30 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურში "მილანი" და "ლაციო" ფრეს დასჯერდნენ - 1:1.
კაკას ბრწყინვალე გოლს რომაელებმა მიშელ სიანის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
"კაკას გოლის შემდეგ შანსი რამდენჯერმე ვერ გამოვიყენეთ, რისთვისაც დავისაჯეთ.
კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გაშვებული გოლის მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. არადა, დაცვას ურიგოდ არ უთამაშია, რომელმაც შეძლო ერნანესისა და მიროსლავ კლოზეს ამოკეტვა. ჩვენ ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს.
მთავარია, მოგება გავიხსენოთ, რათა ევროპის ლიგის ზონას მაინც მივუახლოვდეთ. ლიდერთა სამეული წინ დიდი სისწრაფით მიექანება და ვშიშობ, მათი დაწევა შეუძლებელი იქნება.
კაკას მოედანზე საოცრებების მოხდენა შეუძლია. მას "მილანთან" ერთად სურს დაამტკიცოს, რომ ჯერაც ჩემპიონია. ის თავმდაბალი ადამიანია და ხვდება, რომ მხოლოდ ტექნიკა არაა საკმარისი მაღალ დონეზე თამაშისთვის. კაკა ყოველთვის იყო ახალგაზრდებისთვის სამაგალითო.
ასევე, მომეწონა მარიო ბალოტელის თამაში. მისთვის ადვილი არ იყო რომის "ლაციოს" მცველებთან გამკლავება, მაგრამ მისი გარჯით მაინც კმაყოფილი დავრჩი", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს Football-Italia.
სერია A-ს მეათე ტურის შემდეგ "მილანი" სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს, მომდევნო ტურს კი, 2 ნოემბერს, "ფიორენტინასთან" გამართავს.