საუკეთესო როსი ჯერ არ გვინახავს

AutoSharing Option
"ფიორენტინა"-"იუვენტუსის" შეხვედრა იტალიურ სპორტულ პრესაში კვლავ განხილვის საგანია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან "არტემიო ფრანკიზე" მართლაც ბრწყინვალე სპექტაკლი დაიდგა...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა "იუვენტუსმა" ოთხი გოლი გაუშვა და თანაც, ერთ ტაიმში.

მოკლედ, "ვიოლამ" გაგვაოცა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი 26 წლის ჯუზეპე როსი გახლდათ, რომელმაც ჯანლუიჯი ბუფონს სამი გოლი გაუტანა. არადა, როსიმ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და როგორც ექიმები ამბობენ, ჯერჯერობით შესაძლებლობების მხოლოდ 70%-ს ავლენს - ამის შესახებ კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა დანიელე
პრადემ გააკეთა:

"როსის ტრავმის გამო წელიწადნახევარი გაუცდა - ბევრს იმაშიც ეპარებოდა ეჭვი, რომ საერთოდ დაუბრუნდებოდა ფეხბურთს, ჩვენ კი მასზე ფსონს ჩამოვედით და დიდი თანხაც გადავიხადეთ. მაშინ ბორხა ვალეროსთან და გონსალო როდრიგესთან გვქონდა კონსულტაციები, რომლებმაც ჯუზეპეს ყიდვა გვირჩიეს.

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან როსი არა მარტო ბრწყინვალე ფეხბურთელი, შესანიშნავი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, უკვე გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა. დარწმუნებული ვარ, როსი კიდევ უფრო მოუმატებს და მასთან ერთად დიდ მიზნებს მივაღწევთ".

მართალია, "იუვენტუსთან" გამარჯვებას ჯუზეპე როსიც ეყო, მაგრამ "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი დაშავებულ თავდამსხმელთა გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ელოდება. აქვე ვთქვათ, რომ ფლორენციელებს ტრავმის გამო სწორედ ორი ფორვარდი აკლიათ: მარიო გომესი და იოსიპ ილიჩიჩი. ამად იყო, "იუვენტუსთან" პაექრობაში მონტელამ მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით რომ ითამაშა, რაც მას არ ახასიათებს.

მოკლედ, მწვრთნელი დაშავებულთა გამოჯანმრთელებას ელოდება და ამის შესახებ კომენტარს აკეთებს:

"მარიო გომესი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, კიდევ ათი დღე უქმობა მოუწევს. გომესმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც მნიშვნელოვნად მოუმატა და ფორმაში დასაბრუნებლად კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება იოსიპ ილიჩიჩს, მას მინიმუმ ორი კვირა მოუწევს ლაზარეთში ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ "კიევოსთან" და "ნაპოლისთან" ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ითამაშებს;

დიდი ალბათობით, "მილანთან" მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და როსი-ილიჩიჩის დაბრუნების შემდეგ "ფიორენტინა" უკეთესად ათამაშდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯუზეპე როსი: ეს "ფიორენტინა" ნებისმიერს მოუგებს [VIDEO]