ვალტერ მაცარი პატივისცემას ითხოვს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" ღრმა კრიზისშია: გუნდს ბოლო ორ თვეში ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ერთადერთი მოგება აქვს! "ნერაძურის" ახალმა მფლობელმა და პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა არაერთხელ თქვა, "ინტერში" ახალი ერა მომავალი სეზონიდან დაიწყებაო, მაგრამ გულშემატკივრებს, ცხადია, არ სიამოვნებთ საყვარელი კლუბის ასეთ დღეში ხილვა და როგორც პრესის, ასევე ქომაგების მხრიდან, ჯოხი ხშირად მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარიზე ტყდება.

"ღარიბების მოურინიოს" კი კრიტიკა არ უყვარს და პასუხის გაცემაც ეხერხება. იგი მიიჩნევს, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ბევრი რამ უიღბლობის ბრალიცაა და მსაჯების შეცდომებისაც. გარდა ამისა, რასაკვირველია, არ სიამოვნებს,
როდესაც "ინტერში" მის მოღვაწეობას ანდრეა სტრამაჩონის ცუდ პერიოდს ადარებენ.

"მე ვიცი, როგორც ხდება ამ სამყაროში... ეს მარტო ჩემთან კი არა, სხვებთან მიმართებაშიც ხდება და ადვილი დასანახია - ზოგჯერ 10-წლიან წარმატებულ კარიერასაც წუთში გივიწყებენ. ამას ჩემს წინამორბედთან შედარების გამო კი არა, ზოგადად ვამბობ. ყველაფერს ცოტა სხვაგვარად უნდა შევხედოთ. მე ყველას პატივს ვცემ, როდესაც მეც პატივს მცემენ. ხოლო თუ პატივს არ მცემენ, ასეთი ხალხი არ მადარდებს და ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ.

აქამდე ოდესმე შემიხსენებია, რომ ზაფხულში "რომას" წინადადებაზე ვთქვი უარი? ან მინანია? მე მჯერა, რომ არასდროს უნდა ინანო ის, რაც გააკეთე - ეს სწორია. ამ ახალ თავგადასავალში მთელი არსებით, სულითა და გულით გადავეშვი. საქმის კეთება დიდი შემართებითა და ვნებით დავიწყე. სხვაგვარად არც წარმომიდგენია.

როდესაც "ინტერიდან" დამიკავშირდნენ, ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. სანამ აქ ვმუშაობ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები, არასდროს ვიფიქრებ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვა არჩევანი რომ გამეკეთებინა და ჩვეული ვნებით ვიმუშავებ. "ინტერში" ახლა ისტორიული პერიოდია, გუნდში სერიოზული ცვლილებებია და მე ახლაც ბოლომდე მჯერა ამ პროექტის
" - განაცხადა მაცარიმ.

ერიკ ტოჰირი რომ მილანში იყოს...
"ნაპოლის" ყოფილ თავკაცს ისიც ჰკითხეს - ხომ არ თვლით, რომ ერიკ ტოჰირი იტალიაში რომ გადმობარგდეს და კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ჩართული იყოს, საქმე უკეთ წავიდოდაო. ყოველ შემთხვევაში, ინტერისტების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს და მასიმო მორატიმაც მოუწოდა ინდონეზიელს მილანში გადაბარგებისა და თამაშებზე დასწრებისკენ.

"არ მგონია, რომ ტოჰირის არყოფნა სერიოზულ გავლენას ახდენდეს ჩვენს თამაშზე. არ ვთვლი, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე სხვაგვარად უნდა კეთდებოდეს და რამე კარგად არ კეთდება. აქ არიან მარკო ბრანკა, პიერო აუზილიო, ივან კორდობა და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებიც გუნდზე ზრუნავენ.

ცხადია, მხოლოდ მესიამოვნებოდა, პრეზიდენტიც რომ მუდმივად ჩვენთან ერთად იყოს, თანაც, ასეთი რთული პერიოდისას, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. თავს მარტოდ სულაც არ ვგრძნობ, არც ყურადღება მაკლია და არც მხარდაჭერა. ზოგადად, როდესაც ხელმძღვანელობის ცვლილება სეზონის შუაში ხდება, ეს ისედაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან. თუნდაც ის ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ სამაგალითოდ, რომ მე მწვრთნელად მაშინ დავინიშნე, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ მორატი გახლდათ. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი მალე დალაგდება.

აღმასვლები და დაღმასვლები ნებისმიერ გუნდს აქვს, ისეთსაც კი, როგორიც "ბარსელონაა". ჩვენ ჯერ კიდევ მეხუთე ადგილზე ვართ, "ლაციოსა" და "მილანის" დარ გუნდებს ვუსწრებთ და ბრძოლას ვაგრძელებთ"
- აღნიშნა მაცარიმ.

პერეირა სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა
"ინტერმა" ალვარო პერეირა გაუშვა. ურუგვაელი ვერაფრით დამკვიდრდა მილანელთა ძირითადში და თითქოს ევროპის მასშტაბითაც ჰყავდა მსურველები, მაგრამ საბოლოოდ იგი ბრაზილიაში გადაბარგდა და წელიწადნახევრიანი არენდით "სან პაულუში" ითამაშებს. ამ კლუბს შეეძლება, პერეირა გამოისყიდოს, თუ მასში 7 მილიონ ევროს გადაიხდის.

"ეს ტრანსფერი ძალიან მახარებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და წარმატებულ გუნდში ვითამაშებ. მსურს, სხვა ურუგვაელებს მივბაძო, რომლებსაც წარსულში დიდი წარმატებით აქვთ "სან პაულუში" ნათამაშები. აქ გაჩერებას დიდხანს ვაპირებ და მინდა ფანები კარგი თამაშით გავახარო"
- თქვა პერეირამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული