მილანის "ინტერი" და პროექტი "ერიკ ტოჰირი": დაპირებები, რომლებიც არ სრულდება

AutoSharing Option
როდესაც 2013 წელს ერიკ ტოჰირმა მილანის "ინტერის" აქციების 71%, ანუ საკონტროლო პაკეტი შეიძინა, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პირველი წელი იქნებოდა რთული, მეორე უკეთესი, მესამე კარგი, ხოლო მეოთხე გასაოცარი.

ინდონეზიელმა ბიზნესმენმა დააკონკრეტა კიდეც, რომ მესამე წელს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებდა, მეოთხე სეზონში კი ამ ბრძოლაში ფავორიტიც კი იქნებოდა.

უკვე მესამე წელია, რაც ტოჰირი "ნერაძურის" მფლობელი და პრეზიდენტია, მაგრამ მისი დაპირებები ჯერჯერობით არ სრულდება...

ყველაზე ცუდი სეზონი
მასიმო მორატი "ინტერს" 1995 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა და მთელი
ამ წლების განმავლობაში, გუნდს ასე წარუმატებლად არ უთამაშია, როგორც ახლა.

ამ მხრივ, ყველაზე მძიმე 1998/99 წლების სეზონი იყო, როდესაც ცუდი შედეგების გამო მორატიმ რამდენიმე თვეში ოთხი მწვრთნელი გამოცვალა: ლუიჯი სიმონე, მირჩა ლუჩესკუ, ლუჩანო კასტელინი და როი ჰოჯსონი. ამ საშინელ და ქაოტურ სეზონშიც კი, როდესაც თვით მორატიმ დაკარგა თავზე კონტროლი და მწვრთნელების ცვლით მაურიციო ძამპარინის აჯობა, "ინტერს" 30 ტურის შემდეგ ორი ქულით მეტი ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს.

მოკლედ, წელი, რომელიც ტოჰირის დაპირებით, ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო, ყველაზე ცუდი გამოდის ბოლო 20 წლის განმავლობაში. გადაწყვეტილია, რომ "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ვერც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგებისთვის იბრძოლებს, როგორც ამას მისტერ ერიკი აცხადებდა.

რატომ არ სრულდება დაპირებები?
რატომ ვერ ასრულებს ტოჰირი დაპირებებს და რაშია პრობლემა? - როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები და საფეხბურთო ექსპერტები აცხადებენ, მთავარი პრობლემა არასწორი საკადრო პოლიტიკაა. კლუბის ცოცხალი ლეგენდა სანდრო მაცოლა საინტერესო და საგულისხმო კომენტარს აკეთებს:

"კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება პრემიერლიგაში და როგორ ხარჯავენ უცხოელი ინვესტორები ინგლისურ კლუბებში კოლოსალურ თანხებს. მათ შეუძლიათ, რომ ერთ ზაფხულში 150-200 მილიონი ევრო დახარჯონ და თუ ვინმე არ გაამართლებს, შემდეგ იჯარით სხვა გუნდში გაუშვან და ამაზე არც ინერვიულონ.

როდესაც "ინტერში" უცხოელი ინვესტორი მოვიდა, ვიფიქრე, რომ აქაც იგივე მოხდებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა; ერიკ ტოჰირისთვის "ინტერი" ბიზნესია და არა ვნება, გართობა - ამიტომ მისგან კოლოსალურ დანახარჯებს არ უნდა ველოდოთ.

ასეთ დროს სწორი მენეჯმენტი და კარგი პროექტია საჭირო - მაგალითად, ის, რასაც მადრიდის "ატლეტიკოს" მაგალითზე ვხედავთ. ჯერჯერობით, "ინტერში" მსგავსი არაფერი ხდება - ანუ არც ის და არც ეს".

ამ თემას "ინტერის" კიდევ ერთი ლეგენდა ჯუზეპე ბერგომი განაგრძობს: "ერიკ ტოჰირის მომავალს "ინტერში" სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვერ ვხედავ პროექტს, რომელიც გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

არაერთხელ მოვისმინეთ, რომ კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს და რომ მომავლის გუნდი უნდა შეიქმნას, რომელიც წლების განმავლობაში დიდ სიმაღლეებს დაიპყრობს.

ამის ფონზე, პრიორიტეტულ სამიზნეებად იაია ტურეს და პეტრ ჩეხს ასახელებენ, რომელთაგან პირველი 31 წლისაა, ხოლო მეორე 32-ის. საინტერესოა, რომელ ახალგაზრდულ გუნდზეა ლაპარაკი და სად ჩანს მომავლის გუნდის კონცეფცია? - გასაკვირი არაა, რომ "ინტერის" ქომაგთა დიდი ნაწილი არსებული რეალობით უკმაყოფილოა".

მორატის "ინტერის" დაბრუნება სურს?
იტალიურ სპორტულ პრესაში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მასიმო მორატის "ინტერის" დაბრუნება სურს და კლუბის ასაღორძინებლად მას ახალი პროექტი აქვს.

მორატის სურვილია, რომ "ინტერი" სააქციო საზოგადოებად გადააკეთოს, კლუბის აქციები კი 20-30 ათას ადამიანს გადაუნაწილოს, რომლებიც მზად იქნებიან, ყოველწლიურად "ინტერის" ბიუჯეტი 1000 ევროთი შეავსონ.

ამრიგად, "ნერაძურის" მხოლოდ აქციონერებისგან, რომლებსაც მდიდარი გულშემატკივრებიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, ყოველ წელს 30 მილიონი ევრო ექნება.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, მორატის ამ მოდელის ამოქმედება სურს და უახლოეს მომავალში ერიკ ტოჰირს კლუბის დაბრუნებაზე ჩამოუგდებს სიტყვას.

Sportall.Ge

თავად მორატიმ აღნიშნული ცნობა უარყო, თუმცა იმდენად მოკლე და მშრალი კომენტარი გააკეთა, რომ ეჭვები არათუ გააქარწყლა, კიდევ უფრო გააღრმავა.

როგორც სანდრო მაცოლა ამბობს, ერიკ ტოჰირის წარუმატებელი მუშაობის ფონზე, მორატის დაბრუნებაზე საუბარი ლოგიკური და მართებულია:

"ტოჰირის მოსვლას გულშემატკივრები დიდი იმედებით შეხვდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, სასიკეთო არაფერი ხდება. ამიტომ არ მიკვირს, რომ აქტიურად საუბრობენ მასიმო მორატის შესაძლო დაბრუნებაზე.

არც ის გამკვირვებია, რომ "სქაი სპორტ იტალიამ" საგანგებო გამოკითხვა ჩაატარა ამ თემაზე და 80%-მა სენიორ მორატის დაბრუნებას დაუჭირა მხარი. ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ტოჰირისთვის, რომელიც სწრაფი ტემპებით კარგავს ნდობას და რეიტინგს".

რას უნდა ველოდოთ?
"ინტერის" კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტია და ბოლოს, სწორედ მას უნდა გადავცეთ სიტყვა.

Sportall.Ge

ძანეტის "გაძეტამ" რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა და მოკლე ინტერვიუც შედგა...

- ამბობენ, რომ მასიმო მორატის "ინტერის" დაბრუნება სურს. მართალია?
- მორატის სულ რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მსგავსი არაფერი უთქვამს. სენიორ მასიმო ისედაც ოჯახის წევრია, ის "ინტერის" სიმბოლოა და არც არსად წასულა. ისიც ვიცი, რომ მორატი ენდობა ტოჰირს და ფიქრობს, რომ ახალ პრეზიდენტს საქმე სწორად მიჰყავს.

- ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკას ბევრი აკრიტიკებს. რა საჭიროა პეტრ ჩეხი, როდესაც გუნდს სამირ ჰანდანოვიჩი ჰყავს?
- ჰანდანოვიჩს ბოლომდე ვენდობით და დიდი სურვილი გვაქვს, რომ კიდევ არაერთი წლის განმავლობაში იდგეს "ინტერის" კარში. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას ჩემპიონთა ლიგაში სურს თამაში, რისი საშუალებაც ჯერჯერობით ჩვენთან არ ეძლევა.

ტრანსფერებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი მატჩებია და ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს.

- რობერტო მანჩინის თქმით, "ინტერში" რევოლუციაა საჭირო და რა იგულისხმა ამ სიტყვებში?
- სჯობს, ამ კითხვით თვითონ მანჩინის მიმართოთ, რომელიც "პარმასთან" ქულების დაკარგვით იმედგაცრუებული იყო, როდესაც ეს სიტყვები თქვა. ძირეული ცვლილებები საჭიროა და თუ რობერტო ამას გულისხმობდა, ვეთანხმები. კერძოდ, ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა საქმისადმი მიდგომა უნდა შეცვალოს, ან ზაფხულში მათ სხვები ჩაანაცვლებენ.

- რა შეგიძლიათ უთხრათ "ინტერის" გულშემატკივრებს?
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნოს და დარწმუნებული ვარ, შრომა დაგვიფასდება. "ინტერს" შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, არაერთი კარგი ფეხბურთელი და გუნდზე უზომოდ შეყვარებული მენეჯმენტი; ერთად უნდა მივაღწიოთ დიდ წარმატებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული