გენუის "სამპდორიას" სამი ტენორი

AutoSharing Option
"სამპდორიამ" კიდევ ერთი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და, რაც მთავარია, ბრწყინვალე შედეგიც აქვს. სეზონის წინ ნაკლებად წარმოსადგენი იყო, თუ "სამპა" ასე წარმატებით იასპარეზებდა და ლიდერთა მარაქაში გაერეოდა.

"ვერონასთან" შეხვედრაში თითო გოლი გაიტანეს ედერმა, სტეფანო ოკაკამ და მანოლო გაბიადინიმ. როგორც "გაძეტა დელო სპორტში" დაიწერა, "სამპდორიას" სამმა ტენორმა მორიგი გამარჯვება გამოჭედა. მიხაილოვიჩმა ისევ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია, შეტევაში ხსენებული ტრიო გაამწესა და სამივემ თითო გოლი შეაგდო.

ედერმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ოკაკამ თავური დარტყმით გამოიჩინა
თავი, გაბიადინიმ კი ეფექტური კომბინაცია დააბოლოვა.

იტალიურ სპორტულ პრესაში თამამად წერენ, რომ "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდია, თუმცა მიხაილოვიჩი ფრთხილ კომენტარს აკეთებს:

"კარგი თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. მართალია, თამაშის დიდი ნაწილი რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს არ აკნინებს ჩემი შეგირდების წარმატებას. ჩემპიონთა ლიგის საგზური? - ამაზე ლაპარაკი ადრეა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი. ვნახოთ, რომელ ადგილზე ვიქნებით მარტში, აპრილში და აი, შემდეგ, შესაძლოა, ვილაპარაკოთ კიდეც ევროტურნირის საგზურსა და დიდ მიზნებზე".

გაბიადინი გენუაში რჩება?
ათიოდე დღის წინ იტალიურ სპორტულ პრესაში დაიწერა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მანოლო გაბიადინი "სამპდორიადან" "ნაპოლიში" გადავა. სერია A-ს გასულ ტურში მიხაილოვიჩმა გაბიადინი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და 4-3-3 სქემა 4-3-1-2-ით შეცვალა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი მანოლოს ნეაპოლში გადაბარგების შესახებ.

"კორიერე" იმასაც ამტკიცებდა, შესაძლოა, მიხაილოვიჩმა გაბიადინი აღარც ათამაშოს, რადგან ურჩევნია, გუნდი მის გარეშე თამაშს შეაჩვიოსო. რეალობა სხვაგვარი გამოდგა - გაბიადინიმ ითამაშა, გოლი გაიტანა და პრესაც კიდევ ერთხელ ალაპარაკდა "სამპდორიას" სამ ტენორზე. იტალიელი ჟურნალისტები თავად გაბიადინის გაესაუბრნენ:

"გენუაში თავს კარგად ვგრძნობ და სურვილი მაქვს, რომ მინიმუმ, ეს სეზონი "სამპდორიაში" ჩავამთავრო. ვადასტურებ, რომ "ნაპოლის" მესვეურებს ჩემი გადაბირება სურთ და არაა გამორიცხული, ტრანსფერი ამ ზამთარს შედგეს. თუმცა, ჯერ "სამპას" ფეხბურთელი ვარ და დიდია შანსი, არც არაფერი შეიცვალოს. დღეს მხოლოდ სერია A-ს თამაშებზე ვარ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ. მომდევნო ტურში "იუვენტუსს" ვეთამაშებით და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"