გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა მძიმედ მიიღო მასიმო მორატის "ტახტიდან ჩამოგდება", ნაწილმა კი ცვლილება პოზიტიურად შეაფასა და ახალი ტრანსფერების მოლოდინშია. დიახ, ტოჰირისგან მეგა-ტრანსფერებს ელიან და რა იქნება სინამდვილეში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს...
ტოჰირის პირველი კომენტარი
"ინტერის" მფლობელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა ერიკ ტოჰირმა და ბუნებრივია, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა:
"მილანში ჩამოვედი იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ "ინტერის" მომავალი, ტრადიციების პატივისცემით.
ერთი სიტყვით, ერიკ ტოჰირმა კიდევ ერთხელ ახსენა დიდი პატივით მასიმო მორატი და ამით იმ გულშემატკივართა გულის მოგებას შეეცადა, რომლებიც მფლობელის ცვლილებით იმედგაცრუებულნი არიან...
მორატი: ნუ ელოდებით მეგა-ტრანსფერებს
კომენტარი გააკეთა მასიმო მორატიმაც და განაცხადა, რომ ამავე ზამთარს, ან გნებავთ, უახლოეს ზაფხულს მეგა-ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ:
"ერიკ ტოჰირი ჭკვიანი კაცია და მან კარგად იცის, რომ ცხელ გულზე დიდი ტრანსფერები არ უნდა გაჩარხოს. მან მკაფიოდ მითხრა, რომ გარკვეული დრო კლუბის სტრუქტურის გასაცნობად დასჭირდება და შესაბამისად, ამ პერიოდში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უახლოეს მომავალში "ინტერი" ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს გადაიხდის, ძალიან ცდება. ამის ფუფუნება მხოლოდ "რეალს", "მანჩესტერ სიტის" და პსჟ-ს აქვთ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს".
მოსალოდნელი ცვლილებები
მასიმო მორატის თქმით, უახლოეს მომავალში მეგა-ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ და კაცმა რომ თქვას, ლეო მესის ან კრიშტიანო რონალდოს გადაბირებას არც არავინ ელოდება. სხვა მხრივ, ცნობები ბევრი გავრცელდა და "ნერაძურის" სავარაუდო ახალწვეულებზეც სათითაოდ ვთქვათ...
ემანუელე ჯაკერინი: გასულ ზაფხულს ემანუელე ჯაკერინი "იუვენტუსიდან" ინგლისურ "სანდერლენდში" გადავიდა, მის სანაცვლოდ კი ტურინულმა გრანდმა 10 მილიონი ევრო აიღო. მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის ჯაკერინი ახალ გუნდს კარგად მოერგო, მაინც ინგლისიდან აბარგებასა და იტალიაში დაბრუნებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ჯაკერინიმ უკვე გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ მზად არის, სერია A-ს კლუბების წინადადებები განიხილოს.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ინტერის" მესვეურები ჯაკერინის სანაცვლოდ იმავე 10 მილიონის გადახდას არიან ყაბულს, ფეხბურთელს კი წლიურად 2.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან.
მარტინ მონტოია: ბოლო დროს "ბარსელონა" არ ერიდება საკუთარი აღზრდილების გასხვისებას და შესაძლოა, ამით "ინტერის" მესვეურებმაც ისარგებლონ. თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელები ზამთარში მარტინ მონტოიას გადაბირებას შეეცდებიან, რომელიც იშვიათად ხვდება კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობაში.
22 წლის მონტოია სხვა ევროპულ გუნდებსაც სურთ და ვნახოთ, სად გაგრძელდება მისი კარიერა.
მარკო ვერატი: 20 წლის იტალიელი საყრდენი ფრანგულ პსჟ-ში ასპარეზობს - ჩრდილში ნამდვილად არ არის მოქცეული, მაგრამ მეტი შეუძლია და ამაზე თავადაც ხშირად საუბრობს. ვერატი უნდა დაბრუნდეს იტალიაში - ეს აზრი დიდი ხანია მუსირებს და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება.
გადავა თუ არა ვერატი "ინტერში", ეს ერიკ ტოჰირის ხელგაშლილობაზეა დამოკიდებული - პარიზელებმა მარკოს სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადეს და იოლად ნამდვილად არ შეელევიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი შეთანხმება: მილანის" ინტერი" გაიყიდა!