეტიც კი აქვთ გაკეთებული, რომელიც 60 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. საინტერესოა, სწორედ ამ მაკეტით იხელმძღვანელებს ინდონეზიელი ბიზნესმენი თუ სრულიად ახალ პროექტს გააკეთებს - ამ თემაზე მორატისაც ჰკითხეს, მისი პასუხი კი ასეთი იყო:

"შეთანხმება დღეს შედგა და მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. ტოჰირი პრესკონფერენციას გამართავს და ყველაფერზე თავად ისაუბრებს, მათ შორის, ახალი სტადიონის აშენებაზე".

"გაძეტა დელო სპორტი" სატრანსფერო საკითხებსაც გადასწვდა და ივარაუდა, რომ "ინტერის" ახალი მესვეურები ახალი ფეხბურთელების გადაბირებას ამავე ზაფხულს შეეცდებიან. ითქვა ისიც, თუ ვინ იქნება ერიკ ტოჰირის პირველი სამიზნე - ლაპარაკია ესეკილ ლავეციზე, რომელიც ფრანგულ პსჟ-ში ასპარეზობს. შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ არგენტინელი შემტევი პსჟ-მდე "ნაპოლიში" ასპარეზობდა, სადაც მისი მთავარი მწვრთნელი "ინტერის" ამჟამინდელი თავკაცი ვალტერ მაცარი გახლდათ.

მაცარიმ კარგად იცის ლავეცის ფასი და გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ მილანელები ესეკილის გადაბირებას შეეცდებიან. მით უმეტეს, არგენტინელი პარიზში დიდად ვერ გაიხსნა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილშია მოქცეული.

პირველი პრეცედენტი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც იტალიურ საფეხბურთო კლუბს უცხოელი დაეპატრონა. მართალია, დაახლოებით ორი წლის წინ სენსების ოჯახმა "რომა" ამერიკელ ბიზნესმენ ტომას დი ბენედეტოს მიჰყიდა, მაგრამ ეს უკანასკნელი იტალიური ფესვების გახლავთ და აპენინებზე ის უცხოელად არც მიუღიათ.

აი, ინდონეზიელი ერიკ ტოჰირი კი სრულფასოვანი უცხოელია, რომელმაც იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი იგდო ხელთ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მხრივ, იტალიელები ინგლისელებზე კონსერვატორები გამოდგნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული - "ინტერი" პირველი იტალიური გუნდია, სადაც უცხოური ინვესტიცია ჩაიდება და როგორც აპენინელი საფეხბურთო ექსპერტების დიდი ნაწილი აცხადებს, ეს მხოლოდ წაადგება კალჩოს.

ექსპერტთა მოსაზრებას იზიარებს ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი, რომელმაც უკვე გააკეთა მოკლე კომენტარი:

"ინგლისურმა კლუბებმა მნიშვნელოვანი პროგრესი სწორედ უცხოური ინვესტიციების ხარჯზე განიცადეს და ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ეს ყველაფერი იტალიაშიც მოხდება. მორატებმა დიდი როლი ითამაშეს "ინტერის" პროგრესში, მაგრამ დადგა დრო, ასპარეზი სხვას დაუთმონ. სენიორ მასიმომ ეს კარგად იგრძნო და ამადაც დათმო კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი.

სერია A-დან ვარსკვლავები გარბიან და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამიტომ მორატისა და ტოჰირის შეთანხმებას მხოლოდ დადებითად ვაფასებ
". 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი მილანის "ინტერს" ინაწილებენ
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლივს არ მიხვდნენ, რომ შემოეშვათ აზიური კაპიტალი. ეს ბებერი ბერლუსკონი როდის მიხვდება მილანიც იგივე გზას უნდა დაადგეს.
sabonis
19:03 16-10-2013
0
ინტერს სადაც დავიჭერთ!... ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!1
del piero
20:30 16-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული