ტურინის "იუვენტუსი": ინფორმაცია განსჯისათვის

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "იუვენტუსმა" ბოლო 6 ტურში 4 მატჩი მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.

* სერია A-ს 23-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (football-italia.net): ბუფონი - კასანი, დაინელი, ტონელი - ლაზაარი, გუარინი, დე ფეუდისი, ვასკესი, სალაჰი - ნიანგი, ბაბაქარი.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 23-ე ტური მეტად უცნაური გამოდგა - ჩემპიონატის პირველმა და მეორე გუნდებმა - ბოლო, ბოლოსწინა ადგილებზე მყოფ მეტოქეებს ვერაფერი მოუხერხეს.

დიახ, "რომამ" "პარმასთან" დაკარგა ორი ქულა, კვირას, გვიან საღამოს კი იგივე "იუვენტუსმა" გაიმეორა და "ჩეზენას" დაუზავდა. ერთი მხრივ, "
რომამ" გაუშვა მშვენიერი შანსი, რომ ლიდერს მიახლოებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, "იუვენტუსს" შეეძლო, მდევართან სხვაობა გაეზარდა - საბოლოოდ, სტატუს-კვო შენარჩუნდა და ლიდერი მდევარს კვლავაც შვიდი ქულით უსწრებს.

"ჩეზენა"-"იუვენტუსის" მატჩი მეტად საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. თამაში 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა სწრაფი იერიში განახორციელეს და მილან ჯურიჩის ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნეს - 1:0.

ტაიმის შუაწელს, პოლ პოგბამ მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რასაც ალვარო მორატას თავური მოჰყვა და 1:1. სულ მალე, კლაუდიო მარკიზიომ ითამაშა დასწრებაზე, ბურთს მიმართულება შეუცვალა და ბადეში გაახვია - 1:2.

თითქოს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ფავორიტმა მატჩის სადავეები საბოლოოდ იგდო ხელთ, მაგრამ მასპინძლებს სხვა განზრახვა ჰქონდათ - მეორე ნახევარში დიდი ბრძოლა გაუმართეს მრისხანე მეტოქეს და 70-ე წუთზე გაქვითეს კიდეც ანგარიში. თავი ფრანკო ბრიენცამ გამოიჩინა, რომლის უზუსტეს დარტყმულს ჯანლუიჯი ბუფონმა ვერაფერი მოუხერხა - 2:2.

მატჩის კულმინაცია 82-ე წუთზე იყო, როდესაც "იუვენტუსმა" თერთმეტმეტრიანის უფლება მოიპოვა. ბურთთან არტურო ვიდალი მივიდა და საშინლად დაარტყა - ბურთი საკმაოდ ასცდა "ჩეზენას" კარის ჩარჩოს. დარჩენილი წუთები ტურინელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

დომენიკო დი კარლო ("ჩეზენას" მწვრთნელი): "ბოლო მატჩებში კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგებიც დამაკმაყოფილებელია. ერთადერთი გამონაკლისი "ემპოლისთან" მარცხი იყო, რომლისგანაც შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ. "იუვენტუსთან" ტოლ-სწორად თამაში ურთულესია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ამისთვის ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით. შეგვეძლო მოგვეგო კიდეც და ვფიქრობ, რომ ამას ვიმსახურებდით".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან, რომ სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა. გაგვიმართლა, რომ ვერც "რომამ" მოიგო და 7-ქულიანი სხვაობა შენარჩუნებულია.

"ჩეზენა" კარგ ფორმაშია და ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თამაშს არასათანადო განწყობით შევხვდით და ეს მიუტევებელი შეცდომაა. არაერთხელ ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მაქსიმალური მობილიზების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივიღებდით. ორთაბრძოლების დიდი ნაწილი დავთმეთ, მეტოქე უფრო მონდომებული ჩანდა და ფრესაც მიაღწია.

შეგვეძლო მოგება, მაგრამ ვერც თერთმეტმეტრიანი გამოვიყენეთ. მთლიანობაში, ეს იყო ცუდი მატჩი, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ".

ტევესის გარეშე
"ჩეზენა"-"იუვენტუსის" პაექრობა სხვა მხრივაც იყო მეტად საინტერესო. ტურინულმა გრანდმა კარლოს ტევესის გარეშე ითამაშა და, როგორც გამოჩნდა, მასიმილიანო ალეგრის გაუჭირდა არგენტინელის შეცვლა.

"იუვეს" შეტევებს კრეატივი და სისწრაფე აკლდა, რამაც ძალიან გაუადვილა საქმე "ჩეზენას" მცველებს. ტანმაღალი და ცოტა მოუქნელი ფერნანდო ლორენტე მასპინძლებმა იოლად გაანეიტრალეს და აი, მის მაგივრად ალვარო მორატასთან ტანდემში ტევესი რომ ყოფილიყო, ალეგრი მატჩის შემდეგ ალბათ სულ სხვა კომენტარს გააკეთებდა და შეგირდთა გარჯითაც მეტად კმაყოფილი იქნებოდა.

ამ ფონზე, ალბათ, სჯობდა, რომ სეზონის ბოლომდე სებასტიან ჯოვინკო "იუვენტუსში" დარჩენილიყო, მით უმეტეს, ტურინელებს ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. "ჩეზენასთან" პაექრობაში სება საჭირო იქნებოდა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ უმნიშვნელოვანესი პაექრობებია, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე...

მორატას პროგრესი
"ჩეზენასთან" შეხვედრაში ალვარო მორატა გამორჩეული იყო და სწორედ მას უნდა უმადლოდნენ ტურინელები, რომ თუნდაც ქულა აიღეს. ესპანელმა გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ყველაფერზე მეტყველებს. სხვა ეპიზოდებშიც აქტიური იყო და შუახაზსაც ეხმარებოდა. მის ფონზე, აშკარად დაიჩრდილა ლორენტე, რომელიც მიმდინარე სეზონში აშკარად ინერტულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორატამ წინა შეხვედრებშიც გამოიჩინა თავი და მთლიანობაში, თანამემამულეს აშკარად სჯობნის.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლოს ტევესის უპირველეს მეწყვილედ მორატა მოიაზრება და არა ლორენტე - ახალგაზრდა ესპანელი ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს და მწვრთნელიც მას სულ უფრო მეტად ენდობა.

ვიდალს პირლო შეცვლის?
ვიდალმა თერთმეტმეტრიანი საშინლად დაარტყა და "იუვენტუსმა" მოგების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი პენალტია, რომელიც ჩილელმა ნახევარმცველმა გააფუჭა. გემახსოვრებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერც "ოლიმპიაკოსს" გაუტანა, რითაც ბერძნებს მერვედფინალში გასვლის შანსი დაუტოვა, ტურინელებმა კი ბოლომდე ინერვიულეს.

მოკლედ, ვიდალი თერთმეტმეტრიანის დარტყმისას არასაიმედოა და როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში წერენ, "იუვენტუსში" შტატიანი პენალტისტი შეიცვლება. დიდი ალბათობით, ამიერიდან არტუროს ანდრეა პირლო ჩაანაცვლებს. ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს ვარაუდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული