პოლ პოგბა "მანჩესტერში" არასოდეს დაბრუნდება

AutoSharing Option
პოლ პოგბას "იუვენტუსში" დარჩენა-არდარჩენის თემა იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ცნობილია, რომ 20 წლის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს სურთ. ყველაზე მეტად მაინც პსჟ და "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პოგბა "იუვენტუსში" სწორედ მანჩესტერიდან მოხვდა, თანაც, თავისუფალი აგენტის სტატუსით და მხოლოდ იმიტომ, რომ ალექს ფერგიუსონმა მასში ტალანტი ვერ დაინახა. სწორედ ამიტომ თურმე პოგბა "იუნაიტედში" დაბრუნებას არ აპირებს, რის შესახებაც მისმა აგენტმა განაცხადა:

"პოლი მანჩესტერში უპერსპექტივო ფეხბურთელად მიიჩნიეს და ამიტომ იქ დაბრუნებაზე არც კი უფიქრია. მაშინ გუნდის
მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი იყო, რომელიც დღეს კლუბის დირექტორთა საბჭოშია. ვერ დავიჩემებ, რომ პოგბა კარიერას აუცილებლად "იუვენტუსში" დაასრულებს, მაგრამ "იუნაიტედში" რომ არ გადავა, ეს კარგად ვიცი, ამ ეტაპზე მაინც".

ამასობაში პოლ პოგბას შესახებ კომენტარი ჯანლუიჯი ბუფონმა გააკეთა: "პოლი უნდა დარჩეს, რადგან ტურინში მას ყველა პირობა აქვს შექმნილი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. როდესაც პოგბას პირველ ვარჯიშს მივადევნე თვალი, რომელიღაც თანაგუნდელს გადავულაპარაკე: მგონი, მანჩესტერში დაბრმავდნენ.

ფრანგს უდიდესი ტალანტი აქვს და დიდია შანსი, ერთ მშვენიერ დღეს "ოქროს ბურთი" მოიგოს. ამ წელს ჩემი არჩევანი ანდრეა პირლოზე, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესიზე შეჩერდა - მომავალში კი, იმედია, პოგბას დავუჭერ მხარს".

ბუფონმა მოკლე განმარტება გააკეთა, თუ რატომ აირჩია ანდრეა პირლო, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი:

"პირლო საუკეთესოა და ვფიქრობ, რომ მისი კალიბრის ნახევარმცველი დღეს მსოფლიოში არ არის. ამიტომ ანდრეა ულაპარაკოდ დავასახელე საუკეთესოდ. რონალდო ყველაზე გამორჩეული იყო 2013 წელს და "ოქროს ბურთს" ალალად იმსახურებდა. რაც შეეხება მესის, ის, უბრალოდ, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული